საქართველოში მცხოვრებმა მეორე მსოფლიო ომის 165-მა ტყვედყოფილმა მონაწილემ ჰუმანიტარული დახმარება ქართულ-უკრაინული საზოგადოება „მეგობრობის“ დახმარებით უკვე აიღო. ამ კატეგორიის მოქალაქეების მოძიება და რეგისტრაცია ისევ გრძელდება.
„მეგობრობა“ გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „კონტაქტე-კონტაქტის“ პარტნიორია. ბერლინში დაფუძნებული ორგანიზაცია, ძირითადად, შემოწირულობებით ფინანსდება.
„კონტაქტე-კონტაქტმა“ უკრაინულ საზოგადოებასთან ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გააფორმა და 300-ევროიანი დახმარება უკვე გადასცა ომის 165 მონაწილეს.
საზოგადოება „მეგობრობის“ ვიცე-პრეზიდენტი ნუგზარ ანდღულაძე აღნიშნავს, რომ მათთან პიროვნებამ პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად უნდა წარადგინოს ის დოკუმენტი, რომელიც მის ტყვედ ყოფნას ადასტურებს, ამის შემდეგ საბუთები გერმანიაში იგზავნება. რისი გადამოწმების შემდეგაც ჩამოდის დახმარება.
„ბიუროკრატიული ბარიერი არ არსებობს, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, თანხა მალევე, პირდაპირ ჩვენი ორგანიზაციის სპეციალურ ანგარიშზე ირიცხება. უკვე თითქმის მოვიცავით დასავლეთ საქართველო და ამჯერად სამცხე-ჯავახეთსა და თიანეთში დაიწყება ტყვედყოფილების რეგისტრაცია,“ – აღნიშნავს ნუგზარ ანდღულაძე.
ხშირ შემთხვევაში ეს ორგანიზაცია ინფორმაციას ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტიდან იღებს.
ქართულ-უკრაინული საზოგადოებისა და „კონტაქტე-კონტაქტის“ კავშირები სამომავლოდ სხვა ფორმითაც გაგრძელდება.
მალე ეს გერმანული ორგანიზაცია საქართველოში სტუმრობასა და ყოფილ ტყვეებთან შეხვედრასაც გეგმავს.
გერმანელები ქართველი ტყვეების მოგონებებსაც მოისმენენ.