დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პრეზიდენტს ელჩების დასანიშნად ორკვირიანი ვადა დაუწესდება
2013/04/01 18:41:21

"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორიც საგარეო საქმეთა სამინისტროა, დღეს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს.

დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს პარლამენტის თანხმობით თანამდებობაზე პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობა ამ მიმართულებით პრეზიდენტს ვადებს არ უწესებს. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების თანახმად კი, პრეზიდენტმა დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თანამდებობაზე პარლამენტის თანხმობის მიღებიდან ორი კვირის ვადაში უნდა დანიშნოს. 

„გაჭიანურდა საქართველოს წარმომადგენლების დანიშვნა ელჩების პოსტებზე, რაც იწვევს გარკვეულ სირთულეებს. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა იმსჯელა და კომიტეტზე გამოვიტანეთ ეს კანონპროექტი. ჩვენი ინიციატივით პრეზიდენტს შეეზღუდება გადაწყვეტილების მიღების ვადები ორ კვირამდე. ვიმედოვნებ, რომ არამარტო კანონი შეიცვლება, არამედ პრეზიდენტიც შეცვლის თავის ჩვევებს. ელჩების სხვადასხვა ქვეყნებში არყოფნა პრობლემებს არამარტო ჩვენს ქვეყანას უქმნის, არამედ იმ ქვეყნებშიც იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას, როდესაც შენ არ აგზავნი ელჩს, ე.ი, შენ იმ ქვეყნის მიმართ იჩენ გარკვეულ ცუდ დამოკიდებულებას.“ -განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

„ორკვირიანი ვადა აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება და გამოუშვას შესაბამისი ბრძანება, რადგან ელჩებს ესაჭიროებათ საკმაო პერიოდი იმისათვის, რომ ისინი ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჩავიდნენ და თავიანთ უშუალო უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგნენ. “ – ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ხელაია.

ამავე ცვლილებებით, დიპლომატიურ სამსახურში თანამდებობაზე პირის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის მაქსიმალური ვადა დგინდება. ინიცირებული პროექტის თანახმად, დროებითი მოვალეობის შემსრულებელი დიპლომატიურ თანამდებობაზე არა უმეტეს ექვსი თვის ვადით ინიშნება. ამასთან, ვაკანტურ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. კანონპროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა კანონის ამოქმედებამდე დანიშნულ დროებით მოვალეობის შემსრულებლებზეც გავრცელდება, ხოლო ვადის ათვლა თანამდებობაზე მათი დანიშვნის დღიდან განხორციელდება. 
გარდა ამისა, პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გაგრძელება მხოლოდ ერთ წლამდე ვადით იქნება შესაძლებელი, ნაცვლად სამი წლისა. ასევე, ცვლილებების გათვალისწინებით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, პირის იმავე დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იგივე თანამდებობაზე დანიშვნა ერთი წლის განმავლობაში დაუშვებელი იქნება. 
"დიპლომატიური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის ფარგლებში, კანონის გარდამავალ დებულებებს ახალი პუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, პირებზე, რომლებსაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა კანონის ამოქმედებამდე გაუგრძელდათ, მითითებული შეზღუდვა ვადის ამოწურვის შემდეგ გავრცელდება. 

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა აღნიშნულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაიჭირეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია