დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დემოკრატიული მოძრაობა:"საპრეზიდენტო არჩევნები პარტიების ასპარეზობაა!"
2013/06/04 19:50:34

"დემოკრატიული მოძრაობა" პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც psnews.ge უცვლელად გთავაზობთ:

"30 მაისს პარლამენტში გაიმართა ინტერფრაქციული ჯგუფის მორიგი სხდომა. დღის წესრიგში, განსახილველად, გარდა სხვა საკითხებისა, იყო "დემოკრატიული მოძრაობის" ინიციატივაც (რასაც ყველა არასაპარლამენტო პარტია ეთანხმება). ინიციატივა ეხება "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პოლიტიკურ სუბიექტს, დაწესებული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, უნდა მიენიჭოს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ისევე, როგორც ეს ხდება საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნების შედეგების საფუძველზე. 
აღნიშნული ცვლილება აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული პირობები ყველა პარტიისთვის. ფაქტია, რომ აქამდე სააკაშვილის რეჟიმმა წაართვა ხალხს არჩევანის უფლება ისევე, როგორც პარტიებს წაართვა უფლება იქნენ არჩეულები. ყველასათვის ცნობილია, რომ ამან განსაკუთრებით აზარალა ჩვენი პარტია, "დემოკრატიული მოძრაობა".
1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკაში დადგა ახალი რეალობა, დამარცხდა რეჟიმი. შესაბამისად, პოლიტიკური დემოკრატიული პროცესებიც იწყება ახალი ფურცლიდან. ამ პირობებში, აუცილებელია, ყველა პოლიტიკური ძალა იყოს სამართლიან პირობებში. არ შეიძლება ნაცმოძრაობის რეჟიმის ეგიდით ჩატარებული არჩევნების მიხედვით განვსაზღვროთ, აქვს თუ არა ამა თუ იმ პარტიას ხალხის მხარდაჭერა და იმსახურებს თუ არა ის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს. იმისათვის, რომ პოლიტიკური სამართლიანობა იყოს მიღწეული, აუცილებელია, უახლოეს არჩევნებში ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვის უჭერს მხარს და რომელ პოლიტიკურ ძალას თვლის კვალიფიციურად. 
თუმცა, როგორც ჩანს, რეჟიმის დამარცხება არ ნიშნავს ხალხის და სამართლიანობის გამარჯვებას.
გაკვირვებას იწვევს, რომ მმართველი კოალიცია კატეგორიულად შეეწინააღმდეგა აღნიშნულ ცვლილებას. საკითხის განხილვისას კოალიციის წევრებმა ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მყარი არგუმენტი ამ ცვლილებების წინააღმდეგ. ერთ-ერთ მიზეზად სახელდებოდა ის, რომ მსოფლიოში ასეთი პრეცედენტები არ არსებობს. მათ ან არ იცოდნენ, ან არ უნდოდათ, რომ ცოდნოდათ, რომ ასეთი პრეცედენტები სხვადასხვა ფორმით არის საფრანგეთში,რუსეთში,აშშ-ში და სხვ. თუ პრეცედენტებზე იქნება საუბარი, ჩვენ ვერ მოვიძიეთ ქვეყანა, სადაც პარტიის კვალიფიციურობა განისაზღვრება ადგილობრივი არჩევნების შედეგების მიხედვით. მიუხედავად ამისა, მიგვაჩნია, რომ ეს წესი უნდა შენარჩუნდეს პარტიული სისტემის სრულად ჩამოყალიბებამდე.
მეორე არგუმენტი გახლდათ ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის პერსონალური არჩევნები და არა პარტიული. სასაცილო არგუმენტია. პირველი - საპრეზიდენტო არჩევნები, პოლიტიკური მნიშვნელობით ბევრად მაღალი რანგის არჩევნებია, ვიდრე ადგილობრივი არჩევნები და ის სწორედაც რომ პარტიების ასპარეზობაა და მეორე - თუ სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება იწოდებოდეს კვალიფიციურად, ვინაიდან საქართველოში დღემდე გამართული ყველა არჩევნები იყო პერსონალური და ამას ადასტურებს ყველაზე ობიექტური კვლევები. უფრო მეტიც, თუ რეალურად შევხედავთ, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე პიროვნული არჩევნები, როცა ხმა მიიღო ერთმა კაცმა,ბიძინა ივანიშვილმა და არა კოალიციაში შემავალმა რომელიმე პარტიამ.
თუ რეალობა არ შეიცვალა და აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა მიღებული ეს ნიშნავს, რომ მმართველი კოალიცია არ აპირებს უარის თქმას პოლიტიკური სივრცის მოსუფთავების, პოლიტიკური კონკურენტების ჩამოშორების ნაცმოძრაობიდან მიღებულ მემკვიდრეობაზე.
მით უფრო, როცა მმართველი კოალიცია თანახმაა და დიდი ენთუზიაზმით ეთანხმება პარტიების უკვე არსებული დაფინანსების გაორმაგებას.
იმედი გვინდა ვიქონიოთ,რომ დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი მიიქცევს პრემიერ-მინისტრის ყურადღებას და ვინაიდან ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, მისი მხრიდან მიღებული იქნება ადექვატური ზომები ქვეყანაში რეალურად კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია