ქართველ ბებიებს ავი თვალისგან გათვალულის მიმართ შელოცვის განსაკუთრებული რიტუალი ჰქონდათ: შავტარიანი დანით, ნახშირით, წყლით სავსე ჯამით და ჯადოსნური სიტყვებით: „თვალში - ნაცარი, გულში - ლახვარი“. ალბათ, არასოდეს ყოფილა ეს შელოცვა ძალაში ისე, როგორც ახლა, ოქტომბრის საოცნებო არჩევნების შემდეგ.
პრემიერ-მინისტრის განცხა-დებიდან:„მოსახლეობა უნდა შეეგუოს, და გაგებით მოეკიდოს კრიმინალებთან ერთად ცხოვრებას“. ბატონო ბიძინა, ჩვენ შევეგუეთ ტერიტორიების დაკარგვას, საკუთარი ქვეყნის ძარცვას, ჩინელების, არაბების, თურქების, სომხების (სომხები ჩვენი ძმებია) მასობრივ ჩამოსახლებას, ენისა და რელიგიის წაშლას, შიმშილს, მოტყუებას, გაცრუებას, გაცურებას და საკუთარ კრიმინალებთან ცხოვრებას რა უნდა, ისედაც კრიმინალების სამყაროში ვცხოვრობთ. ახალი ხელისუფლების პოლიტიკა ცოტა განსხვავებულია: „გარეთ მყოფი ყველა დასაჭერია, შიგნით მყოფი ყველა გამოსაშვებია“. ჩანაცვლების თეორია ციხეებშიც თუ არსებობდა, ნამდვილად არ ვიცოდი. დავიჭიროთ და გამოვუშვათ, გამოვუშვათ და დავიჭიროთ, სხვა რა გვაქვს საკეთებელი?! შობა-ახალი წელი კარზეა მომდგარი და დამშეული ქართველებისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი „მონატრებული“ კრიმინალების დანახვა და „მოძულებული“ კრიმინალების ციხეში „ჩაყუდება“ იქნება. პირველი ქართული ოცნება ასრულდა! „ტარიფები არ განახევრდება“. ტარიფების განახევრებაზე ოცნება ცოტა ძნელი შესასრულებელი გამოდგა ხელისუფლებაში მოსული მთავრობისთვის (მოსვლამდე, იცოცხლე, ოცნების ფრთები გამოგვასხეს). თურმე პრემიერი შეცდომაში შეიყვანეს, როცა ტარიფების განახევრების შესაძლებლობის გარანტიები დაუდეს წინ. ღმერთო ძლიერო, როგორ შეიძლება, მილიონერმა არ იცოდეს, რა არის ტარიფები, როგორ ხდება მისი განახევრება, ან პროცენტული შემცირება. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ პრემიერი კი არა, საარჩევნო ბიულეტენების მოფრიალე გულუბრყვილო ამომრჩევლები შეიყვანეს შეცდომაში. ისე, ამ ოცდახუთი წლის მანძილზე ქართველებს რა ავადმყოფობა გვაქვს შეყრილი, რომ აღარც ჩვენი თავის ფასი ვიცით და აღარც ჩვენი ქვეყნის. ურიგო არ იქნება გავიხსენოთ, რომ როცა ქართლ-კახეთს ძალიან გაუჭირდა და სახელმწიფო ხაზინა დაცარიელდა, ერეკლე მეორემ სამეფო ხაზინა, საგვარეულო ხაზინა გახსნა და ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად გამოიყენა. ახლა არ თქვათ, სად ერეკლე და სად - ჩვენი პრემიერიო. რატომაც არა, ხაზინა ორივეს ჰქონდა და აქვს, მხოლოდ გამოყენებას უნდა ქართული გული.
ინგლისის რკინის ლედად წოდე-ბული მარგარეტ ტეტჩერი აცხადებს: „ვისაც უნდა, რომ ღარიბი კიდევ უფრო გაღარიბდეს და მდიდარი კიდევ უფრო გამდიდრდეს, მას ქვეყნის დაღუპვა უნდა“. არ მინდა, ოცნებები გაგიცუდოთ, მაგრამ თუ გაღატაკებული ქართველი გლეხი ახლავე არ მიიღებს დახმარებას ტრაქტორების, მინერალების, სათესლე მასალისა და სხვათა სახით, ისევ მსოფლიოს ბაზრის ნარჩენებით მოგვიწევს ცხოვრება და რუსებს კი არა, ჩვენ გაგვიხდება სანატრელი ჩვენივე ხილი, ბოსტნეული, ღვინო და არაყი. ოცნება - „ქართული სოფელი“, ბუშტივით სკდება.
„ჩემთვის ფაშისტები და კომუნისტები არ არსებობენ, არსებობენ ადამიანები!“- ეს სიტყვები პაპ იოანე ოცდამესამეს ეკუთვნის. ახლა ეს სიტ-ყვები რა საჭიროაო, შემედავებით. საჭიროა და მერე როგორ: სათავეში მოსული ახალი ხელისუფლება, თავის ძალას ადამიანების სასიკეთოდ უნდა იყენებდეს. იგი არ უნდა განარჩევდეს ნაციონალებს, კონსერვატორებს, ლეიბორისტებს, ქრისტიან-დემოკრატებს, კომუნისტებს (სადღა არიან?!), მწვანეებს, ყვითლებს და ცისფერებს. ხელისუფლება ყველას ინტერესს უნდა იცავდეს, რომ შეძლოს ერის გამთლიანება და არა დაშლა-დანაწევრება და დაპირისპირება. ყოველ 4 წელიწადში დატერორებული ერი წინ ვერ წავა და ისტორიას ვერ შექმნის. დასვით გლეხი თავის ადგილზე, მუშა - თავის ადგილზე, აკადემიკოსი - თავის ადგილზე და ყველას ერთად საქვეყნო საქმე აკეთებინეთ. ეს არის ქართული ოცნების ასრულების ერთადერთი გზა.
მეოცე საუკუნის უდიდესმა პოლიტიკოსმა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანგრევა შეძლო (მარტო რას შეძლებდა?!) და რომელმაც კარგად შეარყია მეოცე საუკუნის პოლიტიკური წონასწორობა, რონალდ რეიგანმა განაცხადა: „მთავრობა პრობლემებს ვერ მოაგვარებს, რადგან პრობლემა თვითონ არისო“. იქნებ დავეთანხმოთ ამ კაცს. პრობლემა ხალხი კი არა, ყოველთვის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებაა. სხვა ქვეყნებში არ ვიცი და საქართველო, ოცდახუთი წელიწადია, თვალში ნაცრით და გულში ლახვრით დადის.
ცისანა იობიძე