პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ტყიბულში ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით აუცილებელია გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის გოგა ხაჩიძის, გარემოს დაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის აკაკი ბობოხიძისა და ტყიბულის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის პავლე კუბლაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.
„წერილი გუშინ მომივიდა, სადაც მითითებულია იმ დარღვევის ფაქტების შესახებ, რომელიც შემოწმების შედეგადაა გამოვლენილი. შემოწმებით გამოვლინდა, რომ უნებართვოდ მოჭრილია 329 ძირი სხვადასხვა ჯიშისა და დიამეტრის ხეები, საერთო მოცულობით 257 კუბური მეტრი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან გია ცაგარეიშვილმა.
ცაგარეიშვილის ინფორმაციით, უკანონო ხე-ტყის ჭრას შპს „ვედიმიქსი“ ახორციელდება, რომელმაც 2009 წელს გარემოს დაცვის სამინისტროსთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხე-ტყის ჭრა უნდა განხორციელებულიყო სანიტარული ნორმების დაცვით, თუმცა „ვედიმიქსი“ ჯანმრთელ ხეებს ჩეხავდა.
(ბ.ი.)