დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვთა უფლებები ყველაზე ხშირად სოციალურად დაუცველ გარემოში ირღვევა
2013/06/10 13:56:08

დისკუსია გაზეთ „P.S.“-ის Press-კლუბში

„ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის“ - ბავშვთა უფლებების კონვენციის 27-ე მუხლი ამ ვალდებულებას კონვენციის ხელმომწერ ყველა სახელმწიფოს თანაბრად აკისრებს. საქართველო ერთ-ერთია კონვენციის ხელმომწერ იმ 193     ქვეყანას შორის, რომელმაც კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა აიღო.

 

გაეროს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო კონვენციას ჩვენი ქვეყანა 1994 წელს შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 20 წელია, საქართველოს  ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში საერთაშორისო დონის პასუხისმგებლობა აკისრია, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება.არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა შეფასებით, მოზარდთა უფლებების დარღვევის ფაქტების ზრდა პირდაპირპროპორციულად ასახავს ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობას, რადგან, ბავშვთა უფლებები ყველაზე ხშირად, სწორედ სოციალურად უთანასწორო გარემოში ირღვევა.

ბავშვთა უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებსა და მოზარდთა უფლებების დაცვაში სახელმწიფოს როლზე ხანგრძლივი დისკუსია გაიმართა გაზეთ „P.S.“-ის Press-კლუბში. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Press-კლუბს ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები და პედაგოგი მარინე შავგულიძე სტუმრობდნენ. მათთან სასაუბროდ კი მოწვეული იყვნენ ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის იურისტი გიორგი ლაბაძე.  

შეხვედრაზე, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოზარდები, გამოიკვეთა არაერთი პრობლემური საკითხი. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელები დაინტერესდნენ, ირღვევა თუ არა მათი უფლებები სკოლაში, მაშინ, როცა სასწავლო პროცესში მათთან ერთად ჩართული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები; ნიშნავს თუ არა უფლებების დარღვევას მშობლების მიერ შვილების იძულება ქუჩაში  თანხის შეგროვების მიზნით, იზღუდება თუ არა ბავშვის უფლებები  მშობლების განქორწინების შემდეგ, როცა სასამართლო წყვეტს, ვის მიაკუთვნოს ბავშვზე მეურვეობა და ა.შ.    

არასამთავრობო ორგანიზაციის „დედათა და ბავშვთა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელს, მანანა მანაგაძეს, ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად  მშობელთა მიგრაცია მიაჩნია, რის გამოც ბავშვები ვერ ახერხებენ იცხოვრონ ჰარმონიულ გარემოში.

„ბავშვთა უფლებების დაცვა პირდაპირ არის დამოკიდებული იმ სოციალურ პოლიტიკაზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. მიგრაცია არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. როცა ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა,  იცხოვროს საკუთარი დედის მზრუნველობის ქვეშ, პირდაპირ ნიშნავს მისი უფლებების დარღვევას,“ - ამბობს მანანა მანაგაძე.

„ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრის“ წარმომადგენლის, ნათია ნამიჭეიშვილის თქმით, სკოლებში ამ თვალსაზრისით, უმთავრესი პრობლემა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სათანადო გარემოს არარსებობა.

„გადაადგილება და ის, რომ მშობლები, ერიდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკუთარი შვილების ადაპტაციას გარემოსთან - ეს ის საკითხებია, რომლებიც უმთავრეს პრობლემებს წარმოადგენს ასეთი მოზარდისათვის. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ბავშვებს         ჰქონდეთ სათანადო გარემო, რათა მიიღონ სრულყოფილი განათლება. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ბავშვებმა არათუ იცოდნენ საკუთარი უფლებები, არამედ დაიცვან კიდეც და ამ ცოდნას მათ  სკოლა უნდა აძლევდეს,“ - ამბობს ნათია ნამიჭეიშვილი.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული არაერთი პრობლემა მოხვდა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში. სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენლის, გიორგი ლაბაძის თქმით, უმთავრესი პრობლემა, რის გამოც ყველაზე ხშირად ირღვევა ბავშვთა უფლებები საქართველოში, არის მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში.

„გაეროს კვლევის მიხედვით, გასულ წელს, სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა 77 ათასი ბავშვი და დღიურად ერთ ბავშვს მხოლოდ ორი ლარი ხმარდებოდა, რაც კატასტროფაა. რაც შეეხება ბავშვების ქუჩაში იძულებით შრომას, ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ტრეფიკინგი, რაც კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა. სახელმწიფო ვალდებულია, განახორციელოს მეტი ღონისძიებები, რათა ბავშვების სოციალური უფლება იყოს დაცული. ასევე ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სახალხო დამცველის ანგარიშში, ეს არის მშობელთა განქორწინების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რაც, ხშირ შემთხვევაში, არღვევს ბავშვთა უფლებებს.  მაგალითად, როცა ერთ მშობელთან იზრდება ბავშვი და სასამართლო მეორეს მიანიჭებს  მეურვეობის უფლებას - ეს პროცესი სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს ისე, რომ განქორწინების შედეგები ნაკლებად მტკივნეული იყოს ბავშვისთვის,“ - განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, სახელმწიფოს მექანიზმი უმთავრესია ამ კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. კერძოდ, უპირველესი, რაც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ეს არის მოზარდთა ინფორმირების დონის ამაღლება მათი უფლებების შესახებ. მთავარი ქვაკუთხედი კი მაინც სკოლაა, რომელმაც საბაზისო ცოდნა უნდა მისცეს მოსწავლეს საზოგადოებაში მისი ადგილის დამკვიდრების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში სამოქალაქო სექტორის აქტიურობის მნიშვნელობას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია