დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საია – „წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო და უსამართლო“
2013/02/11 16:16:41

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს 2012 წლის 1 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

არჩევნების დღეს უბანზე მივლინებული დამკვირვებლებისა და მობილური ჯგუფების მეშვეობით საია დაკვირვებას თბილისსა და რეგიონებში არსებულ 35 საარჩევნო ოლქში ახორციელებდა, 300-ზე მეტი დამკვირვებლით იყო წარმოდგენილი ყველა დონის  საარჩევნო კომისიაში.  

საია-ში მიიჩნევენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გამორჩეული იყო მაღალი პოლიტიკური კონკურენციით, დაძაბული ატმოსფეროთი და მრავალრიცხოვანი დარღვევებით. სამწუხაროდ, საზოგადოება მოკლებული იყო საარჩევნო პროგრამების განხილვაზე ორიენტირებულ კამპანიას და თემატურ პოლიტიკურ დებატებს. აღნიშნულის ნაცვლად, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უხვი კომპრომატებით დაპირისპირების, მრავალრიცხოვანი კანონდარღვევების, სიძულვილის ენის აქტიური გამოყენების, ძალადობრივი და აგრესიული შეჯახებების ფონზე. 

„განსაკუთრებით მწვავე დაპირისპირებით გამოირჩეოდა წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო პერიოდი, რა დროსაც სხვადასხვა სახის დარღვევებთან ერთად განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ოპოზიციის წარმომადგენელთა თუ სხვადასხვა აქტივისტების ხშირი დაკავებები. ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ რამოდენიმე ათეულ პირს, რაც ჩვენს მიერ შესწავლილ შემთხვევებში, მაღალი ალბათობით, პოლიტიკური მოტივაციით იყო განპირობებული.

ზოგადი შეფასების სახით შეიძლება ითქვას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო მკვეთრად უთანასწორო და უსამართლო.“– წერია საია-ს ოფიციალურ გვერდზე.

საია მოითხოვს, გამოძიებულ იქნას ის ფაქტები, სადაც აშკარად ჩანს ძალადობა.  

„დარღვევების მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ხაშურის #35 ოლქი, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმები და შეიარაღებული ნიღბიანი პირები 10-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შევიდნენ. მათ ძალადობითა და მუქარით აიძულეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების შედეგები ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ შეეცვალათ. მიგვაჩნია, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმების გამოყენება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობის, ჩართულობისა თუ ინფორმირებულობის გარეშე ვერ მოხდებოდა. ეს ფაქტები აუცილებლად საჭიროებს დაუყოვნებლივ, ეფექტურ და ობიექტურ გამოძიებას, რაც იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული ფაქტების ამსახველი უამრავი მტკიცებულება არსებობს, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.“– მიიჩნევენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იმით იყო განსაკუთრებული, რომ აღნიშნულ დღეს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა პირველად მოხდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1477
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია