დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვის მოუწევს საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება?
2013/02/11 13:00:58

საკონსტიტუციო ცვლილებები - მწვავე დებატებით

 

კოალიცია „ქართული ოცნების“ ინიცირებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა საკმაოდ მწვავე დებატები გამოიწვია საკანონმდებლო ორგანოში. ახალი ხელისუფლების შეშფოთებას, განსაკუთრებით, კონსტიტუციის ის ჩანაწერი იწვევს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს უფლება აქვს, მთავრობა გადააყენოს, პარლამენტი დაითხოვოს და პარლამენტის თანხმობის მიუღებლად დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და კაბინეტის წევრები.  

 

„სააკაშვილი თუ საქართველო, დიქტატურა თუ ხალხის მმართველობა“

„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ საჯარო დებატებში პრესკონფერენციით გამოიწვია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და სააკაშვილის პარტიის დეპუტატებს პირადი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდეს.

„წლების განმავლობაში სააკაშვილის ზურგს უკან მიმალულ ადამიანებს, რომლებიც პერსონალურად არასოდეს არაფერზე აგებდნენ პასუხს, მოუწევთ საკუთარი აზრის მკაფიოდ დაფიქსირება კონკრეტულ საკითხზე - უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს ხალხის და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის უფლება. ამ საკითხზე არჩევანის გაკეთებისას ვერავინ ვერავის ზურგს ვერ ამოეფარება და ვერც დემაგოგიური ხრიკებით შეძლებს სხვა თემებით მის გადაფარვას. პარლამენტის წევრებმა, რომლებიც თავს იწონებენ ხალხის რჩეულის სტატუსით, თვალი უნდა გაუსწორონ საზოგადოებას, საკუთარ შვილებს (და არა ჩვენ ან ბიძინა ივანიშვილს) და განაცხადონ - „კი“ თუ „არა“, - ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა მიმართვაში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების თქმით, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი 9 წლის განმავლობაში შეუმჩნეველი დარჩა დემოკრატიული სამყაროსთვის, რადგან  სააკაშვილი ახერხებდა ყველასთვის თვალში ნაცრის შეყრას. უფრო მეტიც, კონსტიტუციის ამ ჩანაწერის შესახებ არსებობს ვენეციის კომისიის 2004 წლის უარყოფითი დასკვნაც, სადაც ნათქვამია:

„ამგვარ (პარლამენტის თანხმობის გარეშე) დანიშნულს არ ექნება ლეგიტიმურობა. როდესაც პარლამენტი სამჯერ უარყოფს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ მთავრობას, პრეზიდენტს არ უნდა შეეძლოს ისეთი პრემიერის დანიშვნა, რომელიც პარლამენტს არ აურჩევია. მას უნდა შეეძლოს პარლამენტის დათხოვნა და მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის მოვალეობების შესრულების დაკისრება არჩევნების დასრულებამდე“ (ვენეციის კომისიის დასკვნა ?281/2004. მარტი, 2004).

უმრავლესობის ლიდერების განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული წევრი თავისუფალია საკუთარ არჩევანში. მათ შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებებს, უარი თქვან წარსულის სიმახინჯეზე და პოლიტიკური მომავლისაკენ სწორი ნაბიჯი გადადგან ან უარი თქვან ცვლილებების მხარდაჭერაზე და ამით განაცხადონ თავიანთი ჭეშმარიტი პოლიტიკური ზრახვების  შესახებ.

 

„ეს სერიოზული ბერკეტია  სამოქალაქო დაპირისპირებისათვის...“

საპარლამენტო უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს მოუწოდებს, არ ამოეფარონ მიხეილ სააკაშვილს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღონ  საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში     „ქართული ოცნება“ მათთან ვერ დაჯდება სასაუბროდ ვერც  ერთ საკითხზე. შეიძლება ითქვას, რომ ამით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამყოფი ხაზი გაავლო ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებისათვის.

დავით საგანელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი: „ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ყველა იმ პარლამენტართან, რომელიც თავის ქვეყანაზე ფიქრობს... ის ადამიანები, რომლებსაც თავიანთი შეხედულება და აზრი არ გააჩნიათ და მხოლოდ გაზეპირებული ფრაზებით (რომლის ტექსტსაც მიხეილ სააკაშვილი აძლევს მათ) გვესაუბრებიან, რაზე უნდა ვილაპარაკოთ მათთან და რაზე უნდა ვისაუბროთ და ვიკამათოთ. ეს ის თემაა, სადაც მათ უნდა პირდაპირ გამიჯნონ ორი რამ - ან დიქტატორი მიხეილ სააკაშვილი, ან ხალხის ნება და ქვეყნის მომავალი.“

 „ჩვენ გვინდა მოვისმინოთ  კოლეგებისაგან ერთი არგუმენტი მაინც, რომელიც დაადასტურებს მათი გადაწყვეტილების სისწორეს, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი, მთავრობა და ხალხის, პარლამენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცოს ჯიბის მთავრობა... მე ვფიქრობ, პარლამენტის წევრები აცნობიერებენ რომ მიშა წასულია,  უბრალოდ, მიშა ცდილობს  ახლა  თავისი  პროაქტიური  მოქმედებებით შეიტანოს მხოლოდ დესტრუქცივიზმი და მეტი არაფერი,“ - აცხადებს  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს კონსტიტუციური უფლება სააკაშვილის ხელში  სერიოზული ბერკეტია სამოქალაქო დაპირისპირებისათვის.  

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი ამბობს, რომ უმცირესობამ ძალიან ცალსახად უნდა დააფიქსიროს თავისი ნება კონსტიტუციურ ცვლილებასთან დაკავშირებით და  ამ შემთხვევაში  რაღაც პარტიული ერთობის უკან ამოფარება ნიშნავს იმას, რომ ეს ხალხი ერთ ადამიანს - მიხეილ სააკაშვილს მიჰყვება პოლიტიკურ სამარეში.

ვიცე-სპიკერი დარწმუნებულია, რომ  სააკაშვილი ვერ გაბედავს ხალხის ნების იგნორირებას  და მთავრობას არ დაითხოვს, თუმცა მიაჩნია, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც  პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია გარეკოს მთავრობა და შემდეგ პარლამენტს თავს მოახვიოს ისეთი პრემიერი, რომელიც არის საკანონმდებლო ორგანოსათვის მიუღებელი, არასწორია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, ოპოზიციის ლიდერი პრეზიდენტი  დღეს არსებული უფლებებით არ უნდა იყოს აღჭურვილი. 

„აქ ჩვენ ვსაუბრობდით დიქტატურაზე... აქ სახელმწიფო გადატრიალების ელემენტებია თავისთავად. როდესაც სააკაშვილი გამობრძანდა, თქვა, რომ ის არის ოპოზიციაში და არის ოპოზიციის ლიდერი, მაშინ მას რატომ უნდა ჰქონდეს ეს ფუნქცია? ოპოზიციაში მყოფ პრეზიდენტს, რომელიც თვითონ აღიარებს, რომ არის ოპოზიციაში, რატომ უნდა ჰქონდეს ასეთი უფლებები. სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელია,“ - განაცხადა აბაშიძემ.

 

საკუთარი სკამების დაკარგვის შიში, თუ...

„ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის განცხადებას მაშინვე გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას მის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის სანაცვლოდ საკუთარ წინადადებებს უყენებს.

„აქ საუბარი არ არის იმაზე, რა იქნება საქართველოს მომავალი და ნებისმიერი მცდელობა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს ამ ცვლილების შენარჩუნება საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს, ელემენტარულად ტყუილია. ვინაიდან ეს ცვლილება ოქტომბერში აღარ იარსებებს, იმიტომ რომ ძალაში შედის სხვა საკონსტიტუციო მოდელი.

ახლა მე გეკითხებით, რა ხდება ოქტომბრამდე იმ ცვლილებით, რასაც თქვენ გვთავაზობთ. პრეზიდენტს რჩება თუ არა უფლება, რომ დაითხოვოს მთავრობა? რჩება! რჩება თუ არა უფლება, რომ დაშალოს პარლამენტი? რჩება! მაშინ რა იცვლება იმასთან შედარებით, რაც არის დღეს? იცვლება ერთადერთი რამ, რომ ამ მთავრობას აპრილში მიეცემა მშვიდად ძილის საშუალება და არ იღელვებს იმაზე, რომ დაკარგავს სკამებს და ხელისუფლებას. ეს არის რეალური ანატომია იმ ცვლილების უკან, რომელზეც ასეთი პათოსით მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების გამოსვლები, რომ თურმე ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის გადამწყვეტი,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გამართული დებატების დროს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაწყებულ მწვავე დებატებს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.

„ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში ისეთი, რომ ამას მოჰ-ყვა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით - დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების რაოდენობა მაძლევს საფუძველს, განვაცხადო, რომ დღევანდელი მონაცემებით, ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისგან. ამ ფონზე, მათი დღევანდელი განცხადებები, რომ მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებინებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, განახორციელოს სერიოზული რეპრესიები „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების წევრთა წინააღმდეგ,“ - განაცხადა მერაბიშვილმა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დეპუტატებზე ზეწოლასა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაშიც დაადანაშაულა.

„მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი - თუ უახლოეს დღეებში პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ანუ შეაგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა პარლამენტის საკმაოდ ბევრი წევრი,“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.

 

ამჟამინდელ კონსტიტუციაში ხელისუფლების შტოებს შორის დაბალანსებულობის პრინციპი ცუდად არის დაცული

საკონსტიტუციო ცვლილებებზე კომენტარი გააკეთა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

„ჩვენთვის არ მოუმართავთ ამ ორი პროექტის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავების თხოვნით... მეორე ცვლილებაც, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ეხება, პოლიტიკური ხასიათისაა და, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნაწილი კონსტიტუციის იმ სიღრმისეული გადახედვისა, რომელიც მომავალში იგეგმება.

საქართველოს ამჟამინდელ კონსტიტუციაში ხელისუფლების შტოებს შორის დაბალანსებულობის პრინციპი ცუდად არის დაცული.  ჩვენ ეს  2004  წელსაც გავაკრიტიკეთ. ახლა პარლამენტს სურს, რომ ეს ორი ცვლილება სწრაფად იყოს განხილული. მესმის, რომ მათ უნდათ სტაბილურობის გამყარება. მე არ მაქვს არაფერი საწინააღმდეგო ამ შემოთავაზების, ვინაიდან უკვე ვთქვი, რომ ამ საკითხზე 2004 წელსაც ვაკრიტიკებდით, მაგრამ პროცედურით კმაყოფილი არ ვარ, რადგან კონსტიტუცია არის ისეთი დოკუმენტი, რომლის შეცვლა არა სწრაფი, არამედ გრძელვადიანი მუშაობის შედეგი უნდა იყოს,“ - განაცხადა ბუკიკიომ. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ არ სჯერა,  პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში მთავრობის დათხოვნას გეგმავდეს.

„ბევრი რეფორმაა დაგეგმილი, მაგრამ ვურჩიე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ეტაპობრივად განხორციელდეს... ისეთ მნიშვნელოვან რეფორმას, როგორიცაა კონსტიტუციის მასშტაბური შეცვლა, დრო სჭირდება. მე მაქვს ასეთი გამოთქმა, რომ კონსტიტუცია არ არის ის პერანგი, რომელსაც ყოველდღე იცვლით, მაგრამ უნდა გეყოთ იმის ვაჟკაცობაც, შეცვალოთ კონსტიტუცია, როცა ამის აუცილებლობა და საზოგადოების მოთხოვნაა. თუმცა კონსტიტუციამ უნდა გააერთიანოს საზოგადოება და არა გაყოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე საზოგადოებაში დიდი კონსესუსით უნდა იქნას მიღებული,“ - განაცხადა ბუკიკიომ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1340
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია