დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კლიმატი იცვლება, როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა?
2017/02/19 23:42:16

 

 

კლიმატის ცვლილება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის გლობალური დათბობის სახელით არის ცნობილი, არაპროგნოზირებადი სხვადასხვა სახის გამოვლენით გამოიხატება. ერთ-ერთი მთავარი გამოვლენა ტემპერატურის ანომალიური მატება ან კლებაა. რაც იწვევს სტიქიურ უბედურებებს, ღვარცოფებს, წყალდიდობებს. გლობალური დათბობის მთავარ მიზეზს ადამიანის საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში სათბური აირების ემისიების მატება და შესაბამისად მათი კონცენტრაციის ზრდა წარმოადგენს. კლიმატის ცვლილება საქართველოს კლიმატზეც აისახა და სხვადასხვა სახით უკვე გამოვლინდა. შესამჩნევია ტემპერატურის სწრაფი კლება ან მატება.


კლიმატური სისტემის დათბობა ცალსახაა და 1950-იანი წლების შემდეგ ბევრი დაკვირვებული ცვლილებ უპრეცედენტო აღმოჩნდა თავისი მასშტაბით. სახეზეა ატმოსფეროსა და ოკეანის დათბობა, თოვლისა და ყინულის რაოდენობი შემცირებ, ზღვის დონი აწევა და სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა.


IPCC-ს (კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო საბჭო) მე-5 მოხსენების მიხედვით (AR5, 2014), დაწყებული 1850 წლიდან, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში თითოეული უფრო თბილი, ვიდრე ნებისმიერი წინა ათწლეული, ხოლო 1983-2012 30-წლიანი პერიოდი, სავარაუდოდ, ყველაზე თბილი იყო ბოლო 1400 წლის განმავლობაში.

 

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს ტერიტორიაზე კლიმატის მიმდინარე და სამომავლო ცვლილებების ძირითადი ტენდენციებს აქვეყნებს. რაც ასე გამოიყურება:

 

  • უკანასკნელ პერიოდში (1961-2015 წწ.) საქართველოში ჰაერის საშუალო წლიურმა ტემპერატურამ ცვლილება განიცადა მხოლოდ ზრდის მიმართლებით. ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ტემპერატურის მატებამ შეადგინა საშუალოდ 0.3-0.50C, თუმცა ცალკეულ რეგიონებში (კავკასიონის სამხრეთი ფეროდბების ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები, ჯავახეთის ზეგანი) მატება 0.0-0.20C ფარგლებში იყო.

 

  •  ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში. როგორც მაქსიმალური და მინიმალური ტემპერატურების ანალიზიდან ჩანს, დათბობა ძირითადად, ღამის ტემპერატურების აწევითაა განპირობებული. გამონაკლისია ლიხის ქედის მაღალმთიანი ნაწილი, სადაც საშუალო ტემპერტურის მატება უპირატესად მაქსიმუმების აწევის ხარჯზე მიმდინარეობს.

 

  • სპეციალისტები 2050 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ზრდა უფრო თანაბარი იქნება მთელ ტერიტორიაზე და მოქცეული იქნება 1.0-1.50C ფარგლებში. ყველაზე მნიშვნელოვანი მატება იმერეთის დაბლობ რეგიონებში ზამთარშია მოსალოდნელი, ხოლო მთაში - ზაფხულში (საჩხერეში 2.60C-ით).

 

  • გრძელვადიანი პროგნოზი 2071-2100 წწ. პერიოდს მოიცავს. ამ პერიოდში ტემპერატურის უდიდესი ნაზრდი ბათუმში მოსალოდნელი და 4.2 0C- აღწევს. მთელ ტერიტორიაზე დათბობა 3-4 გრადუს ფარგლებშია. ამ პერიოდშიც ტემპერატურა ყველაზე მეტად ზაფხულში იმატებს ქუთაისში -  4.20C-ით; საჩხერეში 4.60C-ით.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსის, ლიკა მეგრელიძის თქმით:

 „2050 წლისთვის და საუკუნის ბოლომდე ცხელი დღეებისა და ღამეების რაოდენობა პერმანენტულად იმატებს, ხოლო ცივი დღეებისა და ღამეების რაოდენობა მცირდება. ასევე, იზრდება სავეგეტაციო პერიოდისა და თბური ტალღების ხანგრძლივობა, ხოლო ცივი პერიოდებისა მცირდება.

 

 2050 წლისთვის, საპროგნოზო მონაცემებით, მოსალოდნელია ნალექთა ცვლილების კიდევ უფრო ჭრელი სურათი. კერძოდ, ქუთაისში პროგნოზირებული ნალექების წლიური ჯამი 4-5%-ით მეტი იქნება თანამედროვე პერიოდთან მიმართებაში.

 

მატება ყველა სეზონს ეხება, გაზაფხულის გარდა, როდესაც მოსალოდნელია ნალექების რაოდენობის დაახლოებით 20%-იანი კლება. მომავალში მშრალი და ნალექიანი პერიოდების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2050-იან წლებამდე უმეტესად იზრდება მთელს ტერიტორიაზე და მათთან დაკავშირებილი რისკების სიხშირეც ამ პერიოდში დაიკლებს.

 

რამდენიმე გამონაკლისის გარდა, აღსანიშნავია შიდა ქართლის ტერიტორია, სადაც მშრალი და ნალექიანი პერიოდების  ხანგრძლივობის კლება ერთდროულად მიმდინარეობს და წყლის დეფიციტის საშიშროებას შექმნის. საუკუნის ბოლოსათვის უნალექო პერიოდების გახანგრძლივებისა და ნალექიანი პერიოდების ხანგრძლივობის შემცირების ტენდენცია თითქმის მთელი საქართველოსათვის არის დამახასიათებელი და ყველა რისკი რაც მიმდინარე პერიოდში აღინიშნა უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს.“

 

აღნიშნული კლიმატური პარამეტრების ცვლილების შესწავლამ უკანასნელი პერიოდისათვის საქართველოს ტერიტორიაზე გამოავლინა დათბობის საკმაოდ გამოხატული სურათი, რაც მთელს ტერიტორიაზე უმეტესად განპირობებულია ზაფხულისა და შემოდგომის ტემპერატურების მატებით და მიმდინარეობს ჰაერის სინოტივის მატებისა და ქარის საშუალო სიჩქარის შემცირების ფონზე. ამავე დროს საინტერესოა, რომ რიგ სადგურებზე გამოიკვეთა ქარის მაქსიმალური სიჩქრეების მატების ტენდენცია.

 

ამ მონაცემების გათვალისწინებით, კლიმატის ცვლილება ერთნაირად იპყრობს ჯანდაცვის მუშაკების და გარემოს დაცვის სპეციალისტთა ყურადღებას, რადგან კლიმატის ცვლილება პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მედიკოსები ამ ფონზე მოსახლეობას მიდგომების შეცვლას ურჩევენ და იმ რჩევების გათვალისწინებას, რასაც ისინი იძლევიან. მათივე თქმით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ცვლილებებზე ადამიანის ორგანიზმი ადაპტაციის პერიოდის მანძილზე პასუხობს. ტემპერატურის სწრაფი კლება და მატება შესაბამისად აისახება ორგანიზმზე. სწორედ ამ დროს უნდა მოხდეს მიდგომედის შეცვლა, რათა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობა დაიცვას.

 

კარდიოლოგი ზაზა ლომინაძე ამბობს: „ამ ფონზე პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია, რათა ადამიანმა საკუთარი ჯანმრთელობა თავად დაიცვას. კლიმატის ცვლილება პირველ რიგში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს. თუმცა გახშირებულია სასუნთქი გზების დაავადებები. მნიშვნელოვანია ზაფხულის ცხელ დღეებში მოვერიდოთ მზეზე ყოფნას, განსაკუთრებით ზღვაზე დილის 11 საათის შემდეგ და საღამოს 5 საათამდე მაინც.

აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ჯანსაღ კვებას, რათა არასწორი კვებით დამატებითი საფრთხეები არ შევუქმნათ ჩვენს ჯანმრთელობას. ვარჯიში, სეირნობა სუფთა ჰაერზე, განსაკუთრებით ფიჭვნარში, ეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვადასხვა სახის დაავადებების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება.


ნახეთ ზაზა ლომინაძის ვიდეოკომენტარი


 

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების პრევენციისთვის ექსპერტები სახელმწიფოს მიდგომების შეცვლას ურჩევენ.


„კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ორი მიმართულება განიხილება - ადაპტაციის და მიტიგაციის. სახელმწიფოს წინაშე ძალიან სერიოზული ამოცანები დგას. მიტიგაციაში იგულისხმება ის, რომ დადებითი როლი ითამაშოს საქართველოს ტყეების განახლებაზე, რომელებსაც გაფრქვევების შთანთქვის ფუნქცია აქვთ. საქართველომ აიღო ვალედებულება ტყეების მდგრადი მართვის შესახებ. ეს რთული პროცესია, რადგან ენერგეტიკული კუთხით მას დიდი დატვირთვა აქვს ჩვენს ქვეყანაში.

 

იმისთვის, რომ ამ მიმართულებით ტყეების გამოყენება შემცირდეს, კომპლექსური გეგმა უნდა შემუშავდეს, სადაც გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროც აიღებს გარკვეულ ვალდებულებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტყეებს ძალიან კარგი ფუნქცია აქვთ. ეს ბუნებრივ განახლებას ეხება. ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს მეორადი ტყეები. ტყეების გაჩეხვის შემდეგ ნარჩენების დიდი ნაწილი იქვე რჩება და ლპობას იწვევს. ესეც კლიმატის ცვლილებაზე მოქმედებს, როგორც შეშის წვის შედეგად მიღებული კვამლი, რომელიც ჰაერში გაიფრქვევა.

 

რაც შეეხება ადაპტაციას, ფაქტია, რომ უნდა შევეგუოთ ახალ საცხოვრებელ გარემოს. კლიმატის ცვლილების შედეგებს განსაკუთრებით მწვავედ ეკონომიკურად და სოციალურად არა ძლიერი სახელმწიფოები ხვდებიან. მათ შორის მოწყვლადად ითვლება საქართველოც. ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებული პრობლემები. რასაც აუცილებლად სჭირდება კომპლექსური მიდგომა და მუშაობა.

 

კიდევ უფრო გაიზრდება ბუნებრივი კატასტროფები -წყალდიდოებები, ღვარცოფები. ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მართვის სიტემის გაუმჯობესება. სუსტი კანონმდებლობა და სუსტი ინსტიტუციონალური მოწყობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ პრობლემების მოგვარებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადიდგას. წლებია, ჩვენ ვებრძვით შედეგს და არაფერს ვაკეთებთ პრევენციისთვის!

 

ცალკე საკითხია გაუდაბნოების თემა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში დგას. თუმცა აქ საქმე გაცილებით უკეთ არის, რადგან სოფლის მეურნეობის გარკვეული პროგრამები წარმატებით განხორციელდა და მუშაობს. საერთო სურათს რომ გადავხედოთ მნიშვნელოვანია კლიმატგონივრული ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება, რომლეშიც ყველა ფაქტორი იქნება გათვალისწინებული.“ - აცხადებს CENN-ის გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი.


სპეციალისტები სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას, რომელიც ტყეების გაშენებას ეხება, ძვირადღირებულ პროექტს უწოდებენ. მეტიც, შესაძლოა, ახალი ტყეების გაშენებამ შედეგი ვერ დადოს, თუ პარალელურად ძველი ტყეების გაჩეხვა მოხდება. ამ დარგის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უპრიანი იქნება, სხვა ალტერნეტიული ენერგეტიკული მასალით მოხდეს ტყის ნედლეულის ჩანაცვლება. ეს კი ისევ კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.


პარალელურად კი საუბარია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით ღონისძიებების ჩატარებაზე, სადაც კონკრეტული ქმედებების დადებით და უარყოფით შედეგებზე იქნება აქცენტი დასმული. ფაქტია, რომ საქართველოში,ფაქტობრივად, არ მუშაობს მეცნიერების ის დარგი, რომელიც ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხებს ერთობლიობაში განიხილავს. მეტიც, გარემოსდაცვითი ჯანმრთელობა სახელმწიფოსთვის ნაკლებ პრიორიტეტულია.

 

 

 მარიკა ვაჭარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 21123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია