დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გულისკაცების გმირული ისტორია შინდისში
ავტორი: ნინო მშვიდობაძე
2014/08/13 13:51:05

შინდისი, 2008 წელი, აგვისტო – საქართველოს მოურჩენელი იარა, ტკივილი, სიამაყე და სევდა... შინდისი თავისი 17 გმირით და დამარცხება, რომელიც გამარჯვებაზე მეტია...

ალექსანდრე, რომანი, ვეფხია, მიხეილი, ირაკლი, ილია, მარლენი, ემზარი, რუსლანი, შმაგი, ფელიქსი, ნიკოლოზი, ლევანი, ილია, თეიმურაზი, ზვიადი, კახა – ისინი შინდისის გმირები არიან... მათგან ორი, ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე ლანჩხუთიდან იყვნენ...

ამ ბრძოლაზე ბევრი დაწერილა. მხოლოდ ერთს დავძენთ, ქართველთაგან იყო 17...  და 17 100–ს დაახლოებით ერთი საათის მანძილზე შეუდრეკლად და ვაჟკაცურად ებრძოდა...

რუსი ჯარისკაცი, საშა დროზდოვი, რომელიც შინდისის ბრძოლის მონაწილეა, ერთ–ერთ ინტერვიუში ამ ბრძოლის ამბავს იხსენებს: ცხინვალში ვიყავით, როცა შეგვატყობინეს, ერთ-ერთ სოფელში, ჩვენ ბატალიონს დამატებითი რაზმი ესააჭიროებაო. მივიღეთ ბრძანება და ნახევარ საათში მივედით 70 კაციანი ჯგუფი. ქართველები ჩვენებს თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მათმა მეთაურმა უთხრა ჩვენს მეთაურს, არ ვიცი, ესენი ადამიანები არიან თუ ქაჯები, უკვე ერთი საათია, ასეთ დღეში ვართო. ჩავებით ბრძოლაში, ყველაფერი დამთავრდა და როგორც გავიგეთ, 17 კაცი გვებრძოდა. ვინც ტყვიებს გადაურჩა, თავისი ხელით მოისწრაფეს სიცოცხლე. ჩემმა მეთაურმა ჩაილაპარაკა, ნეტავი ასეთი გმირები და ვაჟკაცები იქ მყოლოდაო... მივხვდი რომ ჩეჩნეთს გულისხმობდა. ბიჭების მამაცობით გაოგნებულმა მტერმა მათ აღარც იარაღი აჰყარა, არც ფეხსაცმელი გახადა და არც მობილურ ტელეფონებს ახლო ხელი. შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირისმიხეილ დვალიშვილის მშობლებმა კი, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსები იპოვეს. აი, რამდენიმე სტრიქონი მეომრის ნაწერებიდან:”ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები...

მას მერე ექვსი წელი გავიდა... ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ტრადიციად აქცია შინდისში გმირთა ხსოვნისათვის პატივის მიგება. ემზარ წილოსანისა და რუსლან წულაძის ოჯახის წევრებიც აქ არიან, რათა ბიჭების სიცოცხლის უკანასკნელი დღე კიდევ ერთხელ მთელი თავისი ტრაგიზმითა და პათეტიკით, მთელი თავისი ტკივილითა და დიდებულებით გაიაზრონ, გაითავისონ, აიტკივონ...

„შინდისის გმირის, რუსლან წულაძის დედა ვარ. შინდისი ჩემი ცხოვრების უმთავრესი ადგილი გახდა. ყველა ადამიანს თავისი სამშობლო აქვს, ჩემი სამშობლო კი შინდისია იმიტომ, რომ აქ ჩემი რუსლანის სისხლია დაქცეული. ისე მოვდივარ აქ ყველა თვე, როგორც მშობლიურ სახლში, როგორც საკუთარ შვილებთან. ჩემთვის შინდისის მიწა წმინდა მიწაა. ეს ბიჭები ღვთისგან რჩეული ბიჭები არიან. ასეთ ადამიანებს ღმერთი მილიარდში ერთს ბადებს. რუსლანი ჩემი მარადიული სიამაყეა. მთელი ჩემი სიცოცხლის აზრი ისაა, რომ ჩამოვედი რუსეთიდან საქართველოში, გავაჩინე სამი ვაჟი და ერთი მათგანი, რუსლან წულაძე, შინდისის გმირია. ეს ბიჭები ახლა ზეცაში არიან, უფალთან ახლოს, აქ კი, დედამიწაზე მათ მარადიული სახელი დაიმკვიდრეს. დედის სული ჩაუმქრალი ცეცხლით იწვის მათ გამო. ქედს ვიხრი თქვენი ხსოვნის წინაშე, ბიჭებო,“ – ეს სიტყვები ჩვენ რუსლან წულაძის დედამ, ქალბატონმა ლიდია ინშუნა–წულაძემ გვითხრა... რუსლანი 25 წლისა იყო...

ემზარ წილოსანი ომში რომ წავიდა, შინ მეუღლე, წლისა და სამი თვის შაკო და 20 დღის მარიამი დატოვა... მათ მამა არ ახსოვთ... სამაგიეროდ, იციან, რომ მათი მამა მარადიულად 29 წლის გმირია, საქართველოსთვის ზვარაკად შეწირული გმირი.

ამ ბრძოლას ცოცხალი გმირიც ჰყავს, შინდისელი ბადრი ხუციშვილის სახით, რომელსაც მთელი სოფელი ახმედას სახელით იცნობს: „იოლად გასახსენებლი ნამდვილად არაა. ყოველთვის, როცა ამ დღეს ვიხსენებ, ისევ ყველაფერი თავიდან იწყება და ტკივილი მიახლდება. ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა, შინდისში რომ დაბრუნდ. ცოტა ხნის შემდეგ სოფელში ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შემოვიდა, გორისკენ მიდიოდნენ. ვისაც შემეძლო, ხმა მივაწვდინე, რომ რუსები მოდიოდნენ. ამის შემდეგ ერთი საათიც არ გასულა, რომ სროლა ატყდა. ვინც კი ხალხი იყო, დაახლოებით ოცდახუთ კაცამდე,  სოფლელები, ჩემთან სარდაფში ჩავიყვანე"- ამბობს ახმეტა, – „სროლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. ცეცხლი რომ შეწყდა, სამ თანასოფლელთან ერთად სახლიდან გამოვედი, თუმცა "ბეტეერები" დაინახე და უკან გაბრუნდით. ისღა მოახერხე, რომ გზის პირას მწოლიარე დაჭრილი ჯარისკაცი შენობას მოაფარე. ღამით ისევ დაბრუნდით და დაჭრილების გაყვანა დაიწყე. ღამ–ღამობით გაგვყავდა ბიჭები აქედან. „ადიელაში“ ვახვევდით და ისე“, გვიყვება ახმედა.

შინდისში პარლამენტარები, ლანჩხუთელები, თემურ ჩხაიძე და ბიძინა გუჯაბიძეც იმყოფებოდნენ.

თემურ ჩხაიძე:

„ეს ბიჭები გმირები არიან. საქართველოს უყოყმანოდ შეწირეს სიცოცხლე და თავად კი უკვდავება არჩიეს. ახალი ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ბიჭების ოჯახებმა, საერთოდ, ყველა ვეტერანმა თავი ღირსეულად იგრძნოს ჩვენ ქვეყანაში“.

 

ბიძინა გუჯაბიძე:

„საქართველოს ისტორია მდიდარია გმირებით. აგვისტოს ომსაც თავისი გმირები ჰყავს. 2008 წლის აგვისტო უმძიმესი იყო საქართველოსთვის. შინდისში 17 ახალგაზრდა დაიღუპა გმირულად, რომელთაგან ორი ლანჩხუთელია. მაქვს იმედი, რომ ახალი ხელისუფლება არ დაუშვებს წინა ხელისუფლების უგუნურობა გაიმეოროს, პირიქით, ეცდება, რომ ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდეს. დრო ტკივილთა მკურნალია, თანაც მოდის თაობა, რომელიც შეძლებს, რომ ჩვენსა და ცხინვალისა და აფხაზეთის მოსახლეობას შორის ნდობა აღადგინოს და მშვიდობიანად გადაჭრას ეს უმძიმესი პრობლემა.“

 

ზაზა ურუშაძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი:

„რამდენადაც მძიმეა აქაურობა, იმდენად სიამაყით გვავსებს, რადგან ორი ლანჩხუთელი ვაჟკაცია ამ გმირებს შორის, რომლებმაც უყოყმანოდ შეწირეს სიცოცხლე სამშობლოს. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ ამ ბიჭების ოჯახებს, მათ მშობლებს, რომლებსაც მადლობს ვუხდით გმირების გაზრდისათვის. ასეთმა ვაჟკაცებმა გადაარჩინეს საქართველო და ჩვენი ვალია, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას, პატივი ვცეთ მათ ოჯახებს.“

 

„ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს,

სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს,

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე

თხილის გულივით გავინაწილეთ“ – ამ სიტყვებს 21 წლის მიხეილ დვალიშვილი აგვისტოს ომის ქარცეცხლიან დღეებში წერდა...

 

იქ, სადაც ბიჭებმა თხილის გულივით გაინაწილეს სიკვდილი, იქ, სადაც მათი სიცოცხლე უკანასკნელ წამებს ითვლიდა მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძე ძალიან მალე მემორიალს აღმართავს, როგორც მათი უკვდავების სიმბოლო.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 8461
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია