დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შალვა შავგულიძე: „სასამართლო რეფორმა კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს, ოღონდ - სწორად“
2012/10/15 12:30:08

თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირებაა. როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება, დეტალური საუბარი ამაზე ჯერ არ დაწყებულა და კოალიციის პოლიტიკური ლიდერები მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლებიან.

 

მომავალ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გაზეთმა „P.S.“-მა ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წევრთან, მე-8 მოწვევის პარლამენტის ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა შავგულიძესთან, რომელიც პოლიტიკაში ადვოკატურიდან მოვიდა. თავის დროზე ის სანდრო გირგვლიანის ოჯახის ინტერესებს იცავდა გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის საქმეში.

- ბატონო შალვა, თქვენ საკმაოდ მდიდარი საადვოკატო პრაქტიკა გაქვთ და, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გათავისუფლდეს სასამართლო ხელისუფლება დღეს არსებული პოლიტიკური გავლენისაგან და გახდეს თავისუფალი?

ეს არის უმარტივესი - პოლიტიკურმა ხელისუფლებამ უნდა უთხრას სასამართლო ხელისუფლებას - ჩვენკენ ნუ იყურებით, ჩვენ არაფერს გიკარნახებთ, შეხედეთ კანონს და განსაჯეთ კანონის მიხედვით. ეს კეთდება ერთ დღეში, ეს ძალიან ადვილია. სხვა რამეა უფრო შრომატევადი, რთული და გაკეთდება. ახალი კანონმდებლობა არის შესაქმნელი, ვინაიდან ისე დაამახინჯეს ამ ცხრა წლის მანძილზე საქართველოს კანონმდებლობა, რომ ის თანდათანობით დაშორდა და ბოლოს უკვე დაუპირისპირდა სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებს. ამ კანონით, რა კანონიც დღეს არის,  სამართლიანად ვერ განსჯი, ეს კანონმდებლობა მორგებულია რაღაც ერთპარტიულ ინტერესზე.

- ანუ სასამართლო რეფორმა  კიდევ ერთხელ უნდა ჩატარდეს თავიდან?

- უნდა ჩატარდეს, ოღონდ ზომიერად, სწორად, კანონიერად.

- ეს თუ გულისხმობს მოსამართლეთა კორპუსის  შეცვლას?

- ვნახოთ.

- სახალხო დამცველის კანდიდატთა დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურობს სამოქალაქო საზოგადოება, თქვენი პოზიცია როგორია?!

- ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი თანამდებობაა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სახალხო დამცველს. მე არ ვარ ჩართული კონსულტაციებში, როგორც ვიცი, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა წამოაყენეს რაღაც კანდიდატურები, ალბათ, მოხდება კანონის შესაბამისად ამ კანდიდატურების განხილვა.

- როგორ ფიქრობთ, უნდა გაიზარდოს თუ არა სახალხო დამცველის უფლებამოსილებები? ასეთმა აზრმა გაიჟღერა საზოგადოებაში.

- სახალხო დამცველს, კანონის მიხედვით, აქვს საკმაოდ ვრცელი უფლებები, მეორეა, რომ ამ უფლებების სრული გამოყენება და რეალიზება არ ხდებოდა, არ ხდებოდა მაშინ, როდესაც შეიძლებოდა ძალიან ეფექტურად გამოყენება. სახალხო დამცველს შეუძლია, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, შემდეგ - ამ მასალების წარდგენა  საგამოძიებო ორგანოში, ასევე აქვს სხვა ფუნქციები. უბრალოდ, ჩემი აზრით, ჯერ არ არის ათვისებული სახალხო დამცველის კანონიერი პოტენციალიც კი; თუ გაიზრდება უფლებები, ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მე ჯერ არ მინახავს სრულყოფილი რეალიზება სახალხო დამცველის კომპეტენციისა და უფლებამოსილებისა. მაგალითად, ავიღოთ, თუნდაც, 26 მაისის მიტინგის დარბევის დროს. კი, გაკეთდა ობიექტური შეფასებები, მაგრამ იქ შეიძლებოდა გაცილებით მეტი ეფექტური მუშაობა სახალხო დამცველის მხრიდან... დღემდე საქართველოში სახალხო დამცველს ეფექტურად გამოეყენებინოს ყველა შესაძლებლობა, რასაც მას კანონი აძლევს, ასეთი მაგალითი ჩვენ არ გვქონია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1454
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია