წლების განმავლობაში განათლების სისტემა ინგრეოდა თუ შენდებოდა, ამაზე მრავალი მოსაზრება არსებობს. ბევრი ამბობს, რომ „კანალიზატორმა“ ლომაიამ დაიწყო განათლების საფუძვლიანი ნგრევა, არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც - ლომაიას დროს მუდმივი ძიების და რეფორმირების პროცესში ჩავერთეთ. პირადად ჩემი აზრია, რომ განათლების სისტემაში პერმანენტული რეფორმები მის ნგრევას უფრო ჰგავს, ვიდრე შენებას.
დღესდღეობით მთავარი ისაა, რომ ახალი ხელისუფლებისგან მშობელი, მოსწავლე და მასწავლებელი ცვლილებებს ელოდება, თან - ცვლილებებს უკეთესობისკენ. ბოლო რამდენი წელია, სულ რეფორმირებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ქართულ სინამდვილეში განათლების ხარისხის ზრდა ნამდვილად არ იგრძნობა.
მოსწავლის მოტივაციაზე როცა ვსაუბრობთ, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოზარდის ასაკის მატებასთან ერთად აუცილებლად ისმება კითხვა თავად მოსწავლის მიერ: რატომ უნდა ვისწავლო? ძალიან ბევრ განათლებულ ადამიანს ამ ეტაპზე მატერიალურად უჭირს. და ეს მხოლოდ უნარ-ჩვევების უცოდინარობის ბრალია? ბუნებრივია, არა! ერთმა მოსწავლემ, რომელმაც მე-12 კლასის ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა რეპეტიტორებთან მომზადების გარეშე, მითხრა: 4 წელი ბაკალავრიატი, 2 წელი მაგისტრატურა ბევრ ხარჯს ითხოვს, შემდეგ არ ვიცი, დასაქმების როგორი პერსპექტივა მექნება და სოფლის მეურნეობას მივხედო, მირჩევნიაო.
მოსწავლის მთავარი მოტივაცია არა ოქროს მედალი, არა ნიშანი, არამედ ნასწავლის სათანადოდ გამოყენებაა. მარტივად ვთქვათ, რამდენად დაასაქმებს ადამიანს 18 წლიანი უწყვეტი სწავლა?
მშობლის მთავარი მოთხოვნა, ძირითადად, იმით შემოიფარგლება, რომ სკოლა მისი შვილისთვის იყოს უსაფრთხო და განათლების ხარისხიანად მიმწოდებელი. ამასთანავე, აქვე დავუმატოთ კიდევ სხვა მოთხოვნებიც: სახელმძღვანელო და სწავლა ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
ყველა გზა თუ რომისკენ მიდიოდა ადრე, განათლების სფეროში ყველა „ჯოხი ტყდება“ მასწავლებელზე.
თუ ვინმეს გაახსენდება თუნდაც ერთი კეთილშობილური ჟესტი მასწავლებლის მიმართ? განათლების დაბალი დონე, მოსწავლეთა კრიმინალური ქმედება, „რესტორნებში წარეკვები“, საარჩევნოდ „შავი საქმის“ კეთება, „ტაშისმკვრელობა“ თითქმის ბოლო ათწლეულების განმავლობაში მასწავლებელს მიეწერება.
პათეტიკური სიტყვები, რომ მასწავლებლობა მაღალზნეობრივი პროფესიაა, მშიერ კუჭს ნაკლებად შველის.
მასწავლებელი დიდი ხანია ამბობს, რომ:
1. არ მოსწონს რეპეტიტორობა, რადგან სკოლიდან მობრუნებული დაღლილია, თუმცა თავის რჩენისათვის აუცილებელია.
2. არ მოსწონს სახელმძღვანელოები, რომლებიც ხშირად სრულიად დაუმსახურებლად იღებდა გრიფს.
3. არ მოსწონს დაბალი ხელფასი.
4. არ მოსწონს შრომის კოდექსი.
5. ფაქტია, რომ ფეხმძიმე ქალისთვის არჩევანი არ არსებობს: ან სკოლას უნდა დაემშვიდობოს, ან შვილი სხვას გააზრდევინოს(რისი შესაძლებლობაც ყველას არ აქვს).
6. ერთი თვის ავადმყოფობის მერე მასწავლებელი შეიძლება დირექტორმა დაითხოვოს.
7. მასწავლებელმა უნდა ჩააბაროს ის ტესტები, რომლის ჩამბარებელი თავად ზოგჯერ ის ტრენერებიც არ არიან, კოლეგების გადამზადება თავს რომ იდეს.
8. ესგ-დ წოდებული ეროვნული სასწავლო გეგმა სულ ცვლაშია. იქ მოცემული სტანდარტები იმდენად მაღალია, რომ მოსწავლისთვის მისი მიღწევა ურთულესია და მასწავლებლისთვის ზედმიწევნით დიდ საშრომს წარმოადგენს.
9. არ მოსწონთ პედაგოგებს ისიც, რომ არნახულ ქაღალდომანიას ელექტროფაილიზაცია დაემატა.
10. სამი კომპონენტით შეფასება ნამდვილად არ არის სრულყოფილი. გაცილებით მეტი კომპონენტის მიხედვით უნდა შეფასდეს მოსწავლე. მასწავლებლების უმეტესობა თვლის, რომ მრავალი კომპონენტით აფასებს მოსწავლეს და საშუალო არითმეტიკულსაც გამოიყვანს და აღრიცხავს კიდეც შეფასებას.
11. ცალკე საკითხად გამოვყოფ ელექტრონულ ჟურნალებს. ასაკოვან პედაგოგებს ასეთი ჟურნალები დამოკლეს მახვილად დაუკიდეს. თუ პედაგოგი ექსელის ფაილებს ვერ ავსებს სათანადოდ, მაგრამ კარგად ატარებს გაკვეთილს და, შესაბამისად, აფასებს მოსწავლეს, ამის გამო არ შეიძლება დაიწუნონ?
12. არ მოსწონთ პედაგოგებს დანაპირებთა ასრულების დაგვიანება.
13. სახელმძღვანელოები დასახვეწია.
14. საჭიროა სასწავლო სტრატეგიების განსაზღვრა საბოლოოდ.
15. მასწავლებლები ითხოვენ ზონდერდირექტორების და ზონდერმანდატურების სკოლიდან გაშვებას (ყველაზე რბილი ვარიანტი).
თხუთმეტი პუნქტიდან (ეს ჩამონათვალი რომ არასრულია, ვაღიარებ) ნებისმიერ საკითხზე შეიძლება საგაზეთო სტატიის მომზადება. მასწავლებელთა უმეტესობა ამ პუნქტებიდან სულ ბოლოს ნახსენების გაპირველებას მოელის.
წარმოვიდგინოთ, რომ ამჯერად კრავის ქურქმოსხმული ზონდერდირექტორი დაიჭირეს ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში - გაათავისუფლეს. ყველაზე უარეს შემთხვევაში 1000-ზე ბევრად ცოტა დირექტორი იქნება გათავისუფლებული. დიდი ქალაქების დიდი სკოლის დირექტორები უმეტესად პოლიტიკური ერთგულების ნიშნით შეირჩნენ, ასეთი სკოლები არც ისე ბევრია. მათი გათავისუფლება მასწავლებელთა ერთგვარი შვება იქნება, ხოლო გათავისუფლებული დირექტორები მსხვერპლის სახით ტელეეკრანებზე გამოვლენ...
ვთქვათ და „ნიურბერგის პროცესი“ ჩატარდეს განათლების სისტემაში. მოიტანს ეს სისტემურ გაკეთილშობილებას? ახალი დირექტორი როგორი აღმოჩნდება, ესეც ძნელია, წინასწარ განვჭვრიტოთ. დანამდვილებით ვიცი, რომ არ არსებობს იდეალური საშუალება კარგი მენეჯერების აღმოსაჩენად.
ლოტოტრონმა რომ ვერ გაამართლა, ეს თავად პრეზიდენტმა თქვა.
ვერც ფურცელზე დაწერილი კითხვების პასუხების გაცემა შველის ამ საკითხს, თორემ საქართველოს ერთი სახელოვანი სკოლის დირექტორი „1000 ლარიანი“ სერტიფიკატის მფლობელია და სკოლაში მაინც მისი დირექტორობა „შაშკინის გოგოობასთან“ ასოცირდება.
დირექტორის დანიშვნა როგორ უნდა მოხდეს, ამაზე ბევრი უნდა იფიქრონ „ზემოთ“, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლებს მოუწევთ წრეზე სიარული და თვისობრივად არაფერი შეიცვლება.
ცალკე სასაუბრო თემაა პროფესიული და უმაღლესი განათლების საკითხი.
ზოგადი განათლების კანონს, ალბათ, გადახედავენ და გააკეთილშობილებენ.
და მაინც, სანამ მინისტრი და პარლამენტი განათლების სფეროში მნიშვნელოვან საკითხებზე დაიწყებენ მსჯელობას, უმჯობესია, გამოცდილ პრაქტიკოს პედაგოგებს დაეკითხონ აზრს. თითო მუნიციპალიტეტიდან ერთი პრაქტიკოსი მასწავლებლის მიწვევა სადარბაზოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თუნდაც ძვირი დაუჯდეს, მაინც უკეთესს ინვესტიციას ვერ განახორციელებენ...
ანანურელი ულამაზოებისა არ იყოს, უსმინეთ, ხელისუფალნო, პრაქტიკოს პედაგოგებს! იმ მასწავლებლებს მოუსმინეთ, მხრებით რომ მოიტანეს სკოლა აქამდე, სამლარიანი ანაზღაურების მიუხედავად ჯიგარი არ გაუხმათ და არ მიატოვეს სკოლა, რადგან მათ სკოლაში ბავშვების ფეხით ადენილი მტვერიც კი უყვართ...
როლანდ ხოჯანაშვილი,
ჭიათურის რაიონის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მასწავლებელი