დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს ბიუჯეტი წყალს მიაქვს
2011/06/27 12:05:40

სტიქიამ შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა!

 

გადაჭარბებულად ნალექიანმა გაზაფხულმა საქართველოს ბიუჯეტს თავისი კვალი დაატყო, გარდა ფინანსური ზარალისა, სტიქიამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  

 

რიკოთის უღელტეხილზე განვითარებულ მოვლენებს წინ უსწრებდა კახეთისა და იმერეთის რეგიონების რიგი სოფლების დატბორვა, სახნავ-სათესისა და შინაური ცხოველ-ფრინველის განადგურება. უმძიმესი მდგომარეობა იყო შიდა ქართლშიც, კერძოდ, ხაშურისა და სურამის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოვარდნილმა წყალმა დააზარალა. იგივე პრობლემები შეექმნა დუშეთის რაიონსაც, სადაც ადიდებულმა მდინარემ სხვა მატერიალურ ზარალთან ერთად 12  წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა.

18 ივნისს კი ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე ძირულამ რიკოთის უღელტეხილის საავტომობილო გზა მნიშვნელოვნად დააზიანა.  ამავდროულად, მწყობრიდან გამოვიდა გვირაბთან მისასვლელი ორივე მხრიდან. მოვარდნილმა წყალმა ცენტრალური გზის მნიშვნელოვანი ნაწილიც ჩარეცხა.

ტრაგედია მოჰყვა მეწყერის ჩამოწოლას, რომელმაც დაანგრია რესტორანი „რიკოთი“ და მისი 6 თანამშრომლის სიცოცხლე შეიწირა. ჩამოწოლილმა მიწამ ქვეშ მოიყოლა გზის მონაკვეთზე მოძრავი სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, თუმცა, მაშველებმა მათი გამოყვანა საფრთხის შემცველი ზონიდან მალევე მოახერხეს რის გამოც ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

მომხდარის გამო აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა დროებით შეწყვეტილი იყო, თუმცა, მალევე აღადგინეს. მხოლოდ აღმოსავლეთის მიმართულებით შეეძლოთ სატვირთო მანქანებს გადაადგილება, მსუბუქი ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი ზესტაფონი-საჩხერე-თბილისის საავტომობილო გზის გავლით მოძრაობდნენ.

რიკოთის უღელტეხილზე სპეციალისტებმა წყლის მიმართულების შესაცვლელად სანიაღვრე მილები მიწაში ჩაამონტაჟეს, რომლის საშუალებითაც წყალი მდინარე სურამულას უნდა შეუერთდეს. სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები, ასევე შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ხელმძღვანელობდნენ.

გეოლოგებმა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა, სამომავლოდ უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აფეთქების გზით ხელოვნურად გამოიწვიეს მიწის ჩამოშლა. ამრიგად, გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოძრაობა შედარებით უსაფრთხო იქნება. პირვანდელ სახეს დაზიანებული გზის მონაკვეთი 5 ივლისამდე დაიბრუნებს. მოძრაობა კი ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით აღდგენილია.

სტიქიის მიერ მოყენებული ზიანის სრული სურათის დასახატად  წინა კვირაში გაიმართა მთავრობის რამდენიმე საგანგებო სხდომა და გუბერნატორების თათბირი. როგორც ირკვევა, საერთო ჯამში ზარალი 14 მილიონ ლარს აღწევს და თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. თუმცა, ქვეყნის ფინანსების  განმკარგავ ახალ მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს, ზემოხსენებული სარეზერვო ფონდები კონკრეტულად არ დაუსახელებია.  მომხდარის გამო საგზაო დეპარტამენტმა ყველა სხვა პროექტის განხორციელება შეაჩერა და შესაბამისი თანხების აკუმულირება სწორედ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე ხდება.

ნალექიანი გაზაფხულის შემდეგ  სინოპტიკოსები გვალვიან ზაფხულს გვიწინასწარმეტყველებენ. მაგრამ, წყალწაღებულ სოფლებს გვალვამ რაღა უნდა დააკლოს? გასახმობი ისედაც აღარაფერი დარჩა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1639
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია