დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველი სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით შეირჩევა
2012/10/15 12:32:15

არასამთავრობო ორგანიზაციები გამარჯვებულ პოლიტიკურ კოალიციას სახალხო დამცველის თანამდებობაზე თავიანთ კანდიდატებს სთავაზობენ. სახელდება რამდენიმე კანდიდატი, თუმცა „ქართული ოცნება“ ჯერ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

 

სახალახო დამცველის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც ყოფილი სახალხო დამცველი ციხის სკანდალური ვიდეოების გამოქვეყნების შემდეგ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად გადავიდა. სამოქალაქო სექტორმა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქტიურობა კოალიცია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დაიწყო და მოუწოდა გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას, ამ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენისას სამოქალაქო საზოგადოების აზრი გაითვალისწინოს.

სახალხო დამცველის კანდიდატურებად საზოგადოებაში სახელდებიან უფლებადამცველი - თამარ გურჩიანი, იურისტი - ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი - გიორგი თევზაძე, ადვოკატი - გელა ნიკოლაიშვილი და დეპუტატი - დიმიტრი ლორთქიფანიძე.  

 „თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება... გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული, პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით,“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართვაში. მიმართვას 39 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. სოციალურ ქსელში facebook-ზე გვერდია შექმნილი სახელწოდებით „თამარ გურჩიანი სახალხო დამცველად.“

ომბუდსმენობის კანდიდატად დასახელებული თამარ გურჩიანი აცხადებს, რომ მას აქვს გარკვეული ხედვა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეს სისტემა, რადგან  სახალხო დამცველის ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა, რომ მას უფრო მეტი უფლებები გააჩნდეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია, რომელიც თავს ამ პოსტისთვის ღირსეულ კანდიდატად მიიჩნევს.

როგორც მუხაშავრიამ From.ge-სთან საუბარში განაცხადა, ამ საკითხზე კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებთან“ უკვე გამართა და მათ მიერ შემოთავაზებულ წინადადებასაც  დათანხმდა. „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ომბუდსმენის კანდიდატად სწორედ ლია მუხაშავრია დაასახელეს.

რაც შეეხება პირველ ნაბიჯს და პრობლემას, რომლის გადაწყვეტასაც ის პოსტზე დანიშვნის შემთხვევაში აპირებს, ციხეებში მომხდარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად ჩატარება იქნება.

„გარდა ამისა, არაერთი საკანდონმდებლო ცვლილების განხორციელებაა აუცილებელი, დაწყებული კონსტიტუციიდან, დამთავრებული ჩვეულებრივი კანონმდებლობით, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს არეგულირებს. ამ ყველაფრის მოგვარება კი შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ“, - განაცხადა მუხაშავრიამ.

საზოგადოების კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი ომბუდსმენის კანდიდატად „ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის“ თავმჯდომარის და უფლებადამცველის გიორგი თევზაძის წარდგენის ინიციატივით და  რეკომენდაციით გამოდის.

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საზოგადოების მხრიდან ყველა შემოთავაზება მისასალმებელია და კოალიცია მათ სიამოვნებით გაეცნობა.

„ყურადღებით განვიხილავთ ამ თემაზე ყველა კანდიდატურას და გადაწყვეტილებას მიიღებენ ის ორგანოები და თანამდებობის პირები, რომელთაც ეს ეხება.“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

ყოფილი სახალხო დამცველი, ამჟამად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხების მინისტრობის კანდიდატი სოზარ სუბარი კი აცხადებს, რომ „სახალხო დამცველი უნდა იყოს ისეთი პირი, რომელიც წლებია ადამიანის უფლებათა საკითხებზე მუშაობს; იყო პრინციპული ყოველი მოვლენის დროს, რომელიც იყო საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, გამოუხატავს პრინციპული პოზიცია, რომლისაც ხალხი მადლიერია, უფლებადამცველები პატივს სცემენ და აქვს მაღალი რენომე და კარგი ავტორიტეტი სამოქალაქო საზოგადოებაში. ასეთი ადამიანების რიცხვი არც ისე ცოტაა ქართულ საზოგადოებაში. მის შერჩევაში მეც მივიღებ მონაწილეობას, თუ ეს ჩემი პარლამენტში ყოფნის პერიოდში მოესწრება. ზოგადად, ჩვენი გუნდის ნებაა, რომ შერჩევა მოხდება სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით და ეს არ იქნება გამარჯვებული კოალიციის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1419
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია