დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როდის მოკვდება ბოლო ნაბეჭდი გაზეთი
2016/07/02 21:46:16

რა მომავალი აქვს ბეჭდურ მედიას და როდის გაქრება ბოლო ნაბეჭდი გაზეთი, მით უმეტეს, ციფრული მედიის ელვის სისწრაფით განვითარების ფონზე? ვინ რჩება დღემდე ნაბეჭდი გაზეთის მყიდველად და მომხმარებლის რა ნაწილი არჩევს ახალი ამბები ონლაინ გამოცემებიდან შეიტყოს? თბილისში,ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტ „ღია მედია ჰაბის“ ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდა ცნობილი ბულგარელი ჟურნალისტი და ჩეხეთში გამომავალი ასევე ცნობილი გაზეთის, „ლიდოვე ნოვინის“, დირექტორი, ვესელინ ვაჩკოვი, რომელსაც რადიო თავისუფლება სწორედ ამ საკითხებზე გაესაუბრა.


რადიო თავისუფლება: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ წარმოადგენთ ერთ-ერთ ყველაზე ძველ და დიდი ტრადიციების მქონე ჩეხურ გამოცემას, „ლიდოვე ნოვინის“, რომელიც, მიუხედავად მედიაში ციფრული ერის დადგომისა, კვლავაც პოპულარულია, კარგად იყიდება და დიდი ტირაჟიც აქვს. თქვენ ასევე გაქვთ გაზეთის ონლაინ ვერსიაც. საინტერესოა, როდის გადაწყვიტა რედაქტორატმა შეეცვალა გაზეთი სიახლისკენ და აეთვისებინა ახალი ციფრული პლატფორმები.

 

ვესელინ ვაჩკოვი: ეს ეტაპობრივი პროცესი იყო, გაზეთის ვებსაიტი უკვე თითქმის 15 წელია არსებობს, მაგრამ ძირითადი ცვლილებები მაინც ორი-სამი წლის წინ დავიწყეთ, როდესაც მთლიანად განვაახლეთ და გადავწყვიტეთ გაზეთის ბეჭდური გამოცემა. ჯერ დავსვით კითხვა - რამდენგვერდიანი უნდა ყოფილიყო გაზეთი. დღეს მასში ადრინდელზე ნაკლები გვერდია. ასევე განვსაზღვრეთ, რამდენად პრიორიტეტული იყო ჩვენი გაზეთის ონლაინ ვერსია. დღეს უკვე ახალ ამბებს, პირველ რიგში, სწორედ გაზეთის ელექტრონულ ვერსიაში ვაქვეყნებთ და შემდეგ კი უფრო ღრმა და დამუშავებულ მასალას ვბეჭდავთ გაზეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მკითხველი მივაჩვიოთ, რომ, ახალ ამბებსა და სტატიებზე თავისუფალი წვდომის გარდა, არსებობს ე. წ. ფასიანი ნაწილიც, რაშიც ხალხმა ფული უნდა გადაიხადოს. არც ისე ადვილია მომხმარებელი ახალ ამბებში ფულის გადახდას მიაჩვიო, მაგრამ საამისო გზები არსებობს.

 

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, ზოგადად რა სურათი გვაქვს დღეს - საით მიდის ბეჭდური მედია და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ჩეხეთის ან აღმოსავლეთ ევროპის პრესის მაგალითებზე დაყრდნობით, როგორია ბეჭდური სიტყვის მომავალი, რა მთავარი ტენდენციები შეინიშნება, ამ მხრივ, ჩეხეთსა და მთელ მსოფლიოში.

 

ვესელინ ვაჩკოვი: მომავალი ციფრული ეპოქისაა. ეს ცხადია და ჩვენ ყველანი აქეთ მივდივართ. მაგრამ აქ, ჩემი აზრით, მთავარი კითხვა ის არის, რამდენი დრო დასჭირდება იმას, რომ მედია მთლიანად ციფრული გახდეს. წარსულში არაერთი პროგნოზი გაკეთებულა, რომ ბოლო გაზეთი 2003 წელს გამოვიდოდა. დღევანდელი პროგნოზით, ბოლო ბეჭდური გაზეთი 2043 წელს დაიხურება და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი არ დავაჩქაროთ ძალით და ყველაფერი მყისიერად მომავალს არ მოვარგოთ. მე მგონია, რომ საჭიროა ბეჭდვითი გამოცემის იმგვარად განახლება, რომ ის უფრო შემოსავლიანი გახდეს. ამის შემდეგ შეიძლება სხვა რამეებზე ფიქრიც, მაგალითად, შენი ბრენდი სხვადასხვა სახით გამოიყენო. აქ ვგულისხმობ შენი ბრენდის სახელით ღონისძიებების მოწყობას, სხვა გამოცემებისა და წიგნების დაბეჭდვას და ა.შ., სწორედ შენი გაზეთის სახელით. მაგალითად, „ლიდოვე ნოვინის“ აქვს საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოიცავს ენის შემსწავლელ კურსებს, ისტორიის კურსებს და ეს ჩვენთვის ახალი შემოსავლის წყაროა. ეს არის, რაც ბეჭდვით მედიას შეუძლია გააკეთოს. მეორე დიდი მიმართულება დღეს არის სუფთა ციფრული მედია, კერძოდ, მობილური ტელეფონები, რომლის მოხმარება ინფორმაციის მიღების კუთხით სულ უფრო იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს მას.

 

რადიო თავისუფლება: დიახ, თქვენ ახსენეთ კიდეც ეს სიტყვა, „მობილური“, და გვითხარით, რომ დავიმახსოვროთ. სწორედ ეს მინდა გკითხოთ: ის ფაქტი, რომ ყველას უკვე აქვს თავისი პირადი გაჯეტი, ტელეფონი, პლანშეტი, როგორ მოქმედებს და აისახება ბეჭდურ მედიაზე?

ვესელინ ვაჩკოვი: დიახ, მე ვთქვი ლექციაზე, დაგვემახსოვრებინა სიტყვები „მობილური“, „ვიდეო“ და „სოციალური ქსელი“ - ეს ის სიტყვებია, რომლებიც სწორედ ციფრული მედიის მომავალს აყალიბებს დღეს. „სოციალური ვიდეო“ კიდევ ერთი კოდური სიტყვაა. აი, სწორედ დღეს გავიგეთ სამწუხარო ამბავი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებისა და, თუ გადახედავთ მედიას და სოციალურ ქსელს, ვნახავთ, რომ ზღვა ინფორმაცია მოდის ადგილიდან და ეს ინფორმაცია... ფოტოები თუ ვიდეო იქ მყოფი მოქალაქეების მიერ არის გადაღებული და, მეტიც, ლაივ სტრიმსაც კი ისინი აკეთებდნენ. წყარო არის ხალხი და მათი მობილური გაჯეტები. ახალი ამბების საიტები კი სწორედ მათ ინფორმაციას იყენებენ, რომ აქტუალობა არ დაკარგოს ამბავმა და მალ-მალე განაახლონ. განვითარების კიდევ ერთი გზა არის ის, თუ როგორ იყენებს თავად მედია სოციალურ ქსელს თავისი პროდუქტის გასაყიდად. სოციალური მედიის რედაქტორი ნელ-ნელა გადამწყვეტი თანამდებობა ხდება ნიუსრუმში, არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ბეჭდური გაზეთების რედაქციებშიც.

 

რადიო თავისუფლება: ვინ არის ბეჭდური გაზეთების მკითხველი დღეს, მაგალითად, ჩეხეთში ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში?

 

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ამ ლინკზე

http://www.tavisupleba.org/a/rodis-mokvdeba-bolo-nabechdi-gazeti/27830311.html

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია