დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აფასებს საკადრო ცვლილებებს ოპოზიცია?
2012/07/09 13:38:23

წინასწარი ვარაუდები საქართველოს მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართლდა. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას წარდგენა. რისი მანიშნებელია სამთავრობო ცვლილებების ფორმა თუ შინაარსი და რამდენად დამაჯერებელად გამოიყურება ოპონენტებისათვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის სამთავრობო პროგრამა „მეტი სარგებელი ხალხს?“

 

გაზეთი „P.S.“ ოპოზიციის ლიდერებს სოციალური ქსელის მეშვეობით დაეკონტაქტა და მათი პასუხები მოისმინა.

თემურ შაშიაშვილი, პარტია „თეთრების“ ლიდერი: „საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობის დაშინების, ბიზნესის დაკაბალების და ქართული მიწების გაყიდვაზეა ორიენტირებული. ცნობილი საკადრო ცვლილებები პოლიტიკურ აგონიაში მყოფი ადამიანების გადაწყვეტილება უფროა, ვიდრე - საღად მოაზროვნე პოლიტიკოსების. დღეს ქვეყანა უმძიმესი წნეხის ქვეშ იმყოფება. ბაჩო ახალაიას გამინისტრება აშკარა მუქარაა საკუთარი მოსახლეობისადმი, შაშკინის დამტკიცება ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პოსტზე თავის მომჭრელია, ხოლო რაც შეეხება განათლების მინისტრად პოლიციის აკადემიის წარმოჩინებული კადრის დანიშვნას, ყოველგვარ ეთიკურ საზღვარს სცდება. სწორედ მსგავსი მენტალობის მქონე დეპუტატების და ჩინოვნიკების ნამოღვაწარია ის კანონპროექტები, რომლებმაც ქვეყანა დაღუპვის პირას მიიყვანა.

რეალურად არსებობს საფრთხე, ძალაში შევიდეს კანონი, რომლითაც საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი, შესაძლოა, სხვა ქვეყნების მოქალაქეთა საკუთრებაში გადავიდეს. ეს საფრთხე კიდევ უფრო აშკარა ხდება ვანო მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ მერაბიშვილი პარლამენტში სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციიდან მოვიდა, რომელსაც პრივატულ საუბრებში      „მიწის მაფიას“ უწოდებენ. საქართველოს ეროვნული ხელისუფლება არ ჰყავს, ეს არის სკამებზე ორიენტირებული ადამიანების ბოლო გაბრძოლება. საგანგაშოა, ბატონებო, პრემიერ-მინისტრად იმ კაცის დანიშვნა, ვინც ასოცირდება არა მხოლოდ მშვიდობიანი მანიფესტაციების სისხლიან დარბევებთან და გაზით მასობრივ მოწამვლებთან, არამედ - უდიდეს მიწათმფლობელ, არაბულ კორპორაცია „რაკიინთან.“ მართალია, ეს ცალკე თემაა და კიდევ დავუბრუნდებით, მაგრამ დღეს უნდა ვთქვათ: რის მიღწევასაც საუკუნეების მანძილზე ცეცხლითა და მახვილით ცდილობდნენ თურქნი, არაბნი და მონღოლ-ჩინელნი, დღეს კეთდება ქართული მიწის გამყიდველი ხელისუფლების თანხმობითა და სურვილით. როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ ბიუჯეტის 20%-ის შესაბამისი „ცოცხალი“ ფული ერთბაშად დაარიგო საკუთარი სკამის გადასარჩენად. ვისაც ეკონომიკა ესმის, ეს არის ის „ფოჩიანი კამფეტი“, რომელიც საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას. ეს არის „ნაცების“ სავარძლების გადარჩენის თავგანწირული მცდელობა, რაშიც, ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მათ კარგად ეხმარებიან უცხოელი მეგობრები. უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, პრობლემა არ არის არც სააკაშვილი, არც მხოლოდ ნაცმოძრაობა. პრობლემა არის უმძიმესი ანტიქართული განწყობილების სერიოზული ანტიქართული გუნდი.“

გიორგი თარგამაძე, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი: „თუ გავითვალისწინებთ, რომ წლების განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებისა და ძალაუფლების ცენტრი კონცენტრირებული იყო ძალოვან სისტემაში, მერაბიშვილის პრემიერობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა; მერაბიშვილი ისედაც ასრულებდა ამ ფუნქციებს და ახლა ყველაფერს თავისი სახელი ოფიციალურად დაერქვა. სააკაშვილის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ქვეყანაში შენდებოდა სახელმწიფო მმართველობის მოდელი, რომელიც ორიენტირებული იყო ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ამ მოდელის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებას წლების განმავლობაში წარმოადგენდა სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.  ამდენად,  ეს  გადაწყვეტილება  სწორედ  სახელისუფლებო მიდგომების ლოგიკაში აშკარად ჯდება და მე შემიძლია, უკვე მაღალი ალბათობით ვთქვა ისიც, რომ მერაბიშვილი იქნება, ალბათ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი.“

კახა კუკავა, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი: „გამდიდრების შემდეგ ადამიანების ამბიციები იკლებს... ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდა, შემდეგ კი მილიარდერი გახდა. თუ ადრე იგი მიტინგების დარბევისა და ადამიანების მოკვლის შესახებ ბრძანებებს უპრობლემოდ ასრულებდა, დღეს ის მილიარდერია და მის სტატუსთან ეს ყველაფერი შეუთავსებელია. ახალაიები კი, რომლებსაც ეს ყველაფერი მისაღწევი აქვთ, ამგვარ დავალებებს უპრობლემოდ ასრულებენ. გინახავთ, ალბათ, ფილმები სიცილიურ მაფიაზე,  როგორ  არის  მაფიოზური  კლანები        მოწყობილი.  იქ  არის  კონსოლიერი,  რომელიც მაფიის ბოსს რჩევებს აძლევს და რაღაც ქაღალდების საკითხებს განაგებს, და არიან ე.წ. „კაპოები“, რომლებიც ჩვეულებრივი მკვლელები არიან და მათი ძალაუფლება მხოლოდ ამით განისაზღვრება. კონსოლიერი კი დგას მაღლა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ „კაპოებს“ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ადამიანი გაანადგურონ. საქართველოს ხელისუფლებაშიც დღეს არის მაფიოზური სტრუქტურა. ვანო მერაბიშვილი სააკაშვილმა გადაიყვანა კონსოლიერად და მას პოლიტიკური საკითხების პირდაპირ გადაწყვეტა დაევალება, მაგრამ იმ რგოლში, ვისაც ადამიანების მოკვლა შეუძლია (შინაგან საქმეთა სამინიტროს სპეც-სამსახურები), სააკაშვილმა „კაპოებად“ თავისი „ლუკა ბრაზი“ და ამგვარი პირები გაამწესა. ახალაიას ეს ფუნქცია აქვს, მას არ აქვს დიდი პოლიტიკური ძალაუფლება. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს მას არც კი ეძახიან.“

ნინო ბურჯანაძე, „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი: „სრულიად ლოგიკურია სააკაშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, გამომდინარე მმართველობის იმ სტილისგან და სურვილებისგან, რაც მას აქვს. ის, რომ სააკაშვილი არსად წასვლას არ აპირებს და არც ხელისუფლების დატოვებას, ჩემთვის სრულიად ნათელია. გარდა    ამისა,    სააკაშვილი    ამ   გადაწყვეტილებას ყველა ნაბიჯით ამყარებს და ადასტურებს.    ეს  გადაადგილებებიც  სწორედ  ამაზე  მეტყველებს.  ერთი,  რაც შემიძლია  გითხრათ, არის ის, რომ ვანო მერაბიშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი 2003 წელს და ძალიან ეფექტური ხელმძღვანელიც. მან კარგად იცის არჩევნები. მისი გამოსვლაც, პროგრამაც და წინასაარჩევნო დაპირებებიც ამის ძალიან კარგი მაგალითია. გარდა ამისა, შს სამინისტროში განხორციელებული გადაადგილებები, მე ვფიქრობ, სრულიად ნათლად აჩვენებს იმას, რომ სააკაშვილი აპირებს, ბოლომდე იბრძოლოს და რადაც არ უნდა დაუჯდეს, მისი გუნდი დარჩეს ხელისუფლებაში.“

ასეთია მთავრობის საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით იმ პოლიტიკოსების მოსაზრებები, რომლებიც დღეს, პოლიტიკურ ამინდს ქმნიან. ისინი მინისტრების კარუსელს, როგორც თავად აღნიშნეს, სკეპტიკურად უყურებენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1390
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია