დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სოლიდური სასჯელი დისშვილის გატაცებისათვის
2010/03/15 13:06:40

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ადამიანის გატაცების საქმეს განიხილავს. ჩადენილი დანაშაულისათვის ბათუმის სასამართლომ განაჩენი უკვე გამოიტანა და განსასჯელს სოლიდური სასჯელი - 23 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ქობულეთელ აზიზ ა-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დაედო, მათგან უმძიმესი - 144-ე მუხლი - ადამიანის გატაცებაა. თუმცა, აზიზ ა-ს მიზანი თითქოს კეთილშობილური ჰქონდა: ის თავისი პატიმარი ძმისა და მამის დახმარებას ცდილობდა, რის გამოც დაუპირისპირდა საკუთარ დედინაცვალს - ნადეჟდა ა-ს, რომელიც სახლის გაყიდვასა და საცხოვრებლად უკრაინაში, თავის ნათესავებთან გადასვლას გეგმავდა, შედეგად კი ციხიდან გამოსული აზიზ ა-ს მამა და ბიძა ქუჩაში დარჩებოდნენ.

ბრალდების თანახმად, აზიზ ა-მ დედინაცვლის უკრაინაში ყოფნის დროს მისი სახლიდან მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის - დედინაცვლის პირადობის მოწმობა გაიტაცა და გაანადგურა. თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს ღონისძიება საკმარისი არ აღმოჩნდა და რამდენიმე თვის შემდეგ აზიზ ა. დედინაცვლის სახლში შეიჭრა, სცემა და მისი მცირეწლოვანი შვილიშვილი იანუშ ა. სახლიდან გაიტაცა.

როგორც შემდეგ გაირკვა, აზიზ ა. თავის დისშვილთან ერთად ორი თვის განმავლობაში ქუთაისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში გადავიდა, იქიდან კი - წალკაში, სადაც უკვე სამართალდამცველებმა იპოვეს.

ბრალდებული ირწმუნება, რომ პატარა ბიჭს კარგად უვლიდა - „ფაფებსაც აჭმევდა და კომპოტებსაც უხარშავდა“ თუმცა მისი ეს „ზრუნვა“ სათანადოდ არ დაფასდა, მას ბრალი ბავშვისათვის სულიერი ტრავმის მიყენებისთვისაც დასდეს - მანამდე პატარა იანუში, თურმე, რამდენიმე სიტყვის თქმას ახერხებდა, ბიძასთან ორი თვის იძულებითი ცხოვრების შემდეგ კი ისიც დაივიწყა. ბავშვის დედა, მარინა ა. ირწმუნება, რომ მისი ნახევარძმა ბავშვს სათანადოდ ვერ უვლიდა, როდესაც მას წალკაში მიაგნეს, ბავშვს ეძინა და მთლად სველი იყო.

განსასჯელის ბრალს ისიც ამძიმებს, რომ დაზარალებული მხარე ირწმუნება, აზიზ ა. ბავშვის დაბრუნებისათვის თანხასა და პოლიციიდან საჩივრის გამოტანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვის „ციგნებისათვის“ გადაცემით იმუქრებოდა. აზიზ ა. დედინაცვლისა და მისი ოჯახისაგან სადავო სახლის დატოვებასაც ითხოვდა.

აზიზ ა-ს ბრალად დედინაცვლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც წარედგინა, რამაც მისი ჯანმრთელობის მოშლა გამოიწვია. ბათუმის სასამართლომ ბრალდებულს მის წინააღმდეგ წაყენებული დანაშაულისათვის (ადამიანის გატაცება) 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამას დაემატა 8 წელი - 143-ე და 4 წელი 118-ე მუხლებისათვის, დოკუმენტაციის განადგურებისათვის კი (363-ე მუხლი) - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საერთო ჯამში, აზიზ ა-ს 23 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ძმისა და მამისათვის დახმარების გაწევის ნაცვლად, აზიზს მათი ბედის გაზიარება მოუხდა. შეუმსუბუქებს თუ არა მას სასჯელს სააპელაციო სასამართლო, ეს მალე გაირკვევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1399
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია