დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რას ფიქრობს ხალხი?
2012/06/18 13:05:13

- შეიცვლება თუ არა რაიმე ქუთაისისათვის, ქუთაისში პარლამენტის გადმოსვლით?


გოგი გოგაძე: „ქუთაისისათვის ნაღდად ბევრი რამ შეიცვლება პარლამენტის გადმოტანით, ყველა აქ მცხოვრებისათვის ეგ დიდი სიხარულია და საამაყოა.“

ზაზა მაისურაძე: „პარლამენტის გადმოსვლით დადებითისკენ არაფერი შეიცვლება, პირიქით - გაძვირდება პროდუქტები და ასევე ცხოვრება გაძვირდება ჩვენს ქალაქში. ერთადერთი, ვისაც პარლამენტის გადმოსვლა ქუთაისში უხარია, ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლები არიან, იმიტომ, რომ ისინი მოწყვეტილი იყვნენ, უხეშად რომ ვთქვათ, გარე ცხოვრებას.“

გრიშა ჩარგაზია: „ყველაფერი შეიცვლება, ეს არის დიდი მშენებლობა. ასევე გალამაზდება მიმდებარე ტერიტორიები, ამას რა სჯობს!“

ნანა ღლონტი: „ძალიან მიხარია ქუთაისში პარლამენტის აშენება, ეს ცოტა რაღაც კი არ არის ქუთაისისათვის! დეპუტატები აქ იცხოვრებენ, აქ გაივლიან, გამოივლიან, შევლენ ბარ-რესტორნებში, სასტუმროებში და უფრო ამუშავდება ცხოვრება და ჩვენც ავყვებით იმ დინებას, რომელსაც წლებია ჩამოვშორდით.“

ბესარიონ გოდერძიშვილი: „ხალხისთვის რა აზრი აქვს, ერთი გამაგებიეთ, გინდა ქუთაისში იყოს პარლამენტი და გინდა ხარაგაულში. რაც მაგაზე ფული დახარჯეს, რამდენიმე ქარხანას ააშენებდა ჭკვიანი კაცი და ჩემს ბინაში ახალგაზრდა ბიჭები დილიდან საღამომდე დომინოს რომ ურახუნებენ, ქარხანაში დასაქმდებოდნენ და ოჯახის სარჩენი ფული ექნებოდათ.“

ნოდარ ხურციძე: „რაღაცა კუთხით შეიძლება შეიცვალოს, მოწესრიგდება ცენტრალური ქუჩები, უცხოელი სტუმრები რომ გაივლიან, ჩამტვრეულ-ჩაოხრებული ხომ არუნდა იყოს და ეს კარგია. მაგრამ გარე უბნებში მცხოვრები ხალხისათვის, შვილო, არაფერი არ შეიცვლება, ისევ ის გაჭირვება იქნება, რაც იყო შევარდნაძის დროს და რაც არის ახლა.“

ასაკოვანი კაცი (სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა): „ხვალინდელი დღე როგორი იქნება, არავინ არ იცის, ან სიკეთისათვის შეიცვლება ეს ყველაფერი, ან სიგლახისაკენ. ძნელია მაგაზე პასუხი გაგცეთ ადამიანმა.“

ზურა დოლიძე: „პარლამენტის გადმოსვლით არაფერი შეიცვლება, გაჭირვებული კაცისთვის მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქუთაისს პარლამენტი გაჭირვებული მდგომარეობიდან არ გამოიყვანს, ქუთაისისათვის იდეალური მდგომარეობა არის უნივერსიტეტების გადმოტანა და ქუთაისის სტუდქალაქად ქცევა.“
დონარა ნოსელიძე: „არ ვიცი, რა უშველის ამ ქალაქს, ყველანაირად აპოლიტიკური ადამიანი ვარ და მასეთ საკითხებში საერთოდ ვერ ვერკვევი. ისე, ვიზუალურად ძალიან მომწონს, მშვენიერია, ბევრ ასეთ შენობას ვისურვებდი ქალაქის სხვადასხვა უბანში.“

ლაშა გამთენაძე: „ბევრი რამ შეიცვლება ქუთაისში პარლამენტის გადმოსვლით, ჯერ ერთი, ბიზნესი გაჯანსაღდება და უფრო ძლიერი იქნება ქალაქი ეკონომიურად და ინფრასტრუქტურით რომ ძალიან გავლამაზდებით, ეგ უკვე არახალია.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია