დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
იქ, სადაც გუბერნატორი სადილობდა...
2012/04/23 11:55:35

მწვავე დებატები პენსიონერებით სავსე დარბაზში

 

საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის ორგანიზებით, საჯარო დებატები გაიმართა ქუთაისში სასტუმრო „ბაგრატის“ დიდ დარბაზში. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის მოქალაქეები, საკრებულოს უმრავლესობა, ოპოზიციის დეპუტატები, ქალაქის მერი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. 

საჯარო შეხვედრაზე მოქალაქეებმა ადგილობრივი ხელისუფლების მოსაზრებები მოისმინეს და კითხვებიც დაუსვეს.

 

პენსიონერებით გადაჭედილი დარბაზი, სახეზე „ღიმილმოკიდებული“ ხელისუფლება და „კრიტიკა მომზადებული“ ოპოზიცია - ასეთი იყო დარბაზის გარემო.

შეხვედრა NDI-ის წარმომადგენელმა იენ ვუდვორდმა გახსნა და საზოგადოებას  იმ კვლევის შედეგები გააცნო, რომელიც 2012 წლის 22 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა. გამოიკითხა 3161 ადამიანი და მათ შორის 500 - ქუთაისიდან.

კვლევის მიზანი იყო საზოგადოების აზრის გაგება მნიშვნელოვან საკითხებზე. როგორც აღმოჩნდა, ქუთათურების უპირველესი პრობლემა კომუნალური გადასახადებია, იგი ეროვნულ მაჩვენებელზე 21%-ით მაღალია. მას მოსდევს გზების და სამედიცინო სფეროს პრობლემები,  კვლევის ინფორმაციით, შედარებით კარგი მდგომარეობაა გაზთან და დასუფთავებასთან დაკავშირებით.

კვლევის შედეგების გაცნობის  შემდეგ ტრიბუნა გამომსვლელებს დაეთმოთ. ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ სიტყვა ოპოზიციონერებს გადაულოცა და აღნიშნა, რომ აჯობებდა, მათ დაეწყოთ, მერე კი თვითმმართველობა პასუხებს გასცემდა ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხებს.

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის იმერეთის წარმომადგენელმა დავით დვალმა ასე დაიწყო:

„კომუნალური გადასახადები ყველაზე მტკივნეული თემაა მოსახლეობისათვის. მათი უმრავლესობა უკმაყოფილოა იმ მდგომარეობით, რომელიც დღეს ქუთაისში არსებობს. ხშირად ჩვენ ვაფიქსირებთ თანხების ზრდას ბიუჯეტში, მაგრამ, რეალურად, ეს არ აისახება მოსახლეობაზე. კონკრეტულად, კომუნალური გადასახადების გაიაფება ქვეყანაში არ მოხდება. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ხდება მათი გაძვირება. ჩემი ეს პოზიცია განპირობებულია იმით, რომ ბატონი სემეკის გადაწყვეტილებით, 2011 წლის პირველი ნოემბრიდან შევიდა ძალაში წყლის ასეთი ტარიფი - 24 თეთრის მაგივრად 50 თეთრი. მტკივნეული ის არის, რომ თვითონ სემეკის წარმომადგენელმა გააკეთა სენსაციური განცხადება ამასთან დაკავშირებით, შინაარსი ასეთია: წყლის ტარიფის ზრდა გამოიწვია იმან თურმე, რომ გამრიცხველიანების შემდეგ, როცა მოსახლეობამ ისწავლა წყლის ყაირათიანი ხარჯვა, კომპანიამ ვერ ამოიღო ის გადასახადი, რომელსაც იღებდა მანამდე. თურმე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კომპანიამ მიიღოს შემოსავალი და მოგება ნახოს, ტარიფმა კი ყოველთვის უნდა მოიმატოს, იმ დონეზე, რომ შემოსავალი სტაბილურად ერთი და იგივე იყოს. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი პრობლემა, რაც კომუნალურ გადასახადებს გასდევს სწორ ხაზად და არაიმედის მომცემლად მეჩვენება. მეორე საკითხი - ეს არის ამ კომპანიების მიერ მოსახლეობის მიმართ კომპრომისის არგაწევა. მესამე არის, რომ გადახდის ქვითრები მოსახლეობას ყოველთვის დაგვიანებით ურიგდება და გადახდის ვადასთან ძალიან ახლოს. პოლიტიკა არის სწორხაზოვანი და არ ხდება მისი შეფარდება მოსახლეობასთან“ - აღნიშნა დვალმა.

„ქრისტიან-დემოკრატებს“ „ახალი მემარჯვენეები“ შეენაცვლნენ და იგივე პრობლემებს წყლის გრაფიკიც დაუმატეს. ოპოზიციური პარტიების სიტყვის შემდეგ პასუხის გასაცემად ქალაქის მერი მოემზადა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ყველა პრობლემა ნელ-ნელა გვარდება და ამისათვის მთელი გუნდი მუხლჩაუხრელად შრომობს. „მემარჯვენე“ მამუკა მღვდელაძე არქიმედეს და ნოსტრადამუსსაც კი შეადარა და მის ბრალდებებს უარყოფითი შეფასება მისცა. მან დასძინა: „თურმე ბატონ მამუკას აღმოჩენა გაუკეთებია, რადგან გრაფიკით ეწოდება წყალი ქუთაისის მოსახლეობას. მინდა გითხრათ, რომ  37 წლის ვხდები და, რაც მახსოვრობა მაქვს, ათი წლის უკან ფუფუნება იყო წყლის ყოველდღიური გრაფიკი, რადგან გვქონდა ორ დღეში ერთხელ წყალი. ასევე გეტყვით, რომ სადაც არ არის ჯერჯერობით 24 საათიანი წყლის გრაფიკი, წლის ბოლოსთვის გვექნება 18 საათიანი გრაფიკი.  ერთ კვირაში საქართველოს წყლის კომპანია ყველა ბრიგადას უკეთებს კონცეტრირებას ქუთაისში და წყლის ქცევას, რომელიც ქალაქშია, მოაგვარებს. აღმოფხვრილი იქნება ეს ქცევები აგვისტომდე,“ - განმარტა გიორგი თევდორაძემ.

სიტყვა ითხოვა „ასა“-ს ხელმძღვანელმა ზაზა ხელაძემ,  რომელმაც წყლის ტარიფთან და მოწოდებასთან დაკავშირებით პარალელების გავლება და დეტალური ახსნა დაიწყო, თუმცა მერმა მას სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებას შორის:

„აცალე, ბატონო, მოვუსმინოთ ამ კაცს, რომ აწყვეტინებთ! როგორ შეიძლება, ვისმენთ აგერ ხალხი და კიდევ გვიფსებთ თვალებს!“- გაისმა შეძახილები დარბაზში.

ასევე ერთ-ერთმა ქალბატონმა წამოჭრა საკითხი მაღალსართულიანი კორპუსებისათვის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით:

„მეოთხე სართულის შემდეგ მოსახლეობას უჭირს წყლის მიღება და ტუმბოებით ახერხებენ  მაღალ სართულებზე წყლის აყვანას. ადრე იყო შეღავათები ასეთ საკითხებზე და ახლა გთხოვთ, რომ დამატებითი გადასახადებისაგან შეღავათები გაუწიოთ, - მანამდე მაინც, სანამ მოგვარდება ეს წნევის და სხვა პრობლემები,“ - აღნიშნა ქალბატონმა.

აზრის გამომთქმელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ყველას სურდა თავისი პრობლემების ადგილობრივი ხელისუფლებისათვის გაცნობა. გორაზე მცხოვრები ერთ-ერთი პენსიონერი, ომარ მატატაძე, საკმაოდ ემოციურად და საფუძვლიანად აყალიბებდა თავსი პრეტენზიებს, რამაც კიდევ ერთი „შეხლა-შემოხლა“ გამოიწვია აუდიტორიაში.

- კომუნისტების დროს კი არ მივსტირი, მაგრამ შეიძლება კიდეც მივტირი: 4 კაპიკი იყო ელექტროენერგია, - აღნიშნა ბატონმა ომარმა.

- რა იყო 4 კაპიკი, იპარავდით ყველა დენს! - გაისმა მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის საპასუხო რეპლიკა.

- ვინ იპარავდა? თქვენ იპარავდით ისევ! - არ დააყოვნა პასუხმა დარბაზიდან, -  1000 ლარზე მეტი გაქვთ ხელფასი და 110 ლარი გვაქვს პენსია, ტუტუცო შენ!

- ხელფასები კი გაქვთ ბევრი, დაანგრიეთ მთელი ქვეყანა და ყველა ადგილებზე იკლავთ თავს. 11 თუმანი მაქვს, მაგით შეინახე ოჯახი ერთი შენ! - ისევ დარბაზიდან რეპლიკა.

პასუხის გასაცემად მომზადებულ მერს ბატონმა ომარმა აღარ აცადა თქმა:

- ვიცით უკვე თქვენი პასუხი, ბატონო გია..

თუმცა მერმა სათქმელი მაინც თქვა:

- პერიოდი მახსოვს, ხალხო, მეც და თქვენც - რომ არც წყალში ვიხდიდით ფულს არც მე და არც თქვენ, მაგრამ მაშინ არც წყალი გვქონდა და არც შუქი.

- ეგეც თქვენ გათიშეთ სხვას არ გაუთიშია! - ისევ დარბაზიდან

- ხო, ჩვენ გავთიშეთ, - იყო ცინიკური პასუხი მმართველი გუნდის ტრიბუნიდან.

- ამოდით, ბატონო გია, და ნახეთ, რამდენი წყალი იქცევა ყოველდღე! ჯერ იყო და დაამონტაჟეს ეს მრიცხველები და ორი თვე დავსდევდი, რომ გაესწორებინათ. იღვრებოდა წყალი მრიცხველიდან და არავინ ყურადღება არ მომაქცია, მოვალთ და გავაკეთებთო, მაგრამ ორი თვე ისევ გასდიოდა წყალი მრიცხველს. რატომ უნდა გადავიხადო მე ის დამატებითი გადასახადი? მითხარით ერთი! - განაგრძობდა ომარ მატატაძე თავის გასაჭირზე ჩივილს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა სცადა პასუხის გაცემა,  თუმცა ოპონენტს მისი პასუხით დაკმაყოფილებულის სახე ნამდვილად არ ჰქონდა.

„შენდება ახალი ბასეინი, რომელიც ზემოდან ქვემოთ მიაწოდებს წყალს ვაჟა-ფშაველას ქუჩას და ყველა პრობლემა მოგვარდება, პროექტი მზადაა და, როგორც კი დამთავრდება ბასეინის მშენებლობა, მაშინვე გამოსწორდება მდგომარეობა,“- აღნიშნა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

დარბაზში მიმდინარე, ამ დაძაბული დებატების ფონზე, იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია, რომელიც იქვე, ახლოს, სასტუმროს ფოიეს მეორე სართულის ლოჟაში თავის თანამშრომლებთან ერთად სადილობდა, არ გამოჩენილა და არც დებატებში მიუღია მონაწილეობა. ისიც აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა შეხვედრის დაწყებამდე დატოვა დარბაზი.

შეხვედრის დასასრულს ქალაქის მერმა განცხადება გააკეთა:

„როგორც ხედავთ, დიდი განსჯის საკითხია, ზოგადად, კომუნალური გადასახადების თემა. ამის გამო ჩვენი ბიუჯეტის და ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია კომუნალური სფერო და ჩვენი ბიუჯეტის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამ  თემის მიმართ იხარჯება. ზოგადად NDI-ს კვლევის განხილვა მიმდინარეობდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა კომუნალური გადასახადების შემცირება, არამედ ადამიანების მიერ ამ კომუნალური გადასახადების გადახდისუნარიანობის ამაღლებაა საუკეთესო რეცეპტი, რაც ქვეყანას წინ წაიყვანს,“ - აღნიშნა მერმა.

მამუკა მღვდელაძე: „ეს მართლაც კარგი შეხვედრაა, რადგან ორგანიზებას უკეთებს სრულიად ნეიტრალური მხარე NDI, რომელმაც მოგვიწვია როგორც ოპოზიცია, ასევე ხელისუფლება და ასევე საზოგადოება და ისეთ თემებზე მიმდინარეობდა საუბარი, რომლებიც ნებისმიერ მცხოვრებს უნდა აინტერესებდეს. უნდა აღვნიშნო, რომ ხელისუფლებას როგორც პასუხებში სჭირდება გულწრფელობა, ასევე სჭირდება მეტი კულტურა დებატებში. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში აქ მოსახლეობის შეკითხვებმა, რეალურ ფაქტებზე რომ საუბრობდნენ, გამოიწვია მათი ცინიკური რეპლიკები, ეს იყო საკრებულოს მხრიდანაც, ჩემი კოლეგებიდანაც და ხელისუფლებიდანაც. ეს არის გარკვეული დებატების კულტურის დაბალი დონე. ამას უნდა მიეჩვიოს ხელისუფლება, რომ იყოს მეტი გულწრფელი და მეტად დახვეწილი დებატების დროს,“ - აღნიშნა მამუკა მღვდელაძემ „P.S.“-თან საუბრისას.

მიუხედავად საინტერესო საკითხებისა და მწვავე დებატებისა, შეხვედრის ბოლომდე დარბაზი ნელ-ნელა ცარიელდებოდა.

საჯარო შეხვედრის ორგანიზატორთა - საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (sida) ფინანსური დახმარებით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობის პრიორიტეტების შესახებ, NDI-ის მხარდაჭერით, ჩატარდება ბათუმში, ფოთსა და თელავში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1433
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია