დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა გვექნება სააღდგომო სუფრაზე?
2012/04/09 10:55:16

გაძვირებული პროდუქტები, ნახევრადცარიელი ბაზარი და კლიენტების მოლოდინში მყოფი გამყიდველები - ასეთი სურათია ქუთაისი მოქმედ ყველა ბაზარში. კლიენტები ფასის გაზრდას უჩივიან, გამყიდვლები წინა წლის სააღდგომო დღეებთან შედარებას აკეთებენ და ამბობენ, რომ მყიდველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია.

„ასეთი არაფერი მინახავს, მოგვადგა აღდგომა კარს და ეს ხალხი ბაზარში არ მოდის, ან რას მოვა, ფასები ყველაფერზე მომატებულია, არ აქვს ამ ხალხს საშუალება?“ - ამბობს ერთ-ერთი ბაზრის გამყიდველი.

ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ადამიანები პროდუქტებზე მომატებულ ფასებსა და კარს მომდგარ აღდგომაზე საუბრობენ...

რა მდგომარეობაა ბაზარში? რაზე მოიმატა ყველაზე მეტად ფასებმა?
„წინა წლებთან შედარებით, პრაქტიკულად, დაცლილია ბაზარი. ადამიანების სოციალური ყოფა უფრო და უფრო უარესდება. აგერ თქვენც ხედავთ, გაზეთს ვკითხულობ და თან ამ ჩემს გასაყიდ ხორცებს ვუქნევ ხელს, ბუზი რომ არ დააჯდეს. კლიენტი არსად ჩანს. მე არ ვიცი, ამ თვის ფართის ფულს როგორ გადავიხდი, წინაზე კი ვისესხე, რომ გადამეხადა, მაგრამ ახლა სასესხებელიც აღარავინ მყავს,“ - გვითხრა ხორცის გამყიდველმა ბიჭიკო ლაგვილავამ.

„კვერცხზე მოთხოვნა, ეს ორი დღეა, გაიზარდა. მანამდე საერთოდ არ კითხულობდა ხალხი. ალბათ, მოხუცებმა პენსიები აიღეს და მიისესხ-მოისესხეს ფული, რომ აღდგომა გაითენოს ხალხმა. ძაან გართულდა ცხოვრება. როგორ მახსოვს, შარშან, აღდგომის დღეებში, ნემსს ვერ ჩააგდებდი ბაზარში, ისეთი ამბავი იყო. ახლა, კი ხედავთ, დაცლილია თითქმის ბაზარი,“ - ამბობს კვერცხის გამყიდველი მარგალიტა ქართველიშვილი. 

„ჩეკის ფულს ვიხდით და მეტი არც გვრჩება არაფერი. მეგონა, ახლა აღდგომა მოდის და ხალხი დაიწყებს ბაზარში სიარულს პროდუქტებისთვის-მეთქი. თუმცა, არც არაფერი. ჯერჯერობით, არავინ არ ჩანს,“ - აღნიშნა ბოსტნეულის გამყიდველმა მადონა ხუციშვილმა.

რა იქნება ოჯახების სააღდგომო სუფრაზე? როგორ შეხვდებიან ისინი აღდგომას? ჩვენ ამ კითხვით ბაზარში მყოფ რამდენიმე ადამაინს მივმართეთ.

„ჯერ სააღდგომო საყიდლებისთვის არ გამოვსულვარ. პენსიის ფულს ველოდები, რომ რაღაცა ვიყიდო. გულითა და სულით მინდა, რომ ყველაფერი მქონდეს სუფრაზე, მაგრამ რამდენს გაწვდება ეს ჩემი პენსია, მეორე საკითხია. ალბათ, შარშანდელივით მსუყე ნამდვილად არ იქნება ჩემი სააღდგომო სუფრა,“ - ამბობს გურამ ხაჭეიშვილი.

„100 ლარი წამოვიღე ახლა სახლიდან. ვიყიდი სააღდგომოდ პროდუქტებს-მეთქი, ერთი ცელოფანი მიჭირავს აგერ ხელში და ფული, ფაქტობრივად, საერთოდ აღარ დამრჩა. გასულელებული ვარ, როგორ მომატებულია ყველაფერზე ფასები. ალბათ, ერთი ასი კიდევ დამჭირდება. რომ აღდგომა გავითენო ოჯახში,“ - გვითხრა რუსუდან ბოჭორიშვილმა.

ბაზარში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა თავს ისევ გაუჭირვებს და შეეცდება სააღდგომო სუფრაზე სიმბოლურად ყველაფერი ჰქონდეს.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1553
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია