დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სწორება „პოლიტიკური შემოდგომისკენ“
2012/04/09 10:53:35

წინასაარჩევნო სამზადისი იმდენად შევიდა აზარტში, რომ ნელნელა მზის სინათლეს ახალ სახეებთან ერთად, თითქმის მივიწყებული პოლიტიკოსები გამოეფინენ. არჩევნები საქართველოში ის მოვლენაა, როდესაც ყველა პოლიტიკოსს, განურჩევლად სქესისა, აღმსარებლობისა თუ სტატუსისა, მონაწილეობის მიღება სურს.

პოლიტიკაში „მოკოჭლებული“ და ერთ დროს აქტიური ლევან გაჩეჩილაძე, დღეს ისევ ტრიბუნას დაუბრუნდა. აქციების „უბადლო ორგანიზატორი“ მოსახლეობას ისევ მშვიდობიანი მანიფესტაციისაკენ მოუწოდებს.

„მე პოლიტიკური ამბიცია არასდროს მქონია და არც მექნება, უბრალოდ, ჩემს ხალხთან ერთად ვდგავარ და მინდა, აქ გავაჟღერო ინიციატივა, რომ 28 აპრილს თბილისის ქუჩებში, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, მშვიდობიანი მანიფესტაცია გაიმართოს,“- განაცხადა მოზარდ მაყურებელთა თეატრში, საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ პრეზენტაციაზე ლევან გაჩეჩილაძემ.
ვისთვის როგორ და რამდენად უამბიციოდ შეიძლება ჩაითვალოს 2011 წლის აქციების ქრონოლოგია და მას მოდევნებული შედეგები, ეს სხვამ განსაჯოს, თუმცა უამბიციოდ ნათქვმად ვერ ჩაითვლება ფრაზა „მიშა, მოვდივარ“ - რომელიც ხალხში დღესაც პოპულარობით სარგებლობს.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც აქტიურად გამართავს შეხვედრებს საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებთან - ქვეყანაში არსებული ვითარების და პოლიტპატიმრების უკანონო მდგომარეობის გასაცნობად, თუმცა, ჯერჯერობით, მკვეთრი ქმედებებისათვის არ მიუმართავს.

ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დუღილის ფონზე, ჩვენი ჩრდილო მეზობელი საშემოდგომო სამხედრო სწავლებისთვის ემზადება. მასშტაბური სამხედრო წვრთნების „კავკასია 2012“-ის შესახებ საკანონმდებლო ორგანომ და საგარეო უწყებამ უკვე აცნობეს საერთაშორისო თანამეგობრობას და დიპლომატიურ კორპუსს. ქართული მხარე ამ ქმედებას რუსეთის მორიგ პროვოკაციად აფასებს. დამთხვევაა თუ წინასწარი განზრახვა რუსეთის მიერ  „კავკასია 2012“ წვრთნების ჩატარება საშემოდგომო არჩევნების წინ, ამას დრო გვიჩვენებს.

საქართველოში კი უცხოელი ლიდერების ვიზიტი არ წყდება, ასევე - საზღვრებს გარეთ პრეზიდენტის შეხვედრები. ნატოს გენერალური მდივანის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, შეხვედრის თემა იქნება იმ პროგრესზე საუბარი, რომელსაც საქართველომ ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მიაღწია, ასევე საუბარი იქნება რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე.
ნატოში კარგი სახელის მოხვეჭა უკვე დიდი მიღწევაა, მაგრამ, ეტყობა, იმდენად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, ამ საყოველთაო სიღარიბისა და უმუშევრობის ფონზე ქალაქ ლაზიკის მშენებლობა, რომ იუსტიციის სამინისტროში მისი კონცეფციის განხილვა დაიწყეს. ისე, თუ დაფიქრდება ადამიანი და გაიაზრებს, მიხვდება, რომ ახალი ქალაქის მშენებლობა უამრავ ხარჯსა და სხვადასხვა პრობლემას გამოიწვევს. აქვს კი საქართველოს იმდენი რესურსი, რომ ბიუჯეტი ყველაფერს გააწვდინოს, პლუს ქალაქის მშენებლობას?!

ხელისუფლება ქვეყნის მშენებლობისაკენ მიილტვის, თუმცა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია რუსეთთან ახალი ომის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისი აზრით, რუსეთში არსებობს „საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილი“.
„რადგან საქართველოს კურსი არ შეუცვლია, რომელიც რუსეთის მხრიდან აგრესიის მიზეზი იყო, სანამ არსებობს ხალხის ნების ასეთი გამოხატვა და ამ ნების შემსრულებელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რუსეთის ხელისუფლებასთან პრობლემა სულ იქნება. საქართველოს პერსპექტივების მთავარ საფრთხედ რჩება რუსეთის სამხედრო საფრთხე, იმის გამო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გრძელდება მილიტარიზაცია და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაღრმავება, იმისათვის, რომ შემოდგომაზე გაიმართოს სამხედრო სწავლება,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ რადიო „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუს დროს.
საქართველოს პოლიტიკური შემოდგომა წინ აქვს და, იმედია, რომ ყოველივე ისე ჩატარდება, არც მწვადი დაიწვება და არც შამფური, არჩევნები კი ისე ჩაივლის, რომ საპროტესტო აქციები არ გადაფარავს ჩვენს პოლიტიკურ რეალობას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია