დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხელისუფლებას
მინარეთის დროული დაბრუნებით, სოფელ ჭელის მორწმუნე მუსლიმებს დარღვეული უფლებები უნდა აღუდგეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/08/30 16:41:10

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო შეშფოთებას გამოთქვამs ბოლო პერიოდში, საქართველოში, მუსლიმ თემის წარმომადგენლებთან მიმართებით მომხდარი ექსცესების გამო, რაც ზოგიერთ შემთვეევაში, მოსახლეობის ან სახელმწიფო უწყების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებებით ან უმოქმედობით გამოიხატა.

ბოლო პერიოდში, მუსლიმ თემთან მიმართებით (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო) მომხდარი ფაქტები, ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის შვილებს შორის რელიგიური ნიშნით გაუცხოებას და ვითარების დაძაბვას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო 26 აგვისტოს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის ფაქტი, რამაც მუსლიმ მრევლში და საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილში ნეგატიური შეფასება და პროტესტი გამოიწვია.

ვთვლით, რომ გადაუდებელი აუცილებლობაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროული და ეფექტური ღონისძიებები განახორციელოს: 1. ვითარების განმუხტვისთვის; 2. რელიგიური ნიშნით შესაძლო კონფრონტაციისა და დაძაბულობის პრევენციისთვის; 3. რელიგიური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტებზე მოახდინოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სოფელ ჭელას ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის საარაკო კეთილმეზობლობა და ჰარმონიული თანაცხოვრება, ქვეყანაში არსებული რელიგიური შეუწყნარებლობის ფონზე, სწორედ რომ სამოქალაქო თვითშეგნების, სოლიდარობისა და ტოლერანტობის საოცარი და ნათელი წერტილი იყო. ეს არის სოფელი, სადაც მუსლიმები ქრისტიან მეზობლებს ეკლესიის აშენებაში ეხმარებოდნენ და ქრისტიან მეზობელთაგან ხელი არავინ მოუწერა ერთ-ერთ „საინიციატივო ჯგუფს“ მეჩეთის დანგრევის მოთხოვნის განცხადებაზე. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც მინარეთის დემონტაჟი მოხდა, ნაცემ და დაპატიმრებულ ხალხს ახალციხეში ჩამოჰყვა მთელი სოფელი, მათ შორის იყვნენ როგორც მუსლიმი ისე ქრისტიანი ჭელელები.

ჩვენთვის, როგორც სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა  საბჭოს წევრებისათვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ სწრაფად და ობიექტურად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი და, მინარეთის დროული დაბრუნებით, სოფელ ჭელის მორწმუნე მუსლიმებს დარღვეული უფლებები აღუდგინოს.

ასევე, მივმართავთ როგორც პოლიტიკოსებს და სხვა საჯარო პირებს, ისე ყველა რელიგიურ თემს ბრძნულად და დიდი სისათუთით მოეკიდონ საქართველოში არსებულ სხვადასხვა რელიგიათა და ეთნოსთა ისტორიული თანაცხოვრების სანიმუშო გამოცდილებას, გაითვალისწინონ ჩვენს ახლომდებარე რეგიონში არსებული რელიგიური დაპირისპირებებით გამოწვეული კონფლიქტები და ერთი ხელის მოსმით, ვიწრო პოლიტიკურ თუ რელიგიურ ინტერესებს არ შესწირონ საქართველოში სამართლიანობა, უსაფრთხოება და მშვიდობა.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო გამოვხატავთ ჩვენ სურვილსა და მზადყოფნას ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყანაში მშვიდობის, რელიგიათა შორის თანხმობის, საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის გაძლიერებისა და ქვეყნის განვითარებისთვის სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.

 

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია