დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფლება მასწავლებელთა სერთიფიცირებისთვის ემზადება, მასწავლებლები - გაფიცვისთვის
2010/02/01 12:32:48

გასული წლის ბოლოს ნიკა გვარამიამ თავისი მინისტრობის ბოლო სამუშაო დღეს მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულება დაამტკიცა. უკვე გამოიცა ბრძანება მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდის რეგისტრაციის ვადების შესახებ. თავის მხრივ, პედაგოგები გაფიცვისთვის ემზადებიან. გაფიცვის მიზეზი ისევ და ისევ დამსაქმებელთან, ანუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სოციალური დიალოგის მოთხოვნაა. მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირები სამი წელია სოციალურ დიალოგს ითხოვს, სასამართლოს გზითაც კი.

თავის დროზე განათლების ყოფილ მინისტრს გია ნოდიას პრეზიდენტმა პირადად დაავალა ამ დიალოგის წარმართვა. შეიქმნა მომლაპარაკებელთა ჯგუფი, რომლებიც უცხოელმა ექსპერტებმა გადაამზადეს, თუმცა, მინისტრების ხშირი მონაცვლეობის გამო ამ ჯგუფის წევრებიდან დღეს უკვე განათლების სამინისტროში არავინ მუშაობს. ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ამბობს, რომ დიალოგისთვის მზადაა. აღსანიშნავია, რომ დაპირებებს არც მისი წინამორბედები იშურებდნენ. ამიტომაც, მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირების ინფორმაციით, პედაგოგები პირველ გამაფრთხილებელ გაფიცვას 2 მარტს მოაწყობენ და პრეზიდენტის ყველა დანაპირების დაკანონებას მოითხოვენ.

„ჩვენ არ გვეშინია გამოცდების, მაგრამ პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა გვასწავლოს და მერე უნდა ჩაგვაბარებინოს გამოცდები,  ჩვენთვის ხელმიუწვდომელია წიგნები, რამდენიმე ტრენინგით კი სრულფასოვან ცოდნას ვერ მიიღებ. უამრავი პრობლემაა, რომელიც სასერთიფიკაციო გამოცდებს უკავშირდება. პირველ რიგში, ჩვენ, პედაგოგებს, უნდა გვქონდეს მოტივაცია, რომ სასერთიფიკაციო გამოცდები ჩავაბაროთ, თუნდაც ფინანსური მოტივაცია,“ - აცხადებენ პედაგოგები.

თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ სასერთიფიკაციო გამოცდა ნებაყოფლობითი იქნებოდა. მაგრამ „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ 215-ე მუხლის პირველ პუნქტში წერია: „მასწავლებლის უფლების მოპოვებისთვის აუცილებელია სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარება“. ამ კანონში ისიც წერია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობით გეგმავს ღონისძიებებს მასწავლებლის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მაგრამ ასეთი ნაბიჯები ხელისუფლებას ნამდვილად არ გადაუდგამს.

2009 წლის 4 დეკემბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე დამტკიცდა მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულება. არადა, პრეზიდენტი სააკაშვილი მასწავლებლებთან შეხვედრების დროს მინისტრებს ეუბნებოდა: „ამათმა უკეთესად იციან, განათლების სფეროში რა როგორ უნდა გააკეთოთ, ვიდრე თქვენო. იმასაც ამბობდა, სერთიფიცირება დამსჯელი ღონისძიება კი არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მასწავლებელთა წახალისება - აიმაღლოს კვალიფიკაცია. თუ აიმაღლებს კვალიფიკაციას - მიიღებს მეტ ხელფასს, თუ მიიღებს მეტ ხელფასს, მას ექნება უკეთესი პირობები“. კანონში „ამდაგვარი წახალისებების“ კვალიც კი არსადაა. მასწავლებელთა სერთიფიცირების დებულება არ ითვალისწინებს მასწავლებელთა უფლებებსა და ინტერესებს. გათვალისწინებულია მხოლოდ სერთიფიცირების პროცედურული საკითხები და არა პოლიტიკის - როგორიცაა ნებაყოფლობითობა, ხელფასზე ასახვა და სხვა.

ერთადერთი, რაც მასწავლებლებს შეუძლიათ აირჩიონ, ეს მხოლოდ დროა, როდესაც ისინი გავლენ გამოცდაზე. არ არსებობს საგამოცდო პროგრამა, სავარაუდო ტესტები და შესაბამისი ლიტერატურა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ვიცე-პრეზიდენტი და იურისტი მაია ლიპარტელიანი ამბობს, რომ სერთიფიცირება დისკრიმინაციულია არაქართულენოვანი მასწავლებლების მიმართ. მათთვის არ არსებობს ლიტერატურა და შესაბამის ენაზე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა.

ქალბატონი მაია დებულების სხვა ნაკლოვანებებზეც საუბრობს. კერძოდ, არ არის დადგენილი გამსვლელი ქულა, ანუ მინიმალური ბარიერი, საგნების ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული არასავალდებულო საგნები და აზერბაიჯანული, სომხური და რუსული, როგორც მშობლიური ენა. დადგენილი არ არის გასაჩივრების პროცედურა. დებულება არ ვრცელდება იმ უცხო ქვეყნის მასწავლებელზე, რომელსაც თავის ქვეყანაში აქვს მოპოვებული პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება. განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამინისტროს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე უფლებამოსილია პედაგოგიური საქმიანობა განახორციელოს სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.

მაია ლიპარტელიანი: „ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და ცოტა კურიოზულიც, როცა ხელისუფლება არ აღიარებს საკუთარ დიპლომს და აღიარებს უცხო ქვეყნისას. გარდა ამისა, როცა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებაზეა საუბარი, მითითებული არ არის, რა განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდება ეს.“

დებულების თანახმად, მასწავლებლობის უფლების განახლების მიზნით სკოლაში იქმნება სასერთიფიკაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან: სკოლის დირექტორი, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, ერთი მასწავლებელი. საბჭოს ფუნქციაა: გაარკვიოს, დააგროვა თუ არა მასწავლებელმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებული პროფესიული განვითარების შესაბამისი კრედიტი. თუმცა, მასწავლებლებისთვის ცნობილი არ არის, პროფესიული განვითარების სქემა რა კომპეტენციის მქონე ადამიანების მიერ არის შედგენილი და ვინ ადგენს საბჭოს შემადგენლობაში მყოფი ადამიანების კვალიფიკაციას. რა კრიტერიუმებით აირჩევა საბჭოს წევრი მასწავლებლები, ვინ ადგენს საბჭოს წევრთა მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობას. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს საჭირო ქულების დაგროვებას. თუმცა, საჭირო ქულები რამდენია, დადგენილი არ არის.

სანიმუშო ტესტების მიხედვით, მასწავლებლებს საკანონმდებლო ნორმების ცოდნაც მოეთხოვებათ. კერძოდ: საქართველოს კონსტიტუცია, ზოგადი განათლების შესახებ კანონი, ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, შრომის კოდექსი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, ბავშვთა უფლებების კონვენცია.

მაია ლიპარტელიანი: „არ ვამბობთ, რომ პედაგოგებმა ეს არ უნდა იცოდნენ, მაგრამ, ჯერ უნდა ვასწავლოთ და მერე უნდა მოვთხოვოთ მათი ცოდნა.“

სერთიფიცირებულ მასწავლებელს სტატუსი ვადამდე ჩამოერთმევა, თუ ადგილი ექნება მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევებს.

ეთიკის კოდექსს ნორმატიული მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, დებულებაში ის ისე მოიხსენიება, როგორც ნორმატიული აქტი. არადა, განათლების ბოლო მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმაც განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსი სისხლის სამართლის კოდექსი არ უნდა იყოს.

შრომის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით მთავრობამ პროფესიულ კავშირთან ერთად უნდა განსაზღვროს საგანმანათლებლო პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა, კვალიფიკაციის შეფასების კრიტერიუმები, დისციპლინარული პასუხისმგებლობის მექანიზმები, ახალი კურსები, სახელმძღვანელოები, დამხმარე სასწავლო მასალა, პროფესიული სტანდარტები, მასწავლებლის ეთიკის კოდექსი, სიახლეები საგანმანათლებლო მომსახურების სფეროში, ხელფასები და შრომის პირობები, სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები.

ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკა კი, პროფკავშირებს კი არა, პრეზიდენტის ინიციატივებსაც იგნორირებას უკეთებს და მათ საკანონმდებლო სახეს არ აძლევს.

სოციალურ დიალოგს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტი მანანა ღურჭუმალიძე კი სააღსრულებლო ფურცლით ითხოვს, თუ დიალოგი არ შედგება, საქართველოში პედაგოგთა პერმანენტული გაფიცვები დაიწყება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია