დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ამხანაგობის თავმჯდომარეებს პარტიული ნიშნით ირჩევენ?..
2012/02/20 12:34:46

საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის თანამდებობა  ოფიციალური სახით, დაახლოებით, სამი წლის წინ შეიქმნა. ამ პოსტზე მყოფი ადამიანის ფუნქციები და მოვალეობები საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანია. დღეს, ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალური პრობლემების შესაბამისად, კორპუსის მცხოვრებლებს უამრავი რამ აწუხებთ. იქიდან დაწყებული, რომ სოციალურად დაუცველ და უმწეო ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. შესაკეთებელია საერთო სახურავი, მოსაწყობია სადარბაზოები, ეზო, მილგაყვანილობები, დასაცავია სამეზობლოს ყოველდღიური თანაცხოვრების წესები...

 

 

ყოველივე ამის მოსაგვარებლად უნდა არსებობდეს ადამიანი, ვინც საკუთარ თავზე აიღებს უწყებიდან უწყებაში სიარულს, დოკუმენტაციების შედგენას, მეზობლების პრობლემების გათავისებას. ამხანაგობის თავმჯდომარის უმთავრესი მოვალეობა ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის შუამავლობაა.

ამხანაგობის თავმჯდომარის ფუნქციის შესახებ საზოგადოებაში ინფორმაცია არათანაბრადაა გადანაწილებული. ზოგიერთი მოქალაქე კმაყოფილია, ზოგიერთი  - უკმაყოფილო, ზოგმა საერთოდ არ იცის, ეს ინსტიტუტი თუ არსებობს და ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი.

თინათინ გოგლიძე: „ჩვენი ამხანაგობის თავმჯდომარით კმაყოფილი ვართ, რადგან ცდილობს, ყველა პრობლემატური საკითხი მოაგვაროს. რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ შეგვქმნია.“

ნელი ხეთერელი: „ჩვენი ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე გარდაიცვალა. ახლა მოვალეობას, რატომღაც, მისი ქმარი ასრულებს. ხნიერია, არაფრის გაკეთება არ შეუძლია ბინისათვის, მაგრამ ყველას გვერიდება და ვერაფერს ვეუბნებით. რატომ აიღო თვითნებურად საკუთარ თავზე მოვალეობის შესრულება, გაურკვეველია! საინტერესოა, მუნიციპალიტეტში რომ გაიგეს, თავმჯდომარე აღარ გვყავდა, რატომ გადასცეს ესტაფეტა მის მეუღლეს? რა, ოჯახური მემკვიდრეობა იყო, თუ სამეფო ტახტი?ალბათ, არჩევნებში მისი იმედი აქვთ...“

ირინა გიორგაძე: „სიმართლე გითხრათ, კორპუსის „დომკომი“ ვინ არის, ვერ გეტყვით, რადგან არასოდეს არ გამოუჩენია თავი რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად. მითუმეტეს, რომ გვაქვს სადარბაზოს, ეზოს და სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემები. მე მეგონა, რომ აღარც არსებობდა ეგ თანამდებობა.“

ია ფორჩხიძე: „რა თქმა უნდა, ვიცი ვინც არის, მაგრამ, რომ გითხრათ, მისთვის როდესმე მიმიმართავს-მეთქი, მოგატყუებთ. ან თუნდაც შეესრულებინოს რომელიმე ჩვენი თხოვნა და მიმართვა, რა მნიშვნელობა აქვს? არ ვიცი, საერთოდ ვინ დანიშნა ეგ ადამიანი. ან რატომ ინიშნებიან ისეთები, რომელთაც არანაირი უნარი არ აქვთ, რომ საზოგადოებრივი პრობლემები მოაგვარონ? ის ხომ ვალდებულია, შუამავლის როლი ითამაშოს თვითმმართველობასთან.“

როგორც ვხედავთ, მოსახლეობისთვის თითქმის უცნობია ის პრინციპი, რის საფუძველზეც ხდება ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა.

არის შემთხვევები, რომ ხელიდან ხელში გადაცემულა ეს თანამდებობა და არანაირი არჩევანი არ მომხდარა. არის შემთხვევები, როცა თავმჯდომარედ ისეთ ადამიანებს ირჩევენ, რომელთაც ერთ დაძახილზე შეუძლიათ „ქუდზე კაცის შეკრება“.

საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა კახაბერ ხვარეშიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: „სუფთა არჩევითობის პრინციპით ხდება ამხანაგობების დანიშვნაც და გადაყენებაც. თავდაპირველად ვესწრებოდით არჩევნებს, რათა გვესწავლებინა იგივე ოქმის შევსება თუ საბუთების მოწესრიგება, ასევე - გაცნობოდნენ კანონს მათ შესახებ. ვუწევდით კონსულტაციებს, დღეს უკვე აღარ სჭირდებათ დახმარება და თავად ავსებენ ნებისმიერ საბუთს. არჩევის პროცესში ჩვენ არ ვერევით და არ მიუთითებთ, რომ ესა თუ ის პიროვნება იყოს თავმჯდომარე. ეს ყოველივე ხდება მოსახლეობის გადაწყვეტილებით, რათა თავი დავიზღვიოთ, რომ მერე პრობლემა არ ჰქონდეთ ჩვენს არჩეულ კანდიდატზე. არანაირი წვლილი არ შეგვაქვს არჩევის პროცესში. ასევე ხდება გადარჩევაც და განთავისუფლებაც.“

საბინაო სამსახურში ასევე გვითხრეს, რომ გარკვეული პროექტების წარდგენის შემდეგ ისინი დახმარებას უწევენ ამხანაგობებს, რათა მათ მოაგვარონ ეს პრობლემები. რაც, ძირითადად, დაფინანსებაში გამოიხატება. ეს არის თანადაფინანსებითი პროექტები.

მიუხედავად ზემოთქმულისა, ერთ-ერთი ამხანაგობის თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. ლეილა ჭიჭინაძე დიდი ხანია უკვე, რაც თავისი კორპუსის წარმომადგენელია. ის ჯერ კიდევ ათი-თხუთმეტი წლის წინ აგვარებდა კორპუსის პრობლემებს.:

„მთელი ჩემი ცხოვრება აქ ვცხოვრობ და ჩემზე კარგად არავინ იცის, ჩემს მეზობლად ვინ ცხოვრობს, ვის რა უჭირს და რა ულხინს. ახლა კი მხოლოდ სიაში ვყავართ, რომ ვართ გამგეობის წევრები, თორემ კაციშვილი არ გვეკითხება არაფერს. „დომკომს“ არაფერს ეკითხებიან. სახურავები ხომ გადაგიხურეთო, ამბობენ. რას გადაგვაყოლეს! იმისი ფულიც ჩვენ გადაგვახდევინეს და სრულად არც მოგვცეს გადასახური მასალა. ეს გადახურვაც ჩემი მრავალწლიანი სირბილის მერე მოხდა. რაც შეეხება იმას, რომ შეხვედრები იმართება ჩვენთან,  ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩემთან არავის დაურეკავს  და არ უცნობებია, რომ შეხვედრაზე უნდა წავსულიყავი. მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაგვიბარეს და რაღაც საჩუქრები გადმოგვცეს, რომლის მოცემასაც სულაც არავინ სთხოვდათ. ამას წინათ სადარბაზოების თაობაზე ყოფილან შეკრებილები და ჩემთვის არავის დაურეკავს. მაშინ ხომ კარგად ახსენდებათ ყველა „დომკომი“, რაიმე აქციებს რომ მართავენ და მირეკავენ - ხუთი-ექვსი კაცი წამოიყვანე და წამოდი აქციაზეო?“ - ამბობს ლეილა ჭიჭინაძე.

საინტერესოა, რა ნიშნით ხდება ამხანაგობის თავმჯდომარეთა გამორჩევა, თუკი ისინი, როგორც ოფიციალური პირები, ერთნაირად დარეგისტრირებულნი არიან და ბეჭედი გააჩნიათ? როგორც ქალბატონი ლეილა აღნიშნავს:

„არც არავის მეშინია და არც არავის ვემალები. აქ ისეთი სიტუაციაა, რომ ხდება პარტიული ნიშნით შერჩევა ამხანაგობების თავმჯდომარეების. იმათ, ვინც მმართველი პარტიის წევრები არიან, უფრო მეტი პრივილეგიები აქვთ, ვიდრე იმათ, ვინც ოპოზიციური აზრისაა. სწორედ ამიტომაა, რომ მე და ჩემნაირებს არაფერს გვეკითხებიან, სხვებს კი ყველა კაპრიზს უკმაყოფილებენ.“

მოქალაქე ნაზი ფხაკაძე ამბობს, რომ მისი ბინის თავმჯდომარე არჩევნების წინ ოჯახიდან ოჯახში დადის, ვითომცდა, რაღაც საყოფაცხოვრებო სიას ავსებს და სინამდვილეში კი იმის გარკვევას ცდილობს, ვის აძლევენ ოჯახის წევრები ხმას. „ხშირად, პირდაპირ მიუთითებს: ვის უნდა მისცეთ ხმა, თუ არა - მმართველ პარტიას და მიშასო. ეს კაცი (ჩვენი თავმჯდომარე), აშკარად, ამიტომაა დანიშნული ამ თანამდებობაზე, თორემ ჩვენთვის მაგას ჯერ არაფერი გაუკეთებია.“

აღნიშნული საკითხის შესახებ ბატონი კახაბერი ამბობს, რომ ადამიანების გამორჩევა არანაირი პარტიული ნიშნით არ ხდება:

„ჩვენ თვითონ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ შეიძლება ამხანაგობის თავმჯდომარე რომელიმე პარტიული ნიშნით იყოს არჩეული. მე არჩევნებში არ ვერევი და ჩემგან არანაირ პრივილეგიებს არ იღებენ. რაც შეეხება პარტიულობას, ამ კუთხით არასოდეს არავინ დანიშნულა.“

ფაქტი ერთია და რეალობა - მეორე. საინტერესოა, რატომ უნდა ირბინოს ადამიანმა სხვადასხვა ინსტანციაში ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მაშინ, როცა არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა მის ოჯახურ ბიუჯეტში?

ამის უკან, მართლაც, პარტიული ინტერესები ხომ არ დგას?

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1526
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია