დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პასუხად ბატონ მინისტრს
2011/11/28 12:20:42

კობა სუბელიანი: „ობიექტურ შეფასებებში გვიჭირს აშკარად...“  ჟურნალისტი: „თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს ობიექტურობაში, ჩამობრძანდით ქუთაისში და შეგახვედრებთ ჩემს რესპონდენტებს!

 

 

გასულ კვირას  გაზეთ „P.S.“-ში (?32 (600), 21-27 ნოემბერი, 2011 წ.) გამოვაქვეყნეთ წერილი „სასტუმრო თბილისში“ მცხოვრები დევნილები შველას ითხოვენ“.

წერილს ოპერატიულად გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კობა სუბელიანი. ბატონმა მინისტრმა სოციალური ქსელით („Facebook“) მომწერა: „თქვენი ფიქრის და საფიქრალის შესაძლებლობების ზღვარს სცდება იმის წარმოდგენა, რომ მაგ თემაზე ნაფიქრიც და ნამუშევარიც გვაქვს. კონკრეტული შედეგებიც სახეზეა. მაგ ობიექტიდან ოჯახების ნაწილი გადავიყვანეთ გარემონტებულ სხვა ობიექტში და დავუკანონეთ ფართები. ანუ, ისინი უკვე დაკმაყოფილებულები არიან. რაც შეეხება დანარჩენებს, ფოთში სულ ახალი აშენებული კორპუსები შევთავაზეთ, მაგრამ არ მოინდომეს და ამიტომ ისევ ქუთაისის ფარგლებში უნდა დავაკმაყოფილოთ. ანუ, დარჩენილი ნაწილის გადაყვანაც დაგეგმილია ახალ შენობებში - ქუთაისშივე. თუ მართლა გაღელვებთ ამ ადამიანების ბედი, საინტერესო იქნება ეს ინფორმაცია თქვენთვის.  ეს  თქვენი  ციტატის „პრობლემებზე  დაფიქრდებით“ პასუხად. ობიექტურ შეფასებებში გვიჭირს აშკარად, რაც ძალიან სამწუხაროა.“  

ბატონო კობა, უპირველესად, გმადლობთ ყურადღებისთვის. მაგრამ, თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს ობიექტურობაში, იქნებ, პატივი დაგვდოთ, ჩამობრძანდეთ ქუთაისში და შეგახვედრებთ ჩემს რესპონდენტებს. წლების განმავლობაში ვწერ დევნილთა პრობლემებზე, თითქმის, კარდაკარ დავდივარ. მეტი სარწმუნოებისათვის წინა ნომრებში გამოყენებულ ფოტოებს და კომენტარებს გთავაზობთ. იმედია, ამათაც დაწვრილებით წაიკითხავთ და პრობლემების გადაწყვეტაზე უფრო სერიოზულად დაფიქრდებით, ვიდრე - ჩემი ფიქრისა და საფიქრალის შესაძლებლობების ზღვარზე.

ნიკეას ქუჩაზე, კულინარულ სასწავლებელში ჩასახლებული დევნილები (11.04.2011)

მაყვალა გელაშვილი: „ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 34 ოჯახი ჩვიდმეტი წელია ვცხოვრობთ. პრობლემების მეტი რა გვქონია, მაგრამ ბოლო ხანს რომ არის, ეს ყველაზე აუტანელია. 23 თებერვლიდან დავალიანების გამო გაგვითიშეს შუქი. დავალიანება 3000 ლარზე მეტია. მარტის თვეში საერთოდ არ გვქონია დენი და ასე ამბობენ, შუა მაისამდე არ გექნებათო. თურმე, ამოდენა თანხა იანვარსა და თებერვალში დაგვიხარჯავს, ამიტომ ოთხ თვეზე გადაგვინაწილეს და სიბნელეში დაგვტოვეს. შენობის მეხუთე სართულზე ჟიული შარტავას სახელობის საჯარო სკოლაა, საკლასო ოთახებში ბავშვები გაყინულები არიან. ასეთი უყურადღებობა ნამდვილად არ შეიძლება. ადრეც გვქონდა დავალიანება - 6245 ლარი, მაგრამ მთავრობის დახმარებით გავისტუმრეთ. ახლა კი მთავრობამ მიგვატოვა. ეს დახარჯული დენი ჩვენი არ არის. ჩვენ ინდივიდუალური მრიცხველები არ გვაქს, ანუ საერთო ფიდერიდან ხდება ყოველთვიურად თანხის აღრიცხვა. ოჯახზე სულადობის მიხედვით, ასი კილოვატი მთავრობისგან გვაქვს საჩუქრად და საერთო ჯამში 1336 ლარს ვუყრით თავს, მაგრამ ეს თანხა გასასტუმრებლად არ გვყოფნის. მერიამ კიდევ შემოგვისახლა ორი უმწეო ოჯახი და გაურკვევლობაა კორპუსში. სიბნელეში ღამურებივით ვცხოვრობთ. საჭმელს თხევადი გაზით ვაკეთებთ. ჩვენს სართულზე ორ ოჯახს აქვს შეშის ღუმელი, როგორც უწინ ხდებოდა, ვიკრიბებით და ერთად ვთბებით. ჯარიმა არის ეს ჩვენი, ხომ ხედავთ, რომ კოლექტივიზაცია არ ვარგა. როგორ შეიძლება კოლექტიური დენი? მე რა ვიცი, ვინ რას ხარჯავს. ჩვენ გვინდა, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოხდეს. სკოლას ცალკე ფიდერი დაუდგან და ასე მოგვარდება პრობლემა. ეს თუ არ მოხდა, რომც ჩართონ შუქი, მომავალში, მაინც დაფიქსირდება დავალიანება. ჯერჯერობით ვითმენთ, მაგრამ - სანამდე? ყველაფერს აქვს საზღვარი. წარმოიდგინეთ, წყალსაც კი ვყიდულობთ - წყალი იშვიათად მოდის, მხოლოდ დილით ერთი საათით. პირველ რიგში ის გვაწუხებს, რომ ხუთსულიანი ოჯახი ერთ ოთახში ვცხოვრობთ. სამზარეულო საძინებელი, სასტუმრო გაერთიანებულია. ვინ იცის, აფხაზეთში როგორი ოჯახი დავტოვე. ნეტავ, რამდენი წელი გვაქვს მისჯილი ლტოლვილობა.

 

ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ბაგა-ბაღში შესახლებული დევნილები. (11.07.2011).

კლარა კუკულაშვილი: „ონკანებიდან წყლის მაგივრად ფეკალური მასები მოედინება, სასმელ წყალს ვედროებით, დაახლოებით, ერთი კილომეტრიდან ვეზიდებით, შენობის სახურავი გაფუჭებულია და წვიმის დროს სახლი წყლით ივსება. ყველაზე საშინელება ზამთარშია, ჩვილი ბავშვები გვყავს და ხშირად ავადმყოფობენ. რა დახმარებაზეა საუბარი, როდესაც 22 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. ერთი თვის წინ დევნილთა სამმართველოდან დავით აფციაური თავის ამფსონებთან ერთად მოვიდა. იცით, რა გვითხრეს, წლევანდელ ზაფხულზე გაგიკეთებთ რემონტსო. მას შემდეგ არავინ გამოჩენილა. მოვითხოვთ დროულად შენობის გარემონტებას.

 

ტურბაზა „რიონის“ ხის კოტეჯებში ჩასახლებული დევნილები (21.03.2011)

ნინო ბენიძე: „ამ დასახლებაში 87 ადამიანი ვცხოვრობთ, სადაც 16 ოჯახამდე ვიქნებით. ზოგიერთები ლუკმა პურის საშოვნელად ბაზრობაზე ვაჭრობენ. ნეტავ, ვინმე მყავდეს, რომ ბავშვი დავუტოვო და მეც გავიდოდი საჭმელის მოსაპოვებლად. აქ ხალხი 24 ლარით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დახმარებით ვირჩენთ თავს. დღეში ერთხელ ვჭამთ. მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ. მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, უბინაობა, უჭმელობა, მეტი რა ვთქვა, არ ვიცი (ტირის). ოცი დღის წინ, წყალში იყო მთელი ტურბაზა და სასწაულად გადავრჩით. ვთხოვთ ჩვენს მთავრობას, პირადად კობა სუბელიანს, რომ მოგვცენ ალტერნატიული ფართი და ბოლოს და ბოლოს, ადამიანებს დავემსგავსებით. ფართის გარდა, უმუშევრობა გვაწუხებს. ელემენტარული სამუშაო ადგილი რომ იყოს, პურის ფულს მაინც ვიშვოვნიდით და ჩვენს ჯოჯოხეთურ ცხოვრებას გავიუმჯობესებდით. თუ კი შვილს პური ვერ ვაჭამე, ჩაი არ დავალევიე, რაღა მშობელი ვარ მაშინ.“

 

ბელორუსის ქუჩაზე მდებარე გარემონტებულ ბაგა-ბაღში შესახლებული დევნილი (4.11.2010)

ვაჟა მონიავა: „ძალიან ცუდ ვითარებაში ვიმყოფებით, ავადმყოფი კაცი ვარ, დახმარება 22 ლარი, პენსია კი 77 ლარი მაქვს. მითხარით, ამ თანხით წამლები თუ საკვები ვიყიდო! თბილისში დევნილებს პენსია 10 ლარით გაუზარდეს, ქუთაისში მცხოვრებს კი არ მოგვიმატეს. ჩვენ, რა, ქართველები არ ვართ? გაიძახიან, ერთიანი საქართველო! ასე უნდათ, ააშენონ? ამ მთავრობის ხელში სუფთა მათხოვრებად ვიქეცით. წყალი ათი დღეა არ მინახავს, გაზი საერთოდ არ გვქონია, მარტო მილები გამოიყვანეს. შეღებეს ფასადები, გაალამაზეს დერეფნები და... ეგ არისო! პირის დასაბანად აბაზანაში ორი ადამიანი შევდივართ და ერთმანეთს წყალს ბოთლებიდან ვუსხამთ. როგორც წვიმა მოვა, იმ წუთიდან ფანჯრებიდან წყალი შემოდის. მისი გაკეთება არ შემიძლია და რა ვქნა? სიარულის პროცესში პარკეტი ქანაობს. ერთხელ მოვიდა მერის მოადგილე, მოიყვანა ფოტოაპარატიანი გოგონა, გადაიღეს, მაგრამ მერე კაციშვილი არ გამოჩენილა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1444
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია