დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რეგულაციები „საქართველოს ფოსტის“ სასარგებლოდ?
2013/04/01 12:34:12

2013 წლის 25 იანვარს გამოიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც საბაჟოზე საქონლის შემოტანასთან/გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები შევიდა. ამან საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

 

 

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს, ორგანიზაციას წერილით მიმართა ადგილობრივ მეწარმეთა ჯგუფმა, რომლებიც საქონლის გადაზიდვის საქმიანობას ეწევიან. მეწარმეებმა აღნიშნეს, რომ ისინი სამეწარმეო საქმიანობის პროცესში სერიოზულ შეფერხებებს აწყდებიან და მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა სერიოზული საფრთხის ქვეშ დგას. განცხადების ავტორები იმასაც აცხადებენ, რომ აღნიშნული რეგულაციები ბაზრიდან მათ განზრახ განდევნას ემსახურება და ერთი კონკრეტული გადამზიდველის - „საქართველოს ფოსტას“ მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩაყენებას ისახავს მიზნად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, ბრძანების ანალიზისას მართლაც გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომლებიც მცირე და საშუალო გადამზიდველების საქმიანობისთვის მართლაც ხელის შემშლელ ფაქტორად შეიძლება იქნეს მიჩნეული. კერძოდ, ბრძანების თანახმად, რამდენიმე ისეთი პირობის დაკმაყოფილება მოეთხოვებათ, რომელიც ეჭვს იწვევს. მათ შორის  ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ გადამზიდველს ჰქონდეს საქონლის ორგანიზებულად გადაზიდვის სათანადო გამოცდილება და კარგი რეპუტაცია; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიაჩნია, რომ ეს ბაზარზე შესასვლელ ფორმალურ ბარიერს ქმნის და საქმიანობის დაწყების მსურველ ახალ მეწარმე სუბიექტს არათანაბარ პირობებში აყენებს. კერძოდ, ეს ნორმა შეუძლებელს ხდის ახალჩამოყალიბებული გადამზიდველის მიერ საქმიანობის დაწყებას.

„შეიძლება ითქვას, რომ „საქართველოს ფოსტა“ არის ერთადერთი ეროვნული გადამზიდველი, რომელიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. კერძოდ, მას აქვს საქონლის გადაზიდვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება, საბაჟო საწყობი და საქართველოს შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა,“ - აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივ გადამზიდველთა (შპს „Stargroup“ და შპს „კარა“) განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ კლიენტების შემთხვევაში არ ხდება იმ ნორმის ამოქმედება, რომელიც აწესებს გადამზიდველის პასუხისმგებლობას, რათა მან უზრუნველყოს იმპორტიორის მიერ იმპორტის გადასახდელებისა და მომსახურების საფასურის დროულად გადახდის ორგანიზება. გარდა ამისა, ზოგიერთ გადამზიდველს (შპს „კარა“) საბაჟოზე ტვირთის განბაჟების შეფერხების დროს პირდაპირ შესთავაზეს ტვირთის „საქართველოს ფოსტაში“ გადატანა და, ამ შემთხვევაში, მის სწრაფად განბაჟებას დაჰპირდნენ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, გადამზიდველთა განცხადებით, „საქართველოს ფოსტის“ მიერ შეთავაზებული ტვირთის გადაზიდვის მომსახურების საფასური რამდენჯერმე აღემატებოდა სხვა ეროვნული გადამზიდველების მიერ შეთავაზებულს.

„ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული ნორმების ამოქმედების მიზანია, დაწესდეს რეგულაციები „საქართველოს ფოსტის“ სასარგებლოდ, რათა კონკურენტ ეროვნულ გადამზიდველებს ბაზრის აღნიშნულ სეგმენტზე საქმიანობისთვის პირობები გაურთულდეთ და საბოლოოდ განიდევნონ ბაზრიდან,“ - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ამ ბრძანების ამოცანაა არა რომელიმე კომპანიის განსაკუთრებულ პირობებში ჩაყენება, არამედ ამ სფეროს მოწესრიგება.  ჩვენი მიზანია  ერთდორულად ორი რამის გაკეთება;  პირველი - არავითარ შემთხვევაში არ  შეიძლება ჩვენ დავუშვათ, ქვეყანაში ამ სფეროში იყოს ქაოსი.   მეორეს მხრივ,  ფირმებს უნდა შეეძლოთ ბიზნესის განვითარება.

„თქვენ იცით, რომ თავის დროზე ამ სფეროში იყო სერიოზული ხელოვნური მონოპოლია შექმნილი. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვაწესრიგოთ სიტუაცია, ჰქონდეს ამას კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმები, მაგრამ ამავე დროს გასაგებია, რომ თუკი ფირმას არა აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ეს ფირმა, უბრალოდ, ვერ უზრუნველყოფს გამართულად მუშაობას,“ - ამბობს ფინანსთა მინისტრი. მისივე თქმით, საქართველოში რამდენიმე კომპანია მუშაობს ამ სფეროში და  დღეს საუბარი იმაზე, რომ არის მონოპოლისტი, არ არის სწორი.

ნოდარ ხადური ამბობს, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაინტერესებული ამ საკითხით და სამინისტრო მზად არის, იმუშაოს ყველასთან ღიად და გამჭვირვალედ. „მზად ვართ, რომ გავიზიაროთ მათი შეხედულებები, მაგრამ ვინაიდან აქ არის ძალიან ბევრი რისკი, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ადამიანებს იმისათვის, რათა ბიზნესი ჰქონდეთ, მაგრამკიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს ყველაფერი არ შეიძლება გაკეთდეს ფისკალური წესრიგის ხარჯზე,“ - ასეთია ფინანსთა მინისტრის პოზიცია.

 მისივე თქმით, მან პირადად თხოვა გადამზიდველ კომპანიებს პრობლემების მოგვარება, თუმცა, მიუხედავად ამ ორთვიანი პერიოდისა, კომპანიები მაინც არ აკმაყოფილებენ სახელმწიფოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1380
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია