დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
კიბერბიჭუნები
2011/11/07 13:35:58

პლატონი თავის „სახელმწიფოში“ ერთგან მოგვითხრობს იმ ადამიანთა შემეცნების შესახებ, რომელნიც მღვიმეში სხედან, ზურგით გამოსასვლელისაკენ მიქცეულნი. როგორი სახით ევლინება მათ ის მოვლენები, რომლებიც გამოქვაბულის გარეშე მოძრაობაში გამოიხატებიან? რასაკვირველია, მხოლოდ აჩრდილის სახით, რომელიც გამოსასვლელის პირდაპირ მდებარე კედელზე აღინიშნება და, ამრიგად, დარანში მყოფთა მხედველობისათვის შესამჩნევი ხდება.

დაახლოებით, ამგვარად აღიქვამს თანადროულ რეალობას ზოგიერთი პოლიტიკანი და ობივატელი. ღირებულებითი უგრძნობლობა და სიბრმავე მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. იგი მჟღავნდება განათლებული ადამიანებისადმი სიძულვილსა და უვიცების განდიდებაში. ფასეულობათა ეს კონფლიქტი გულისხმობს ნამდვილი ღირებულების დაკნინებას მეორე, უფრო დაბალი რანგის „ფენომენისაგან“.

სნობური აზროვნება ამ შემთხვევაში კატალიზატორის როლს ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ენისა და კომპიუტერის გარეშე პოსტინდუსტრიული საზოგადოება ფრთებს ვერ გაშლის, მათი გაფეტიშება განათლებულობის აუცილებელ მახასიათებლად ვერ გამოდგება. დანიელ დეფოს რომანში „რობინზონ კრუზო“ ველური პარასკევაც კი დაეუფლა, რამდენადმე, ინგლისურ ენას, მაგრამ ამის გამო განათლებულად მას არავინ თვლის. ასევე, თინეიჯერი ჰაკერები პენტაგონის კომპიუტერულ სისტემაშიც კი ახერხებენ შეღწევას, მაგრამ ამ მიზეზით კიბერბიჭუნათა მწიგნობრობის აღიარება არავის მოსვლია თავში. მთავარია პიროვნულობის შენარჩუნება და არა რობოტებთან ინტეგრაცია. ადამიანს ისედაც მიეწერება კოსმიური მნიშვნელობა და, როგორც იტყვიან, მის გარეშე სამყაროც ცარიელია. შილერის თქმისა არ იყოს, კოსმოსი თითქოს იგრძნობს დანაკლისს, როდესაც მის წიაღში ადამიანი არ იქნება. ღირებულებათა გადაფასების პირობებში სწორედ ამგვარი აზროვნება იქცევს დიდ ყურადღებას.

ღირებულებათა გაუკუღმართებული გადაფასების ერთ-ერთი ძირეული ტენდენციაა მიკროქსენოფობიისა თუ კუთხური ქსენოფობიის ნიშნები. ქვეყნის გაერთიანებაზე გამუდმებული მოწოდების ფონზე, რატომღაც, ზუგდიდელი ადამიანის დანიშვნა იმერეთის რეგიონში უმაღლეს საჯარო თანამდებობაზე ათას მითქმა-მოთქმას იწვევს. ასევე, ობივატელთა მხრიდან უხერხულ ფაქტად აღიქმება ზუგდიდში „შვილზე“ გვარდაბოლოებული პიროვნების დანიშვნა ანალოგიურ თანამდებობაზე. საცხოვრებლად ზუგდიდიდან ქუთაისში გადასულ ინდივიდს იარლიყად „ჩამოსული“ ეკერება და - პირიქით. ამ დროს კი მთელ მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებს არავინ იხსენიებს მსგავსი „ეპითეტით“. ძნელია, ეს ყველაფერი კომენტარის გარეშე დარჩეს, რადგან ქიზიყელ ადამიანსაც ისეთივე უფლება აქვს, იგამგებლოს ქუთაისში, როგორც ქუთაისელ და ზუგდიდელ  პროფესიონალს - გორში. ბოლოს და ბოლოს, ლათინური ამერიკის ერთ ქვეყანას იაპონელი ფუხიმორი მართავდა დიდხანს, მაგრამ ეს ფაქტი აინუნშიც არ ჩაუგდია ვინმეს.

ყოველივე ზემოთქმულთან დაკავშირებულია ორმოცი წლის ასაკს გადაცილებული ადამიანების დასაქმების პრობლემაც. ამ პირების დასაქმება კეთილი ნების აქციად კი არა, კანონზომიერ მოვლენად უნდა იქნას გაგებული. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკას, ეკონომიკასა თუ კულტურას შუა ასაკს გადაცილებული ადამიანები წარმართავენ და არა თხუთმეტი-ოცი წლის მოზარდები. წითელი ქმერების, ჰუნვეიბინებისა და აფრიკული ტომების მეთოდები საქართველოში არ გამოდგება, რადგან ძალაუფლების ნება ამ უკანასკნელთა ფანტაზიას გაუგონარი ქმედებებისაკენ უბიძგებდა: შთაგონების ძალით, კაპიტნისა თუ პოლკოვნიკის წოდებამინიჭებულ ათი-თერთმეტი წლის ბავშვებს, თუკი მოისურვებდნენ, შეეძლოთ ავტომატის ჯერით ნებისმიერი ადამიანის დაცხრილვა.

ამრიგად, ყალბი და მარადიული ღირებულებების მწვავე დაპირისპირების საამდღეო მაგალითს საღად მოაზროვნე ადამიანი აქ აღნიშნულ ტენდენციებში ხედავს. ამიტომაცაა სასურველი, რომ პიროვნებამ თავისი ეთიკური არჩევანი ჭეშმარიტების ძიებისა და მარადიული ღირებულებების შეცნობისაკენ მიმავალ გზაზე შეაჩეროს. ნამდვილი ფასეულობის გადარჩენა-შენარჩუნება შეიძლება მომავლითაც, ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლოვანი მხარეების დაძლევით. რა თქმა უნდა, ეს თვითარჩევანი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს მოქალაქის იზოლირებასა და დაშორებას იმ საერთო პოზიტიური ძირისაგან, რასაც დღევანდელი საზოგადოებაც ემყარება. მაგრამ ყოველივე ადრე თქმულთან შეხება აქვს იმას, რასაც ქვეყნის გაორება შეიძლება დაერქვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაორება ადამიანური განსაზღვრულობის შედეგია, იგი მაინც წარმავალი და ცვალებადია, ამიტომ, ხანდახან ამ ცვალებადობამდეც ხერხდება წინსვლისა თუ უკუსვლის ნიშანთა შემჩნევა.

 

ნუგზარ გულორდავა

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია