დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
დიდი ფინალის მოლოდინში
2011/11/01 15:12:09

დიდი ფინალის მოლოდინში

კიდევ ერთი ვულკანის მოლოდინშია ქართული პოლიტიკური ცხოვრება. რადგან მავანნი საქართველოს ისტორიას 2003 წლიდან იწყებენ, ათვლის წერტილად მეც ამ თარიღს ავიღებ და ვიტყვი, რომ 2003 წლიდან ქართულ პოლიტიკაში უხმაუროდ არავინ მოსულა და წასულა. ვინც მშვიდად წავიდა, მათი უმრავლესობა საკმაოდ ხმაურიანად და სკანდალურად დაბრუნდა კიდეც. ახალი ვულკანი კი ჯერ ფერფლს აფრქვევს. რას და ვის გაანადგურებს ამოხეთქილი ლავა, თუ ასეთი რამ მოხდება, უპირველესად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული - ვულკანი მან გააღვიძა.

დავიწყოთ იმით, რომ ცნობილი მილიარდერის გამოჩენამ თავდაყირა დააყენა ქართული პოლიტიკური რეალობა. ხელისუფლებას 2012 -ში საპარლამენტო და 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნები გარანტირებულად მოგებული ჰქონდა. ოპოზიციის ნაწილმა ანგარება ამჯობინა პრინციპებს და ოპოზიციის სახელით სახელისუფლებო გუნდის წევრი გახდა. რეალობა კი ის იყო, ან არის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ანგარებით, და არცთუ მცირე - დაშინებით მორჩილი გახდა. კიდევ ერთი ნაწილი კი ქვეყნიდან წავიდა. ეს რეალობა კი, როგორც ვთქვი, მილიარდერი ივანიშვილის გამოჩენამ შეაჯანჯღარა.

ხელისუფლება დუმს. პოლიტოლოგები, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე ზემოთ ნახსენებ მორჩილთა გუნდში იყვნენ, არც მეტი, არც ნაკლები, გაურკვევლობაში არიან. თუმცა "რუსეთი" მათთვის რჩება არა საექსპერტო და ანალიტიკური პროგნოზის არსად, არამედ იმისთვის, რომ დააფიქსირონ ხელისუფლებისთვის საამებლური პოზიცია, რითაც ცუდ სამსახურს უწევენ როგორც ქვეყანას, ისე ხელისუფლებას. თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის მთავარი პირადი კეთილდღეობაა - ზოგჯერ თავიანთი თანამდებობები, ზოგჯერ კი - ოჯახის წევრების.

ფაქტია, ივანიშვილის განცხადებებიდან ბევრი ახალი ამბავი გაიგო საზოგადოებამ. ასეთი შინაარსის გამოსვლებს მიუჩვეველმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთეს. ნეიტრალური ექსპერტ-პოლიტოლოგების თითქმის არარსებობის გამო, ერთი ნაწილი ივანიშვილის დასამარებას წინასწარმეტყველებს, მეორე კი - მისგან მორიგ მესიას ელოდება.

ხელისუფლების მხრიდან კი გარეგნულად ყველაფერი ისე მიდის და ვითარდება, როგორც მმართველ ელიტას სურს. ამ ეტაპისთვის ხელისუფლების ნაბიჯი ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევით შემოიფარგლა. გარეგნული სიმშვიდის მიღმა კი ყველანაირად ცდილობს ხელოვნურად შეაჩეროს მოსალოდნელი პოლიტიკური კატაკლიზმები და მაქსიმალურად აკონტროლოს თავის მომხრეთა ქმედებები. არადა, ხელისუფლების მხარდამჭერ შთაგონებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება.

რადგან ხელისუფლებაზე შევაჩერე ყურადღება, იმასაც ვიტყვი, რომ მისი სპიკერების უსუსურობა არაორდინალურ სიტუაციაში ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ როგორც თავად ივანიშვილმა აღნიშნა თავის მეორე წერილში, ხელისუფლებისთვის მოულოდნელი იყო მისი პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა.

ვთქვათ ისიც, რომ ცუდად მუშაობს "ქარვასლიც" თემაც, გასაკუთრებით ხელისუფლებისთვის, რადგან 2003 წლის შემდეგ სწორედ ხელისუფლებამ "იყიდა", ანუ აყიდინა ინდულგენცია ათასობით პერსონას. პრეზიდენტისა და კულტურის მოღვაწეების შეხვედრიდან გამოსული ლელა წურწუმია ამბობდა - "ტოლერანტი პრეზიდენტი გვყავსო". თავად პრეზიდენტი კი ყველა ტრიბუნიდან ნულოვან ტოლერანტობაზე გვესაუბრებოდა.

ქარვასლის თემა კი ივანიშვილისთვის უფრო მომგებიანი გახდა, რადგან სულმოკლე ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში არცთუ მცირენი არიან და მათი სტატისტიკური მონაცემებიც კი აქვს ხელისუფლებას, რეალურად ფიქრობენ, რომ გროშებად ნაციონალებისთვის მიყიდულები ივანიშვილს დიდ ფულზე მიეყიდებიან.

ამჟამად ხელისუფლების პრობლემას არანაირად არ წარმოადგენენ ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა დასუსტებისა და "გაფარჩაკებისთვის" დიდი ძალიხმევა გასწია. ამჟამად მისი პრობლემაა ნებისმიერი ოჯახი, რომლის წევრსაც, საპროცესო გარიგებიდან დაწყებული, წამალ-იარაღის ჩადებით დასრულებული, თუნდაც ერთხელ ჰქონია შეხება სამართალდამცავებთან.

რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენენ ის ადამიანებიც, რომლებიც ჩამოწერეს მხოლოდ იმის გამო, რომ ზოგმა ინგლისური არ იცოდა, ზოგმა ნაცმოძრაობასთან დაახლოებული პირი ვერ მოძებნა და შექმნილმა სოციალურმა რეალობამ უმეტესი მათგანი საზოგადოებრივ იმპოტენტად აქცია.

ხელისუფლებისთვის პრობლემაა ყოველი სამი მოქალაქიდან ორი დაუსაქმებელიც, რომელთა უმეტესობა საკუთარი შვილებისთვის აფთიაქებში წამლის მინიმალურ დოზას ყიდულობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოს 5 წლამდე ბავშვთა გარდაცვალების რაოდენობით ევროპის 47 ქვეყანას შორის პირველი ადგილი უჭირავს. 2010 წელს კი - მხოლოდ იმის გამო, რომ სათანადო პრეპარატი ვერ მისცეს და ვერ გამოკვებეს, ერთ წლამდე 1034 ბავშვის სიკვდილიანობაა ადგილობრივი სტატისტიკით დაფიქსირებული,

და რაც ძალიან ყურადსაღებია - ხელისუფლების პრობლემას წარმოადგენს ბიზნესი. ბიზნესწრეებმა კარგად იციან, საკუთარი საქმიანობის შენარჩუნებისა და ინტერესების დაცვისთვის რამდენს "ახევდნენ" წლიდან წლამდე. დღეს მათ უჩნდებათ შანსი, რომ ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსულმა ადამიანმა იგივე ქმედებები არ განახორციელოს. ან ისეთს მაინც გადაუხადონ, რომლისგანაც მადლიერებას მაინც იგრძნობენ. შესაბამისად, ხელისუფლებამ ის რაოდენობაც იცის, რამდენისთვის აქვს წარმთმეული ლუკმა-პური ან საკუთარი ნაშრომ-ნაჯაფი.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა ის "ტიპები", რომლებსაც ხელისუფლება წლიდან წლამდე კვებავდა, ანალიტიკოსობაში ფულს უხდიდა, უქმნიდა სასათბურე პირობებს, ალბათ, თავად მიამატებენ არა მხოლოდ სეგმენტებს, არამედ უკმაყოფილო პერსონებსაც და იმ რიცხვსაც გამოყვანენ, ივანიშვილის გამოჩენით რამდენი მორჩილის ხმას კარგავენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ "ტიპებს" რეალური ანალიზის უნარი რომ ჰქონოდათ და ეს ქვეყანა ოდნავ მაინც ყოფილიყო მათთვის საფიქრალ-სატკივარი, დღეს არც ხელისუფლება იდგებოდა გადარჩენის დილემის წინაშე და არც ქვეყნას ექნებოდა ჯერაც გაურკვეველი მოლოდინების განცდა.

პრინციპში, ხელისუფლებას მოუწევს გამოსავლის გზების გამონახვა.

პირველი გზა - ტერორი. ტერორი ფსიქოლოგიური, ფინანსური და ფიზიკურ-სამართლებლივი.

მეორე გზა - რეალური ლიბერალიზმი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოების ამბიციების მოთოკვას. საგადასახადო ორგანოების თავნებობის ალაგმვას და ა.შ..

ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვნად ნეგატიურია მისადმი ლოიალური და მის მიერ შექმნილი "ოპონენტი" პოლიტიკური პარტიების ლიდერთა თავგამოდება. ხელისუფლება, მისი კონკრეტული მრჩევლები და კეთილისმსურველები ახლა მაინც უნდა მიხვდნენ, რომ რეალურად ერთპოლუსიანი პოლიტიკური საქართველო და ზოგადად არც ერთი ერთპოლუსიანი ქვეყანა სასიკეთო არაა, ხოლო თავად ხელისუფლებისთვის ადრე თუ გვიან ფატალური შედეგის მომტანია.

არის სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც. განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორში და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით, სადაც ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ჩარევა და რაც მთავარია, ეკრანებს მოარიდოს ალქაჯებს დამსგავსებული აგრესიული კასტა.

თუმცა ჯერაც უცნობია, რამდენად შეაჩერებს ერთი ან მეორე გზა საქართველოში პოლიტიკური ვულკანის ამოფრქვევას, რომლიც უკვე, ბუნებრივი ვულკანის არ იყოს, ამოფრქვევისწინარე ფერფლს ყრის და საქართველოს პოლიტიკურ ცას ფარავს. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას სწორედ ამ ორი გზიდან მოუწევს არჩევნის გაკეთება.

მესამე გზა მოვლენების თვითდინებაზე მიშვებაა, რასაც ხელსუფლება არ დაუშვებს. ან ღია დაპირისპირების პრივოცირება, რაც არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ ხელისუფლებას შეუქმნის უდიდეს პრობლემას.

2007 წლის 7 ნოემბერს ჯონ ტეფტის, ხოლო 2011 წლის 26 მაისს ჯონ ბასის მიერ გაცემული თანხმობები რუსული ბუასგან თავდასაცავად და ქვეყანაში ვარდების რევოლუციის მონაპოვრის - დემოკრატიის გადასარჩენად, ვეღარ განმეორდება. ეს უკვე იყო. ეს კი კავკასიაში აშშ-ისა და დასავლეთის სტრატეგიულ ინტერესებს გააცამტვერებს, რაზედაც თეთრი სახლი არ წავა, ან კიდევ ხელისუფლების მიერ საკუთარი თავისთვის ჩატარებული ხარაკირი იქნება.

სხვა რომ არაფერი, ძალიან რთული და დასავლეთისთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკურ პარტნიორად აირჩია, რუსეთისადმი ლოიალობა დააბრალოს. ლოიალობა იმ გაგებით, როგორადაც ამაზე ხელისუფლება აპელირებს ხოლმე ხშირად.

დაბოლოს, ივანიშვილის დღემდე გაკეთებული განცხადებები მისი პოლიტიკური მრწამსისა და პლატფორმის შესახებ არავითარ წარმოდგენას არ ქმნის. ემოციურად კი ოდნავ რიტორიკული განცხადებებით, პირველი მიზანი მიღწეულია. ივანიშვილის ირგვლივ დიდი "შემოკრება" დაიწყო. შეცდომის დიდი ალბათობაც სწორედ აქაა. ვის დაიყენებს გვერდით. ვის აქვს უფლება ოპოზიცის რიგებიდან, თვალი გაუსწოროს მრავალჯერ მოტყუებულ ხალხს და პოლიტიკაში არარსებულ გულწრფელობაზე ესაუბროს. დაველოდოთ, ვნახოთ. თუმცა ერთი რამ ფაქტია: როგორადაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ეს იქნება დიდი ფინალი და უახლოესი 10-15 წელი ამ ფინალით განვაგრძობთ ცხოვრებას.

"ჯი-ეიჩ-ენი", თემურ ჭუმბურიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1439
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია