დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„არავინ კითხულობს, დევნილები სამტრედიაში როგორ ვცხოვრობთ!..“
2011/05/16 12:54:30

ბატონო მინისტრო, კობა სუბელიანო, გთხოვთ, ეს წერილიც ყურადღებით წაიკითხოთ!

 

ჩვენი გაზეთის ფურცლებზე არაერთხელ დაგვიწერია დევნილების გაუსაძლის პირობებზე. ამჯერად სამტრედიაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულებს შევეხებით. მართალია, ახლად გარემონტებულ ხუთსართულიან შენობაში ცხოვრობენ, მაგრამ შეფერადებული ცივი კედლები მათ პრობლემებს ვერ აგვარებს. ყველას ერთი პრობლემა აქვთ - სახელმწიფო ჯეროვან ყურადღებას არ აქცევთ. ევრორემონტიან შენობაში გაზიფიცირება არ არის, ანუ თავის დროზე არ გაითვალისწინეს, რომ ამ ადამიანებს გაზი დასჭირდებოდათ. მოქალაქეები თავიანთ გასაჭირზე დაუფარავად საუბრობენ.  

 

ნელი მუზარაშვილი:  22 ლარი მაქვს დევნილობის დახმარება. ამ დროს, 30 ლარი ღირს 25 კილო პურის ფქვილი. ამ ფულით, აბა, მითხარით, რა უნდა ვიყიდო, პურის ფულადაც არაა საკმარისი. ხელისუფლებამ საერთოდ დაგვივიწყა, მრავალი წელია, დევნილების პრობლემებს საერთოდ არავინ აქცევს ყურადღებას. მხოლოდ შენობის გარემონტება კმარა? ჩემი ოჯახიდან ყველანი უმუშევრები ვართ - მეც, მეუღლეც, შვილიც. მხოლოდ პენსია და შეკერილი ხელჩანთების გაყიდვით შემოსული ფულით ვირჩენთ თავს. ოჩამჩირიდან ვარ, წლების წინ არავის ეგონა, ასე თუ წავიდოდა ჩვენი საქმე. მაშინ ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, ძლივს მოვახერხეთ თავის გადარჩენა. საშინელებაა, როცა იმ დღეებს ვიხსენებ. უამრავი წამალი გვჭირდება მე და ჩემ მეუღლეს. პენსია და 22 ლარიანი დახმარება, აბა, რას აუთავდება. მაგრამ რა ვქნათ, ასეთი ყოფილა ჩვენი ცხოვრება თურმე. ფეხი მაწუხებს, სიარული მიჭირს. უკვე აღარაფრის იმედი აღარ მაქვს.

იზოლდა კვატაია: დახმარება და ყურადღების მოქცევა ჩვენთვის უცხო ხილია, ასე აწყობილად რომ ვცხოვრობდეთ, მაშინ რა გვიჭირს. გაზი არ გვაქვს, „პლიტებზე“ ვაკეთებთ საჭმელს. წელიწადნახევარია, შუქის ფულსაც მახდევინებენ. მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, თირკმელი არ მაქვს. ისე ხელმომჭირნედ ვცხოვრობ, რომ გადახდის საშუალება არ მაქვს. მართალია, შვილები მყავს, მაგრამ იმათ თავისი ცხოვრება და ოჯახი აქვთ და ყოველთვის მათზე ხომ არ ვიქნები დამოკიდებული. 13-ლარიანი დენის ვაუჩერი გვაქვს დევნილებს, მაგრამ ჩემთან არ მოდის ეს დახმარება. ქუთაისში, აფციაურთან დავდივარ, აქ კიდევ - ვიღაც ნუკრისთან. მეუბნებიან, რომ მომიგვარებენ პრობლემას, მაგრამ ტყუილი დაპირებებია მხოლოდ. ვერ გავიგე, სად და როგორ გავარკვიო სიმართლე.ბაზარში „სუმკებს“ ვყიდი, რომ 2 ლარი მაინც ვიშოვო დღეში. თან მოხუც დედამთილს ვუვლი.

ლამარა ჯომიდავა:  ოჯახში სამი პენსიონერი და ვცხოვრობთ. მარტოხელობის დახმარებას ჩემი ორი და იღებს - 35 ლარს. სამწუხაროდ, მე იმიტომ ვერ ვიღებ, რომ მაშინ პენსია არ მქონდა და მას შემდეგ აღარ გამირკვევია, მეკუთვნოდა თუ არა ეს თანხა. ადრე ჩვენს პრობლემებსაც ისმენდნენ, თუმცა უკვე მრავალი წელია, ყველას გადავავიწყდით. მხოლოდ შენობის გარემონტება კმარა? უამრავი პრობლემა გვაქვს. წამლები ძალიან ძვირი ღირს. მართალია, ფასდაკლებებია, მაგრამ უფასოდ ხომ არ რიგდება, რაღაც პროცენტებს აკლებენ, რაც არაფერს ნიშნავს. ჩემი და ასთმის წამლებს სვამს, ყოველ ოთხ დღეში ერთი კოლოფი ესაჭიროება, ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ხომ ვერ შევუწყვეტთ. თვიდან თვემდე ანუ პენსიიდან პენსიამდე ათი ასეთი კოლოფი მაინც უნდა დალიოს. არავინ კითხულობს, ეს თანხები გვაქვს თუ არა და, საერთოდ, როგორ ვცხოვრობთ. ჩემს მეორე დას გულის და სახსრების პრობლემა აქვს. ამათ ავადმყოფობას ახლა ჩემიც დაემატა. 500 ლარის წამლები მაინც გვინდა. ამას რა თქმა უნდა, საკვების ფულიც ემატება. ღმერთმა ააშენოს სამტრედიელები, მათგან მომაქვს პროდუქტები, ერთი თვის განმავლობაში ნისიად გვაძლევენ, ანუ სანამ პენსიას ავიღებთ. გარდა ამისა, გათბობაც ხომ გვჭირდება, ცივ კედლებში  ხომ ვერ გავჩერდებით, მით უმეტეს, ჩემი და მწოლიარეა. მართლა ძალიან გვიჭირს, ასე როგორ უნდა გავძლოთ, არ ვიცი, დახმარებას კი არავინ გვპირდება. მართალია, პოლისი გვაქვს, მაგრამ ჩემს დას, ლამარას, სიარული არ შეუძლია და ექიმის ფული ხომ უნდა. თუმცა მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ გულის ექიმი ძალიან გულისხმიერი და კარგი ადამიანია.

 

***

დევნილთა პრობლემებთან დაკავშირებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და დევნილთა განყოფილებას მივაშურეთ (დევნილთა განყოფილება ახლახან შეუერთებიათ ჯანდაცვისათვის). აქ კი, იცით, რესპონდენტად ვინ დაგვხვდა? არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ ის ადამიანი, რომელზეც გაზეთის წინა ნომერში ვწერდით და რომელმაც მაშინ დაცვის თანამშრომლად წარმოგვიდგინა თავი (ხუთლარიანიც კი „აჩუქა“ თავიდან მოსაშორებლად  „აბეზარ“ მოქალაქეს, რომელიც დაცვის თანამშრომლებს „აწუხებდა“). სახტად დარჩენილებმა სწორედ ახლა შევიტყვეთ, რომ, თურმე,  სინამდვილეში, იგი დაცვის თანამშრომელი კი არა, ამ განყოფილების ხელმძღვანელი ალეკო ბარბაქაძე  ბრძანდება! მედიისადმი მეტისმეტად ტენდენციურად განწყობილი ამ ჩინოვნიკის კომენტარი კი დევნილთა პრობლემებზე ასეთი გახლავთ:

„შეიძლება საკმარისი არაა, მაგრამ შეძლებისდაგვარად ყველაფერს ვაკეთებთ დევნილების დასახმარებლად. შენობა გავურემონტეთ,ადრე კი იქ მართლაც გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. უახლოეს მომავალში ეს შენობა დაუსაკუთრდებათ. გარდა ამისა, 22 ლარით ვეხმარებით. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სოციალურად დაუცველია, მაშინ უნდა აირჩიოს: ან დევნილობის თანხა აიღოს, ან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფის მიიღოს. სამწუხაროდ, ასეა სახელმწიფო პროგრამა გათვალისწინებული. ეს ადამიანები ელექტროენერგიის 100 კილოვატს უფასოდ იღებენ. თუმცა, როცა შენობა დაუსაკუთრდებათ, ეს თანხა აღარ დაერიცხებათ. ესენი კიდევ მშვენივრად ცხოვრობენ იმათთან შედარებით, რომლებიც კერძო სახლებში არიან ჩასახლებულები და არც დენის ფული ერიცხებათ. გაზის პრობლემა კი უახლოეს მომავალში მოგვარდება.

რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც დენის ფულის ანაზღაურებას ითხოვს, აბსოლუტურად არ ეკუთვნის.ანუ 100 კილოვატზე ზევით რაც იწერება, იმას ითხოვს. რაშიც ვერ დავეხმარებით. მესმის, რომ უჭირთ, მაგრამ ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით. ტყუილია, რომ ამბობენ, არ ინტერესდებიან ჩვენი მდგომარეობითო.“

ვის დავუჯეროთ ამ შემთხვევაში: თვალზე ცრემლმომდგარ, ასაკოვან ადამიანებს, თუ ბატონ ალეკოს, რომელმაც არცთუ დიდი ხნის წინ თავად იკადრა ჟურნალისტების წინაშე ისეთი გასაოცარი ტყუილი!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1402
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია