დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიციის წარმომადგენლებმა მთავრობის სრული შემადგენლობით გადაყენება მოითხოვეს
2011/03/31 12:13:56

სამთავრობო დებატები პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ვიზიტით დასრულდა. პარლამენტის წევრებს საშუალება ჰქონდათ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსულიყვნენ და შეეფასებინათ თითოეული მინისტრი.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლამდე პარლამენტის წევრებმა დაიკავეს ტრიბუნა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ვერ მიიღეს სრულყოფილი და კომპეტენტური პასუხები მთავრობისგან. მათი გამოსვლის შემდეგ უმრავლესობის წარმომადგენლებმა უპასუხეს ოპოზიციას და შეეცადნენ თითოეული მინისტრის ინტერესების დაცვას. თუმცა მიხეილ მაჭავარიანმა მადლობა გადაუხადა მთავრობის წარმომადგენლებს კარგი მოხსენებებისთვის და აღნიშნა, რომ მათ არ სჭრიდებათ უმრავლესობის დაცვა.

ოპოზიციის მხარდაჭერით გიორგი თარგამაძემ კვლავ მოითხოვა მთლიანად მინისტრთა კაბინეტის გადაყენება დაკავებული თანამდებობებიდან. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა მთავრობა არათანმიმდევრულობასა და არასტაბილურობაში. კობა სუბელიანთან და ბაკურ კვეზერელთან ერთად დებატების ბოლო დღეს უკვე ვერა ქობალიას მიმართაც ისმოდა პრეტენზიები.

– რა სარგებლობა მოაქვს დებატებს? პირდაპირი გაგებით ვერც კვერცხს მოგცემს, ვერც ბუნდღას და ვერც კვერცხს გააიაფებს, -  განაცხადა გიორგი თარგამაძემ. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ დარბაზი დატოვა. უმრავლესობის ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილსა და  განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს, გოკა გაბაშვილს მხოლოდ თავიანთი მომხრეების წინაშე მოუწიათ უმცირესობის წევრებისთვის ეპასუხათ. პეტრე ცისკარიშვილმა მიმდინარე დებატები შეაფასა როგორც ერთ-ერთი ღია და გამჭვირვალე და აღნიშნა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრი დარჩა.

დებატების დასასრულს, ნიკა გილაურმა პარლამენტის წევრებს წარუდგინა „მთავრობის განვითრების სტრატეგიული გეგმა მოდერნიზაციასა და დასაქმებისთვის“. „ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვიყოთ კმაყოფილები“, -განაცხადა ნიკა გილაურმა. მან პარლამენტის წინაშე პირობა დადო, რომ ისევე შეასრულებენ პენსიების 100 დოლარამდე გაზრდას, როგორც შეასრულეს ყველა დანარჩენი დაპირება ბოლო პერიოდის განმავლობაში.

დებატების ბოლოს ჟურნალსიტებთან კომენტარი დავით ბაქრაძემ გააკეთა. მისი განმარტებით, ოპოზიციას სრულიად ლეგიტიმური უფლება აქვს, დააყენოს მინისტრების პასუხისმგებლობის საკითხი, რაც ბუნებრივი და დებატების თანმდევი მოვლენაა. თუმცა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის შესახებ სპეციალური განცხადებით არ მიუმართავთ. „თუ კი ასე მოხდება, პარლამენტი რეგლამენტის ჩარჩოებში განიხილავს მინისტრთა კაბინეტის პასუხისმგებლობის საკითხს,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით ბაქრაძე: „მე ვფიქრობ, დებატები ნამდვილად შედგა, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ ძალიან მწვავე გამოსვლები. ვფიქრობ, არ დარჩენილა არც ერთი კითხვა დაუსმელი, რომელიც აწუხებდა საზოგადოებას, აწუხებდა პარლამენტის წევრებს. ვიხილეთ ნამდვილად მწვავე დებატები, საქმიანი გამოსვლები, კონკრეტული წინადადებები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ დებატები შედგა. მისი საბოლოო შედეგი კი არის ის, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული იმაზე, თუ რა პრობლემებია ქვეყანაში და როგორ გადაწყდება ისინი უახლოეს პერიოდში.  ამ თვალსაზრისით ეს დებატები უდავოდ სასარგებლო იყო და არ გამოვრიცხავ, რომ სამომავლოდ ანალოგიური ტიპის დებატებმა პარლამენტში გარკვეული რეგულარული სახე მიიღოს“.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1463
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია