დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მშობელი დედა, რომელსაც დედინაცვალი გვირჩევნია
2011/04/18 12:40:32

მარიკა პროფესიით ეკონომისტია, რამდენიმე წლის წინ სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ კომპიუტერი და ინგლისური არ იცის, თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია და სამუშაოს ძებნა დაიწყო. ყველგან ერთნაირად პასუხობდნენ. ინგლისური და კომპიუტერი უნდა ისწავლოო. ერთგან ისიც  უთხრეს, მხოლოდ ქართულით შორს ვერ წახვალ და იქ დაიწყე მუშაობა, სადაც დრომოჭმული აზროვნება არსებობს. თანამედროვეობაში ინგლისური დაგჭირდება, შენ კი ამ ენას არ ფლობ, ასეთი ცოდნა არ გამოგადგებაო. რამდენიმე თვის წინ ინგლისური ენის შემსწავლელ   კურსებზე    დაიწყო სიარული.

 

მარიკა ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც დღევანდელმა სახელმწიფო პოლიტიკამ ინგლისური ენის სწავლა აიძულა. ეს კიდევ არაფერი, რაც ევროპული ქვეყანა გავხდით, სკოლებში პირველ კლასელები ანბანს კომპიუტერით სწავლობენ და იაკობ გოგებაშვილის ტრადიციული „დედა-ენა“ სრულიად სხვა სახელმძღვანელოებმა ჩაანაცვლეს. უცხო ენის, ინგლისურის პრიორიტეტული სწავლებაც ემატება. პრეზიდენტის თაოსნობით, 10 ათასი გაურკვეველი ორიენტაციის და განათლების მქონე ინგლისურის მცოდნე მხოლოდ იმიტომ ჩამოვიდა საქართველოში, რომ ქართულ სკოლებში ინგლისური ენის სიღრმისეულ სწავლას შეუწყონ ხელი. როგორი იქნება ექსპერიმენტის შედეგი, ამას დრო გვიჩვენებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს გაიძახიან, რომ დემოკრატიულ და თავისუფალ საქართველოს მშენებლობას უწყობენ ხელს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ამ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში ქართული ენის გაძლიერებაც უნდა მოიაზრებოდეს.

წლების წინ რუსული ენის გავლენას განვიცდიდით, დღეს რუსული ინგლისურმა ჩაანაცვლა და გაცილებით უფრო ავიწროებს ქართულს. მთელი საქართველო ინგლისური წარწერებით არის აჭრელებული, ირგვლივ ტრაფარეტებს, ბანერებს, შენობა-ნაგებობებს, სილამაზის სალონებს თუ სავაჭრო ცენტრებს ინგლისურენოვანი წარწერები ამშვენებს. ქუჩის სახელწოდებებიც ამავე ენითაა შემკული. ქართველებს მოდის აყოლა გვიყვარს და, რაკი ინგლისური       „მოდაშია“, სხვებს ხომ არ ჩამოვრჩებით?! მით უმეტეს, საქართველო ტურიზმის ქვეყნად უნდა გადაიქცესო, განაცხადა პრეზიდენტმა.

როცა მაღალმთიანი რაიონიდან მოხუცი კაცი ქალაქად ჩამოვა, რატომ უნდა ეგონოს, რომ საქართველოში კი არა უცხოეთშია? ხელისუფლებისათვის კი მთავარი - უცხოელი ინვესტორების მოზიდვაა და მათ გვერდით ქართველი ხანშიშესულების პრობლემა რაღა მოსატანია, მალე „ენა, მამული, სარწმუნოება“ მხოლოდ უაზრო აკვიატებად გადაიქცევა, ილიაც, შესაძლოა, წინა საუკუნის „ჩარეცხილად“ იწოდოს.

როგორც წესი, უცხო სიტყვებს მაშინ უნდა მივმართოთ, როცა მსგავსი შესატყვისი ქართულში არ მოგვეპოვება. სხვა შემთხვევაში, ეს ენის შეურაცხყოფაა. ალბათ, მართალი იქნებოდა აკაკი ბაქრაძის პუბლიცისტური წერილიდან მოგვეტანა ციტატა: „თითქოს საქართველო რუსეთის კოლონია აღარ არის, მაგრამ სულიერი კოლონიალიზმისგან ჯერ არ გავთავისუფლებულვართ... ამ სულიერ მონობას დაემატა ინგლისურენოვანი სამყაროთი მოჯადოებაც. აშშ-ით ისე ვართ მოხიბლული, რომ საღი განსჯის უნარიც კი დაგვეკარგა. თუ მტკიცე სახელმწიფოებრვი პოლიტიკა არ გამომუშავდა, საეჭვოა, ქართულმა ენამ გაუძლოს ამ ორი კოლოსის შემოტევას, ისიც დღევანდელ ვითარებაში, როცა პრესა, რადიო-ტელევიზია, წიგნი, სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები უცხოურისაკენ ანდამატივით იზიდავს ქართველობას. შეიძლება, ჯარითა და იარაღით არავინ გვემუქრება, მაგრამ გვემუქრებიან კულტურით, ენით, წიგნით. ეს კი ბევრად სახიფათო მუქარაა...“

როგორც ვხედავთ, გლობალიზაციისაკენ სწრაფვით ქართულ ენას ნელ-ნელა ვკარგავთ. ხვალ, შესაძლოა, ქართული, რომელსაც ღმერთების ენაც კი უწოდეს, მკვდარ ენათა სიაში შევიდეს,  ყოველ შემთხვევაში, ამის რეალური საშიშროება არსებობს.

და საზოგადოება როგორ უყურებს ამას?

ქეთი ლებანიძე, ფილოლოგიის  ფაკულტეტის  IV  კურსის  სტუდენტი: „ეს თემა არა მარტო ახლა, არამედ ადრეც პრობლემატური იყო, რადგან ქართული ენა რუსულის ზეგავლენას განიცდიდა. დამკვიდრებული ტერმინოლოგიით, „ენა ბინძურდებოდა“, ვხვდებოდით ბარბარიზმებს. რის გამოც ბევრმა ქართულმა სიტყვამ დაკარგა საკუთარი მნიშვნელობა.

დღესაც ანალოგიური პრობლემა დგას, რუსული, ფაქტობრივად ინგლისურმა ჩაანაცვლა. ძალზე დელიკატური მიდგომაა საჭირო, როცა რაიმე სიტყვას არასაჭიროებისამებრ ვიყენებთ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს ლექსიკურ ფონდს. ვთვლი, რომ ყველა ქართველმა უნდა იმეტყველოს სწორად, რათა ქართული ენა დაიცვას განადგურებისაგან“.

ნატრული გერგედავა, დიასახლისი:  „თუ ინგლისური არ იცი, ტელეგადაცემების შინაარსს თითქმის ვერ გაიგებ.“

ლადო მეტრეველი, მოსწავლე: „დღეს აქაური დიპლომი არაფერს ნიშნავს, წესიერ სამსახურს ვერ იშოვი. ამიტომ ინგლისურში რამდენიმე წელია, ვემზადები, საზღვარგარეთ რომ წავიდე სასწავლებლად“.

თაკო მ. (სტუდენტი):  „ინგლისური   „თუ არ იცი, პროვინციელად და ჩამორჩენილად ითვლები. ვერ ხედავთ, ტელევიზიიდან სულ ინგლისური სიტყვები ისმის. ტელეწამყვანებიც წამდაუწუმ WOW-ს და ინგლისურ სიტყვათშეხამებებს ისვრიან.“

დარეჯან წაქაძე, იურისტი: „თბილისში ვიყავი, ე.წ. ტრენინგზე. ჩემს გარდა, ყველამ იცოდა ინგლისური და დისკუსიაში უშუალოდ ებმებოდა ამერიკელ ტრენერთან. მე კი გაყუჩული ვიჯექი... მართალია, თარჯიმანი შიგადაშიგ მითარგმნიდა რაღაცებს, მაგრამ მრცხვენოდა და ჩამორჩენილად გამოვიყურებოდი. არადა, საკმაოდ საინტერესო კომენტარები მქონდა მოფიქრებული. ქართულად რომ წარმართულიყო საუბარი, დარწმუნებული ვარ, ყველა ყურადღებას მომაქცევდა.“

მამუკა არღვლიანი (ინდმეწარმე): „ბიძაჩემი ჩამოვიყვანეთ სვანეთიდან ცოტა ხნით. აქეთ-იქით რომ გაიარ-გამოიარა, გაგიჟდა კაცი: აქ რა ენაზე ლაპარაკობენ, არ მესმის ნახევარიო.“

მერაბ   გვაზავა,   ფილოლოგი:  „ქართველმა ახალგაზრდობამ კომუნისტური რეჟიმის დროს მოახერხა ქართული ენის დაცვა, დღეს კი, როცა დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ინგლისური უფრო პრივილეგირებულია, ვიდრე ქართული. ტელევიზიაში თითქმის ყველა ფილმი ინგლისურენოვანია და ტიტრებით გადის ეთერში. გაუგებარია, რატომ გვავალდებულებენ ამ ენის ცოდნას! ჟურნალისტებიც, თითქოსდა შესაფერისი სიტყვა არ არსებობდეს, ამახინჯებენ ენას და ბარბარიზმებს არ ერიდებიან.

ფაქტიურად, სკოლებში ქართული ენა,როგორც დისციპლინა, არ ისწავლება, მხოლოდ მართლწერისა და ორთოგრაფიის ელემენტარული საკითხებია პროგრამაში შესული, რაც უმცირესია და საკმარისი არ არის. არადა, ამ დროს პირველი კლასიდან ითხოვენ ინგლისური ენის შესწავლას! ბალტიისპირეთის ქვეყნებში ფეხბურთის უცხოელ მწვრთნელსაც კი, რომელსაც ფულს უხდიან, აიძულებენ, ისწავლოს იმ ქვეყნის ენა, სადაც იმყოფება. ჩვენთან?

რეალურად, რაც დღეს საქართველოში ხდება, აღმაშფოთებელია, გუშინ შექმნილი ინგლისური ენა გვეცილება მშობლიურ ენაში. იაპონია ძალზე განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ თავის ადათ-წესებს და კულტურას ფანტასტიკურად უფრთხილდება. ენა პირველი ატრიბუტია ეროვნულობის არსებობისა, ჩვენ, ამხელა განძის პატრონებს, სათანადო დაფასება გვმართებს საკუთარი ენისა“.

როგორც ვხედავთ, ენის დაკარგვის საშიშროება რეალურია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია