დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ასაკი - მინიმალური, გამოცდილება - ნული
2011/04/18 12:18:30

მოსწონს თუ არა ხალხს, რომ ჩვენს ქვეყანას 30 წლის ადამიანები მართავენ?

„საქართველოში პირველად ჩამოსული ადამიანების უმეტესობა გაკვირვებულია ჩვენი მინისტრების და უმაღლესი მოხელეების ასაკით. ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანას 30 წლის ადამიანები მართავენ, ზოგიერთ შემთხვევაში - უფრო ახალგაზრდებიც. ეს ერთდროულად შედეგი და მამოძრავებელი ძალაა იმისა, რომ ჟურნალმა „ეკონომისტმა“ ცოტა ხნის წინ საქართველოს „მენტალური რევოლუცია“ უწოდა. პირველ ყოვლისა ჩვენი მთავარი რეფორმა, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სრული ტრანსფორმაცია იყო, რაც დავიწყეთ იმით, რომ მთელი საგზაო პოლიციის შემადგენლობა დავითხოვეთ. 2003 წლიდან მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან შედარებით, „ტრანსფერის ინტერნეშენის“ მაჩვენებლით, მეტი წინსვლა გვაქვს, რაც იმის დამსახურებაა, რომ პოლიციასა და ყველა სხვა ბიუროკრატიულ სტრუქტურებში განხორციელდა რადიკალური ცვლილებები და ასევე იმის, რომ ხალხში ფართოდ იყო განცდა იმისა, რომ ეს ცვლილებები მათვე ეკუთვნოდათ“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში,  ბრუკინგსის   უნივერსიტეტში  სიტყვით გამოსვლისას.

მაინც, რატომ რჩებიან საქართველოში ჩამოსული უცხოელები გაკვირვებულნი, მოსწონთ ახალგაზრდა მთავრობის სახელმწიფო მართვის პოლიტიკა, თუ პირიქით?

ყურადღებამისაქცევი პრეზიდენტის განცხადების ბოლო ფრაზაა. საინტერესოა, თავად მოსახლეობა რას ფიქრობს და რამდენად ეხებოდათ მათ ყოველი საკადრო თუ სახელმწიფო ცვლილება?

ნინო, 19 წლის, სტუდენტი: ახალგაზრდების დასაქმებასა და მათთვის სახელმწიფოს ჩაბარებას შორის დიდი სხვაობაა. არ შეიძლება საპასუხისმგებლო თანამდებობებზე გამოუცდელი ადამიანები დანიშნო, მითუმეტეს, ქვეყნისათვის ასეთ რთულ პერიოდში. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც გამოუცდელი კადრებით ივსება ესა თუ ის სამინისტრო თუ ორგანიზაცია, რაც მათ მუშაობაზეც აისახება.“

ვალერი ცხადაძე, პენსიონერი: როგორ შეიძლება, ადამიანი უნივერსიტეტიდან ეგრევე მინისტრად გაუშვან, ან შესაბამისი ცოდნა არ უნდათ, ან გამოცდილება?! ეს პრობლემა მხოლოდ სამინისტროებში არ არის, მაგალითად, ჩვენთან პედაგოგები უსაფუძვლოდ რომ დაითხოვეს და მათ ადგილზე ახალგაზრდები დანიშნეს, მისაღებია? არ მინდა ამით ახალგაზრდა თაობას შეურაცხყოფა მივაყენო და ვინმემ იფიქროს, რომ მათ არ ვაფასებ. ძალიანაც კარგები და ჭკვიანები არიან,  მაგრამ თუ მათ გვერდით გამოცდილი კადრები არ იქნებიან, საჭირო ცოდნა საიდან უნდა მიიღონ? ამიტომ კარგი იქნება, თუ ასაკობრივი ბალანსი დაცული იქნება. რაო, მოსახლეობას ეკუთვნოდა ცვლილებებიო? მე ან თქვენ, ვინ რა გვკითხა, მინისტრებად რომ ინიშნებოდნენ, ან რეფორმები რომ გაატარეს?“

თინა მხეცაძე, 60 წლის დიასახლისი: მე რომ არ მკითხოთ, რა, თქვენ ვერ ხვდებით, როგორი შედეგებიც მოიტანა ამ ახალგაზრდა ხელისუფლებამ? პენსია თუ გაიზარდა, ფასებმაც მოიმატა და რა აზრი აქვს! სოფლის მეურნეობა აყვავების ნაცვლად განადგურდა. ბაზარში რომ შეხვალ, ქართულ პროდუქტს იშვიათად იპოვით. ეს იმის ბრალია, რომ არ იციან, რაა კარგი და რა ცუდი! ყველაფერში ამერიკას რომ ბაძავენ, ის სხვა არის და ჩვენ სხვა ვართ. ასაკიანი ხალხი სადაც იყვნენ, ყველგან გამოყარეს, ჭკვიანი ადამიანი მაგათ არ უნდათ, ვინც ჰყავთ, იმის შესაფერისად კი არის ჩვენი საქმე“.

აკაკი ჭაჭია: „ზოგადად ახალგაზრდების დასაქმება კარგია, ახალი ენერგია და ახალი ძალაა, რაც, ჩემის აზრით, კარგია სახელმწიფოსთვის, თუმცა ცოტა გამოცდილებაც უნდა ჰქონდეთ“.

ნოდარ ცერცვაძე, ეკონომისტი:სამინისტროებს თავი დაანებეთ, ჩვენი მერია გაივსო ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრებით. რომ ვიგებ, ვის რა თანამდებობები ჩააბარეს, ცუდად ვხდები. ქუთაისი პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს და ყველამ იცის, ვის რა შეუძლია: მაგრამ, იცით, საქმე რაშია? ახალგაზრდები ცოდნის გამო კი არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ ადვილად მართონ და ყველა მათი ბრძანება თუ  ინიციატივა ადვილად შეასრულონ. აბა, კაცმა არაფერი რომ არ იცის, ისეთი საქმისთვის რად გინდა.“

რამდენადაც ჩანს, მოსახლეობის ნაწილი სულაც არ ეთანხმება ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობის ახალგაზრდა კადრებით შევსებას და ვიდრე მთავრობა თავისი ასაკით თავს მსოფლიოში იწონებს, ხალხი მდგრადი ეკონომიკის შედეგების მოლოდინშია.

ცნობისათვის გეტყვით, რომ მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ახალგაზრდა მინისტრები ვერა ქობალია და ბაკურ კვეზერელი არიან, მათი ასაკი სულ რაღაც ოცდაათი წელია. მათ მოსდევს ოცდათერთმეტი წლის თავდაცვის მინისტრი. მსგავსი ვითარებაა ქუთაისის მთავრობაშიც. ადგილობრივი ხელისუფლების დაახლოებით 70% ახალგაზრდა კადრებითაა დაკომპლექტებული. კულტურის სავანეში - ქუთაისში, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახური 24 წლის ახალგაზრდას ჩააბარეს, ახალი მოწვევის საკრებულოში კი ყველაზე საპასუხისმგებლო კომიტეტებზე, ერთსულოვნად, დაახლოებით ამავე ასაკის პიროვნებები დანიშნეს.

ჩემი პუბლიკაციის მიზანი რომელიმე მაღალჩინოსნის ნიჭიერებისათვის ჩრდილის მიყენება სულაც არ არის, უბრალოდ, როგორც ყველა თქვენგანს, მეც მიკვირს, როგორ ახერხებენ - ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე დაუფიქრებლად აიღონ! სიტყვა „დაუფიქრებლად“ შემთხვევით არ მიხსენებია, რადგან, დაფიქრებას დრო სჭირდება, რისი საშუალებაც, არა მგონია, უნივერსიტეტიდან გამინისტრებამდე ჰქონდეთ. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3156
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია