დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ვინ მოგვცემს ხელფასს პოეზიისთვის?
2011/10/31 11:54:27

„აქ მერლინ მონრო და დოსტოევსკი ერთმანეთს აკოცებენ ტუჩებში“

 

მაგიდაზე ამხტარი ენერგიული ახალგაზრდა, ვნებით წაკითხული ლექსი, ავანგარდი, სიმბოლიზმი. ეს მე-20 საუკუნის ქუთაისი და ცისფერ-

ყანწელებია. ყოველთვის რთულია, საზოგადოებას შესთავაზო ის, რაც გამოხატვის მკვეთრ ფორმებს მოითხოვს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება ხელოვნება იქცეს, თუ ამას თავად ხელოვანი გადაწყვეტს. ახალ საუკუნეს ახალი მოთხოვნები აქვს კულტურისადმი, მაშინ, როდესაც თანამედროვე ხელოვნებას თითქოსდა მიეძინა, კიდევ შემორჩა შემოქმედთა ის ნაწილი, რომელაც ძალუძს მისი გამოფხიზლება. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდათა ის ჯგუფი, რომელიც  ირიბი მოქმედების კიბერ თეატრი-ს სახელითაა ცნობილი: გიორგი ხასაია, გიორგი წურწუმია, ვაკო ნაცვლიშვილი, მირიან გორგოძე, ლევან იბილეიშვილი.

გვესაუბრება „კიბერ თეატრის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი და მთარგმნელი გიორგი ხასაია:

„ჩვენ პერფორმანსებს ვაკეთებთ, დაახლოებით, ოთხი წელია. გვქონდა გამოსვლები უნივერსიტეტის მცირე დარბაზში, ვიდექით ქუჩაში და ვყიდდით ლექსებს ცალობით. 2007-2009 წლებში მე და ჩემი მეგობარი გიორგი წურწუმია დაკავებულები ვიყავით ლიტერატურული რადიოგადაცემით, მაგრამ ყველაზე დიდი გამოხმაურება მაინც, „კიბერ თეატრმა“ ჰპოვა.

რაც შეეეხება კონკრეტულად „ირიბი მოქმედების კიბერ თეატრს“, ამას შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკური ვიდეო არტი. ეს არის გარკვეული სახის თამაში, მისი ამოცანაა, „სპამებივით“ გაავრცელოს, როგორც ესთეტიკური, ასევე პოლიტიკური იდეები, მას არ აქვს პირდაპირი მიზანი,  მთავარია, დაიწყოს ფიქრი, საუბარი იმ თემებზე, რომლებსაც, როგორც წესი, გავურბივართ; უსიტყვოდ ვემორჩილებით წესებს, ნორმებს, რომელსაც კულტურა გვიწესებს და დაბადებიდან ტყვეობაში ვართ. ჩვენთან პოლიტიკური ხელოვნება არ არის მაინცდამაინც დიდად განებივრებული, რადგან გვაქვს ხელოვნების ცოტა განსხვავებული აღქმა, აქ ხელოვნებად ითვლება ის, რაც ასრულებს დამატებით სარელაქსაციო ფუნქციას. მაგალითად: როგორც ლამაზი ბუნება, გვიყვარს მშვენიერება და გვინდა, რომ როგორმე ხელოვნებაც აქეთკენ მივმართოთ, რათა მოგვგვაროს ღიმილი, გაათბოს გულები. ყველაფერს, რაც ამის გარეთ არის, ჩვენ ვერ აღვიქვამთ ხელოვნებათ. მაღალი დონის კულტურა სასაფლაოა, ორი მთავარი მიზეზის გამო: ქართულ კულტურაში დომინანტური ადგილი უჭირავს მიცვალებულს. ვინ არიან ჩვენი გმირები? ისინი მკვდრები არიან და აქ ყველაფერი დაღდასმულია ჯვრით. ყოველთვის ვცდილობთ საერო მოღვაწეთა კანონიზება მოვახდინოთ ჯვრით. ვფიქრობ, ეს არასწორია.

არ მეწყინება, თუკი საზოგადოება ჩვენს ნაშრომს ვერ აღიქვამს როგორც ხელოვნებას, რადგან გვაქვს საკუთარი სტრატეგია შემოქმედებითი განვითარებისა, ნაწილს შეუძლია სწორად აღიქვას და გაიგოს სათქმელი, ნაწილს კი არა.

თეატრის გარდა, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ თარგმანზე. ვაკეთებთ ამერიკულ და რუსულ ტექსტებს. მათი პოლიტიკური პოეზია შოკის მომგვრელად ჰგავს ერთმანეთს. ერთი მხრივ - დასავლეთი, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია და მისკენ მივისწრაფით, მეორე მხრივ - კი რუსეთი, რომელთანაც ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ იქ დაბრუნება აღარ გვინდა. ამ სფერომ იმდენად დაგვაინტერესა, რომ მომავალში ვგეგმავთ წიგნის გამოცემას, რომლის გარეკანის მონახაზი უკვე გვაქვს. აქ მერლინ მონრო და დოსტოევსკი ერთმანეთს აკოცებენ ტუჩებში. ერთი, როგორც რუსული კულტურის მთავარი ხაზი, მეორე კი - ამერიკულის. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო და კარგად გრძნობენ ერთმანეთთან  თავს.

ამ ბოლოს რუსეთში ჩატარდა პოეტური ბიენალე, სადაც წარმოდგენილი იყო რუსი ავანგარდისტები: კირილ მედვედევი, პაველ არსენევი, რომელთაც ჩვენ ვთარგმნით. იქ გააკეთეს მოხსენება თემაზე „ახალი პოლიტიკური მგრძნობელობა“; პოეზია და აქტივიზმი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი გვეკავა ჩვენ - „ირიბი მოქმედების კიბერ თეატრს“.

ნამდვილი შემოქმედი ამ სფეროში არასოდეს მოდის ფულის გასაკეთებლად, რადგან, ვინც შეგნებულად ირჩევს ამ სფეროს, იცის, რომ აქ არ არის ამის შანსი. თუ ანაზღაურებას ეძებ, რომანები უნდა წერო, ან შოუბიზნესით დაკავდე, იქნებ უმჯობესიც იყოს. მე ვამბობ იმ ახალგაზრდების საყურადღებოდ, რომლებიც სულს და პურს ერთმანეთს ურითმავენ, - ეს არ არის ხელოვნება.

ქუთაისი ძალიან ძველი ქალაქია, ბევრი რამ უნახავს, ამიტომ ერთჯერადი პერფორმანსებით ვერ გააკვირვებ. ის, რაც შეიძლება თბილისში გამოგადგეს აუდიტორიის თვალის ასახვევად, აქ ეგ არ გამოვა. ნათქვამია, რომ ჩვენთან ძაღლებიც კი ნიღბებით დადიან, ამიტომ თვითდამკვიდრებისთვის აუცილებელია, კარგად დაინახო შენი შეცდომები და შეეცადო გაუმჯობესებას. სხვანაირად არაფერი გამოვა.

...„პოლიციელის მკვლელობა“, „სულთა მებადურები“, „ყველაფერი მიედინება“, „ფული და ლოცვა“, „შეცდომების გასწორება“ - აი, ეს ვიდეო არტები შესთავაზა ამ ბოლო პერიოდში საზოგადოებას „ირიბი მოქმედების კიბერ თეატრმა“.

 

ნონა ქარციძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1462
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია