სასწავლო წლის ყველაზე პრობლემურ კვირად 14-21 სექტემბერი იქცა. საჭირო წიგნების გაუთავებელი ძებნა ჯერ არ დასრულებულა.
მოსწავლეების ნაწილი უწიგნოდაა, ან ნათხოვარი სახელმძღვანელოთი მეცადინეობს.
მაღალ კლასებში სასკოლო წიგნების სრული კომპლექტის შესაძენად 200 ლარამდეა საჭირო.
„მე-7 კლასის სახელმძღვანელოს ვყიდი 3-4 ლარად, რომ შვილს მე-8 კლასის წიგნები ვუყიდო, მაგრამ ჯერ ვერ გავყიდე. ჩვენ ნახმარ წიგნებს იაფად ვყიდით, ვაჭრები კი ძვირად ყიდიან,“ - გვიყვება ენძელა ახვლედიანი.
„ყველაზე ძვირი მე-7, მე-9, მე-10, მე-11 კლასის წიგნებია, მათ კიდევ თავისი რვეულები მოჰყვება. წელს მთლიანად შეცვლილია მე-4, მე-7 და მე-10 კლასის სახელმძღვანელოები,“ - გვარკვევს წიგნებით მოვაჭრე, „საქწიგნის“ მაღაზიის ყოფილი გამგე ეთერ ციცხვაია.
წიგნების პრობლემა რომ გადაუჭრელია, ამას 38-ე საჯარო სკოლის დირექტორი გივი ჯავახაძეც ადასტურებს: „ ავანგარდის, ანუ სულხან-საბას დასახლებაში, მეტწილად, სოციალურად დაუცველი და უმუშევარი ხალხი ცხოვრობს, ზედა კლასებში სახელმძღვანელოების მთლიანი კომპლექტი რომ შეიძინონ, 200 ლარი არ ჰყოფნით და ვერ ყიდულობენ. გამოდის, რომ ბავშვი წიგნს მოსწყდა. ჩვენი რესურსით მხოლოდ იმას ვახერხებთ, რომ სკოლაში ერთი წიგნი მაინც დავდოთ.“
ამაზე მეტის გაკეთება, დირექტორის თქმით, სკოლას აღარ შეუძლია, რადგანაც ვაუჩერი მასწავლებლის ხელფასსა და კომუნალურ ხარჯებს თუ სწვდება. მათ კი, ვინც სოციალურად დაუცველნი არიან, სიღატაკის ზღვარს უახლოვდებიან და ოდნავ დააკლდათ სარეიტინგო ქულა, წიგნების პრობლემა გადაუჭრელი რჩებათ, “- აღნიშნავს გივი ჯავახაძე.
სამეცადინო მასალა იმდენად დიდია, რომ მისი დაქსეროქსება სიძვირის გამო აზრს კარგავს. მისი ფასი წიგნის ღირებულებას ბევრად გადააჭარბებს.
38-ე საჯარო სკოლის მე-3-ბ კლასის დამრიგებელმა დალი კაკაურიძემ აგვიხსნა, რომ ქართულსაც და მათემატიკასაც სამ-სამი საშინაო და საკლასო რვეული მოჰყვება, ასევე შესაძენია ბუნების, სახვითი ხელოვნების წიგნები, მუსიკის რვეული, ტესტირებების წიგნები კი 5 და 7 ლარი ღირს.
თუმცა ყველა საჭირო წიგნის შოვნა მაინც შეუძლებელია, წიგნის ბაზრობაზე მშობლები ძალიან ხშირად ეძებენ რაუნდაფის იგლისური ენის სახელმძღვანელოს, ხუციშვილის მათემატიკას, მე-5 კლასელებისათვის ტატიშვილისა და მაისაიას სახელმძღვანელოებს.
ოჯახის შესაძლებლობებში, სასკოლო სახელმძღვანელოების გარდა, კლასგარეშე ლიტერატურისა და თვალსაჩინოების ადგილი აღარ რჩება.
ყველაზე ძვირადღირებულ წიგნთა ჩამონათვალში მე-9 და მე-10 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოა, მისი ფასი კი 20-25 ლარია. პედაგოგთა კავშირ „განათლება და სამყაროს“ თავმჯდომარე ნანული რამიშვილი აღნიშნავს, რომ დევნილთა ?6 სკოლაში შეცვლილი პროგრამის გამო 7-10 კლასის სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ არ აქვთ, რაც შეეხება მეორად წიგნებს, მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ისინი უხარისხოა.
ეს ორგანიზაცია მასობრივი უწიგნობის ფონზე ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დახმარებით იმას ახერხებს, რომ დევნილთა სკოლების ბიბლიოთეკაში შეიტანოს საჭირო წიგნები, მხატვრული ლიტერატურა, მაგალითად, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, განმარტებითი, ორთოგრაფიული ლექსიკონები, ატლასები და მაგნიტური ანბანები.
მართალია, თითოეულ ბავშვს აქვს უფლება, იყოს სოციალურად დაცული და სახელმწიფომ საამისოდ მიიღოს აუცილებელი ზომები, მაგრამ ვიდრე სახელმწიფო ამას მოახერხებს, ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საზოგადოებას შეუძლია.
ბავშვის სიღარიბის შემცირება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, სწორედ ამიტომაც, თუკი ისეთი სასკოლო სახელმძღვანელო მოგეპოვებათ, რომელიც წელს რომელიმე კლასის მოსწავლეს გამოადგება, მისი შეგროვების კამპანია ძალიან მნიშვნელოვანია.
ამ კამპანიას ქუთაისში ორგანიზებას „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“ 25 სექტემბრიდან გაუწევს. ცენტრის პროგრამების დირექტორი გია ცაცაშვილი ამბობს, რომ ეს იქნება ხანგრძლივი კამპანია, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში შესაძლოა განათლების რესურს-ცენტრი და თვითმმართველობაც ჩართონ. ასევე ამ კამპანიის ფარგლებში აქცენტირდება ის პრობლემაც, რომ სასწავლო პროგრამები არასტაბილურია და გასული წლის სახელმძღვანელო მომავლ წელს გამოუსადეგარია.
„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი ხვიჩა ვაშაყმაძე აზუსტებს, რომ არამარტო სასკოლო წიგნების შეგროვება დაიწყება, არამედ მხატვრული ლიტერატურისა და თვალსაჩინოებების: „იმ დროს, როცა მოსწავლეების დიდ კონტინგენტს წიგნები არ შეუძენია, ეს კარგი ინიციატივაა და მას ორგანიზებას მაქსიმალურად გავუწევთ“.