საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ მურღულიას პრემია-დანამატი არ აუღია
2017/03/22 14:12:00

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ზვიად ჯავახიამ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.  


„შოთა მურღულიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის პერიოდში პრემია-დანამატი არ მიუღია. რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს,  გიკონკრეტებთ, რომ სამსახურის უფროსებმა აიღეს პრემია ერთხელ, თანამდებობრივ სარგოს ოდენობით. და ეს ინფორმაცია ცხრილშივე იყო. სამსახურის უფროსების დარიცხული ხელფასები შეადგენს 1700 ლარს,რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით აკლდება საშემოსავლო 20 %."

 

ჯავახიამ სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ბოლო დროს გარკვეული პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აბსურდულ ინფორმაციებს ავრცელებენ. კონკრეტულად საუბარია თანამდებობის პირებზე გაცემულ პრემია დანამატებზე. რომ თანამდებობის პირებმა პრემია ერთხელ iso სერტიფიკატის გამო მიიღეს.

 

ქუთაისი პირველი თვითმმართველობაა, რომელმაც საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო მიიღო საუკეთესო მენეჯმენტისთვის. აქვე კიდევ ერთხელ განიმარტა, რომ ქუთაისის მერს მერობის პერიოდში პრემია დანამატი არ აუღია. რაც შეეხება მერის მოადგილეებს აქაც არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა, (6 თვეში 35 000 პრემია დანამატი)რაც სრული აბსურდია. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებთ, რომ პრემია გაიცა ერთხელ ხელფასის ოდენა და ეს მერის მოადგილის შემთხვევაში იყო 2100 ლარი.

 

ჯავახიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გამჭირვალობა საქართველოს" მერიიდან მიეწერა ოფიციალური წერილი იმ უზუსტობებზე, რომელიც ენჯეომ კვლევაში დაუშვა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ კვლევაში შესწორება არ შეიტანა, ამიტომ კვლევაში დაშვებული ხარვეზების შესახებ მიწერილი წერილის დეტალები მან გაასაჯაროვა.

 

აქვე გთავაზობთ იმ წერილს, რაც მერიამ გაუგზავნა კვლევის ავტორ ორგანიზაციას.

,, „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ ქუთაისის რეგიონული წარმომადგენლობის კოორდინატორს/იურისტს ქალბატონ ლელა მოწონელიძეს ქალბატონო ლელა, მ/წლის 13 მარტს გამოქვეყნდა თქვენი ანგარიში. გვინდა ხაზი გავუსვათ უზუსტობებს, რომელიც შეეხება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კვლევისას შედგენილ თქვენივე დასკვნას, კერძოდ,

 

1. დასკვნაში მითითებულია, რომ ჩვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაუდგენელია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ აღებულ იქნა თუ არა პრემია-დანამატი. მაშინ როდესაც, ჩვენს მიერ გამოგზავნილ წერილში არსებულ ცხრილში პრემია-დანამატის გრაფა შოთა მურღულიას გასწვრივ არის ცარიელი, რაც ლოგიკურად გულისხმობს იმას, რომ შოთა მურღულიაზე არც პრემია გაცემულა და არც დანამატი. აქვე ვაზუსტებთ, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის-შოთა მურღულიას დარიცხული ხელფასი შეადგენს 2750 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები 2100 ლარს.

 

შოთა მურღულიას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერობის პერიოდში პრემია-დანამატი არ მიუღია. რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირების პრემია-დანამატებს, გიკონკრეტებთ, ჩვენს პასუხშივე გარკვევით ეწერა, რომ სამსახურის უფროსებმა აიღეს პრემია ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. მათი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ცხრილშივე იყო ინფორმაცია. სამსახურის უფროსების დარიცხული ხელფასი შეადგენს 1700 ლარს, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით აკლდება საშემოსავლო გადასახადის 20%.

 

2.დასკვნაში მოყვანილია, თითქოსდა იმერეთის რეგიონში მოქმედ გამგეობებსა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული პრემიების თარიღი ერთმანეთს ემთხვევა/მაგ: საახალწლოდ, სააღდგომოდ, მარიამობის და ა.შ/. გაცნობებთ, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არაერთხელ აქვს საჯაროდ გაცხადებული, რომ უარს ამბობს საყოველთაო პრემირების მანკიერ პრაქტიკაზე /სხვათაშორის აღნიშნულ შეხვედრებს თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ/. თვალსაჩინოებისთვის დანართის სახით წარმოგიდგენთ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში პრემიის გაცემის დასაბუთებულ საფუძველს /მოხსენებით ბარათს/.

 

3. და მნიშვნელოვანი დაზუსტება, რომელიც შეეხება ქუთაისის მერიის მიერ გაცემულ ჯამურ პრემია-დანამატებზე ყველაზე მაღალ მაჩვენებელს იმერეთში. როგორც თქვენთვის ცნობილია ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში იმერეთის მასშტაბით დასაქმებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია იმერეთის რეგიონში არსებულ სხვა გამგეობებთან შედარებით, ხოლო ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იმერეთის რეგიონში შემავალ თერთმეტივე რაიონის გამგეობის ჯამურ ბიუჯეტზე ბევრად მეტია.

 

ამდენად, აღნიშნული კუთხით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და იმერეთის რეგიონის სხვა გამგეობების შედარება, რბილად რომ ვთქვათ, არაკვალიფიციურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში თქვენს მიერვე საჯაროდ იქნება გასწორებული არსებული უზუსტობები."

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9281
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია