შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 მარტს ქუთაისში ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტი იგეგმებოდა. აფეთქება დაგეგმილი იყო ქალაქის მერიის, იუსტიციის სახლისა და ლეიბორისტული პარტიის ოფისთანაც. სამინისტროს ცნობითვე, დაკავებული არიან მანუჩარ და ავთანდილ ძაძუები, რომლებიც ქუთაისში ტერაქტების მოწყობას ჰექსოგენის გამოყენებით გეგმავდნენ.
სამინისტროსვე ინფორმაციით, გაირკვა, რომ ქუთაისში ტერაქტების განხორციელება, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მანუჩარ ძაძუას ოჩამჩირეში რუსმა ლეიტენანტმა ალექსეი უშაკოვმა შესთავაზა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ტერორისტული შემოტევების თავიდან ასაცილებლად, მუშაობის კიდევ უფრო გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა:
„უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და მეტი ვიმუშაოთ, რათა საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო გავხადოთ. წინა წლებში ტერაქტების სქემა ცხინვალის რეგიონიდან ხორციელდებოდა, ახლა კი აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იმართება. კონტრტერორისტული ღონისძიებების თვალსაზრისით, ახლა, წინა წლებთან შედარებით, უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს მუშაობა გასაძლიერებელია, რათა მაქსიმალურად დაზღვეულები ვიყოთ“, - დასძინა სააკაშვილმა.
ტერაქტების ორგანიზებაში ბრალდებულებს მანუჩარ და ავთანდილ ძაძუებს, ასევე კალისტრატე მალანიას წინასწარ აღმკვეთი ღონისძიება სასამართლომ 1 აპრილს შეუფარდა - წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტერორისტული აქტის მომზადების ბრალდებით.