დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ცენტრალურმა მოედანმა ვერც დავით აღმაშენებლის ძეგლი შეითვისა!
2011/02/14 11:42:56

8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, პირველად გამოჟონა ცნობამ, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მეფის ძეგლს აიღებენ და „სადგურის მოედანზე“, ლენინის ძეგლის ყოფილ ადგილზე დადგამენ. თურმე აქედან გაჰხედავს მეფეთმეფე თავისი სახელობის პროსპექტს. 

„ბორბლებზე შემდგარ - მოსიარულე“ ძეგლების თემა საქართველოში ვისღა უკვირს, ისიც ვის გააოცებს, რომ ისტორიული მონუმენტი აიღონ და მის ადგილზე ყინულის მოედანი ან შადრევნები დაამონტაჟონ; უკვე ყურიც მიეჩვია პოლიტიკური კონტექსტებით დატვირთულ ინფორმაციებს, თვალიც და, მგონი, ტვინიც.

და, მაინც, არის რაღაც, რაც არ უნდა მოდუნდეს:

საზოგადოებრივი აზრი! ხალხის ნება!

 

საშუალო და უფროსი თაობის ქუთაისელებს კარგად ეხსომებათ 80-იანი წლების ბოლოს გამართული ის მწვავე დისკუსიები (მაშინ აქციებს არავინ ატარებდა), ქუთაისში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას რომ ახლდა.

- სად დაიდგას ჩვენი უპირველესი მეფის ძეგლი, როგორი უნდა იყოს და ვინ შეასრულოს? - ეს იყო ამ დისკუსიების ძირითადი შინაარსი.

ქალაქის იმჟამინდელ ხელმძღვანელობას (თემურ შაშიაშვილი) უპირობოდ მიაჩნდა, რომ ძეგლი ცენტრალურ  მოედანზე  უნდა  დადგმულიყო   და  მისი  შექმნის პატივი გამოჩენილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ელგუჯა ამაშუკელს რგებოდა. ამაშუკელის ტრადიციული მანერისამებრ, როგორც მის მიერ ადრე შექმნილი გორგასალი, ძლევამოსილი დავით მეოთხეც  ცხენზე  უნდა  ამხედრებულიყო,  ხელში კი გელათის მაკეტი სჭეროდა. ბრინჯაოში ჩამოსხმული მეფე ქალაქის გულში უნდა მდგარიყო და ფუნქციურად დაჰკავშირებოდა თანამედროვეობის მჩქეფარე რიტმს.

იმის მიუხედავად, რომ ძეგლისა და მისი ავტორის ბედი წინასწარ უკვე გადაწყვეტილი იყო, მაინც გათამაშდა „საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების“ ერთგვარი ფარსი და ქალაქის ინტელიგენციის იმ ნაწილისათვის, რომელსაც მკვეთრად განსხვავებული პოზიცია ეჭირა, დისკუსიების გამართვის შესაძლებლობა დაუშვეს.

ამ მოწინააღმდეგე მხარეს ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენციის ცნობილი კოლორიტული სახე - არქიტექტორი ამურ ფხაკაძე და მისი მხარდამჭერი კოლეგები, კონსტრუქტორები, მხატვრები, ისტორიკოსები, საზოგადოებრიობის აქტიური წარმომადგენლები შეადგენდნენ. „ამურის ბანაკმა“ საკუთარი პროექტის დაცვა არაერთხელ სცადა, ხელმოწერებიც კი შეგროვდა და საზოგადოებისა და ხელისუფლებისადმი მიმართვის პრესაში გამოქვეყნების მცდელობაც ჰქონდათ, თუმცა - ყველაფერი უშედეგოდ (სხვათაშორის, ასე იყო გალაკტიონის ძეგლის დადგმის შემთხვევაშიც).

არქიტექტორ ამურ ფხაკაძისა და მოქანდაკე რეზო რამიშვილის პროექტით, დავითის ძეგლი - კოლოსი ქუთაისის მახლობლად, გოდორას მთაზე უნდა აღმართულიყო, ისე, რომ ქალაქის ყველა წერტილიდან გამოჩნდებოდა: დიადი, ბრწყინვალე, ძლევამოსილი. მისთვის ტროლეიბუსის სარკმლის ჭუჭყიანი მინიდან, გულგრილად კი არ უნდა ემზირა ვინმე შემთხვევით მგზავრს, არამედ, საქართველოს ყველა დროის უპირველეს მეფეს შორიდანვე კრძალვითა და პატივისცემით უნდა მიახლებოდა შთამომავლობა. ძეგლის მისადგომი გზა, კვარცხლბეკი, თავად კოლოსის შიგა სართულებზე (თუ სწორად მახსოვს,  7  სართული  უნდა  ყოფილიყო)  განთავსებული  ბაქან-გადასახედები, პატარა, კულტურულ-შემეცნებითი მნიშვნელობის მაღაზია-დაწესებულებები, ტურისტული ინფრასტრუქტურა - მთლიანად გააცოცხლებდნენ და თანამედროვეობასთან უშუალო კავშირში მოიყვანდნენ საქართველოს ისტორიის გარდასულ ფურცლებს.

ისიც საინტერესოა, რომ სანამ ამურ ფხაკაძე და მისი თანამოაზრენი გოდორას მთაზე დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის იდეას გაახმიანებდნენ, გაცილებით ადრე, იგივე მოსაზრება სხვისგანაც მსმენია...

პოეტი და რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი რუთა ბეროძე, რომელიც ჩემი განყოფილების გამგე გახლდათ გაზეთ „ქუთაისის“ რედაქციაში, ჭკვიანი, ინტელექტუალური, ნატიფი გემოვნების ადამიანი იყო. ერთხელაც, რედაქციის ფანჯრიდან გოდორას მთის ლამაზი კონტური დამანახა და მითხრა: „იცი, რაზე ვფიქრობ? იქ უნდა დაიდგას დავით აღმაშენებლის ძეგლი! ნახე, რა ადგილია!“ მერე, სხვა დროს, ორ-სამჯერ კიდევ გაიმეორა ეს აზრი, სერიოზულად იყო ატაცებული ამ იდეით. არადა, სწორედ იმ ხანებში, საკავშირო კომპარტიის ცეკას სპეციალური დადგენილებით, აკრძალული იყო მეფეების ძეგლების დადგმა, როგორც პიროვნებათა კულტად ქცევის მანკიერი წინაპირობა.

ამურიც, რუთაც, რეზო რამიშვილიც, ალეკო კვიმსაძეც  და სხვებიც - ქუთაისის ღირსეული შვილები იყვნენ, დავითის ქალაქის გულწრფელი მეჭირისუფლეები, აკი ამიტომაც ასე ემთხვეოდა მათი აზრი ერთმანეთს (დისკუსიები რომ დაიწყო, ქალბატონი რუთა უკვე კარგა ხნის გარდაცვლილი გახლდათ).

ძეგლი-კოლოსის იდეამ კრახი განიცადა, ქალაქის ინტელიგენცია ახლა იმასღა ცდილობდა, როგორმე დაეთანხმებინა ხელმძღვანელობა, რომ ცენტრალურ მოედანზე, ჩაკეტილ სივრცეში მაინც არ მოემწყვდიათ დავითის ძეგლი.

კარგად მახსოვს, ერთ-ერთ დისკუსიაზე (რომელსაც მე ვაშუქებდი გაზეთისათვის), ამურ ფხაკაძის უახლოესმა მეგობარმა და თანამოაზრემ, ნიჭიერმა კონსტრუქტორმა ავთანდილ სინაურიძემ  თქვა: „საათის“ გვერდით რომ სახლი დგას, იქ, მეოთხე სართულზე, ჩემი მეგობარი ცხოვრობს. ის რომ ყოველდღე, ახალგაღვიძებული, უდარდელი მთქნარებით გადმოხედავს ზემოდან მეფის ძეგლს, ისეთი „დავითი“ მე არ მინდაო.

ხოლო ინტელიგენციას რა უნდა, ამაზე არასდროს არცერთი ხელისუფალი არ ფიქრობს და მაშინდელი რატომღა იქნებოდა  გამონაკლისი? დადგეს ელგუჯა ამაშუკელის ძეგლი პირდაპირ თეატრის წინ და საკმაოდ უხერხულადაც; კარგად მახსოვს ის პირველი რეაქცია, როცა რომელიღაც პრემიერიდან თუ საღამოდან გამოვედით და თეატრის გამოსასვლელი კარიდან პირველად შევხედეთ კიბის პარალელურად გამოკვეთილ - დავითის ცხენის გავას, კუდს და გენიტალიას...

მოედანზე გაჩერებულ სამარშრუტო ტაქსში მჯდომი რომელიღაც სოფლელი ბერიკაცის საუბარიც მაგონდება, თანამგზავრს რომ უხსნიდა, დავითის ცხენის ოთხივე ფეხის შეწყვილებულ მოძრაობაში სიზუსტე თუ თანხვედრა არ არის დაცულიო. ამ ბერიკაცმა ისიც მიაყოლა: „ჩვენი მეფეები ომში სულ ჭაკი ცხენებით შედიოდნენ, რადგან... ამას კიდევ... ახედე ერთიო!..“ მოკლედ, მხატვრულ - იდეური ჩანაფიქრისა რა მოგახსენოთ, მაგრამ წმინდა ფიზიოლოგიური მონაცემებით კი დაიწუნა მეფის ცხენი.

სიტყვა „პრეზენტაციას“ მაშინ არავინ ხმარობდა, ძეგლის საზეიმო გახსნა კი მართლაც ტრიუმფალურად მოეწყო. სააკაშვილისგან განსხვავებით, შევარდნაძე ძალზე იშვიათად ჩამოდიოდა რეგიონში (მის ჩამოსვლას მოგუგუნე თვითმფრინავით, გადაკეტილი ქუჩებით და ჯაჭვის ხიდიდან, საფიჩხიიდან თუ საღორიიდან ავტოქარხნისკენ ფეხდაფეხ დაძრული, ბარგაკიდებული ხალხის ნაკადით ვიგებდით), აი, იმ დღეს კი მთელი თავისი მთავრობით ჩამოვიდა. 3 ათასამდე უცხოელი, საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი ესწრებოდა ძეგლის გახსნას.

საოცარი მომენტი: ძეგლი ოფიციალურ გახსნამდე ზეწრით იყო შებურვილი, მერე, ჩამოხსნა რომ სცადეს (საზეიმოდ, ტაშის ცემასა და ხმაურში),  ქსოვილი გაჯიუტდა და არაფრით აღარ სცილდებოდა დავითის მხრებს. რის ვაი-ვაგლახით, ხელდახელ, რაღაცის მოშველიებით, ძალად ჩამოგლიჯეს...

მერე წლები გავიდა.

ხალხმა თვალი შეაჩვია დავით აღმაშენებლის ძეგლს.

ფოტოებზე: ძლევამოსილად აღმართული, პირით მერიისკენ, მესხიშვილის თეატრის ფონზე.

რეალობაში: ხშირად მაწანწალა ძაღლებით გარშემორტყმული, უღიმღამო და აშკარად შესარემონტებელ-გასაახლებელი კვარცხლბეკით...

ზოგჯერ ძეგლთან გეგმური ოფიციალური ღონისძიებებიც ტარდება, ზოგჯერ სამახსოვრო სურათებსაც იღებენ გამვლელ-გამომვლელნი.

აშკარაა: დრომ დაამტკიცა, რომ ცენტრალურმა მოედანმა პროლეტარიატის ბელადების (ლენინის, სტალინის) ძეგლების მერე, ვერც ჩვენი სათაყვანო მეფეთმეფის მონუმენტი შეითვისა. არაა ეს ადგილი განკუთვნილი მონოლითური ქანდაკებებისათვის, აქ ჟამი ნელ-ნელა ართმევს ფუნქციას ყოველ მხატვრულ ნამუშევარს და უტილიტარულ გემოვნებას უქვემდებარებს.

აი, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რომ მართალი იყო თანაქალაქელთა ის მცირე ჯგუფი, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა: არ შეეკადრებინათ ჩვენი დიდი წინაპრის ძეგლისთვის ასეთი შეუფერებელი, ჩაკეტილი სივრცე?!

სხვათაშორის, „სადგურის მოედანზე“ აღმაშენებლის ძეგლის დადგმის სამარქაფო იდეა მაშინაც კი არსებობდა...

ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გავიხსენე, რომ მცირე დასკვნა გავაკეთოთ:

როცა ქალაქში განსაკუთრებული, საეტაპო მნიშვნელობის ძეგლები და ნაგებობები ინგრევა, თუ კეთდება, ან ქუჩებს სახელები ერქმევა, ან ისტორიულ ფონზე რაღაც კორექტივი შედის, -  აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ მეტი ყურადღებით მოუსმინოს საზოგადოებას, სპეციალისტებს, გაითვალისწინოს მათი აზრი,  გადაუნაწილოს გარკვეული პასუხისმგებლობა მომავლის წინაშე.

ამ შემთხვევაში, არც დავით აღმაშენებლის ძეგლი აღმოჩნდებოდა უფუნქციოდ, არც ვალოდია მაიაკოვსკის სახელი მოშორდებოდა მისი ბავშვობის ქუჩას, არც პირველი ქართველი კინორეჟისორისა და ოპერატორის ვასილ ამაშუკელის ხელდასხმული ისტორიული კინოთეატრი დაინგრეოდა და ა.შ.

რამდენი ასეთი მწარე მაგალითი გვაქვს წლების მანძილზე!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია