დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„მე რა მომიტანა ზვიადის ერთგულებამ!“
2010/12/06 14:30:15

„შევარდნა”ის დამარხვა რომ ეთხოვათ, იმასაც დავამარხვინებდიო!“ - იძახდა ვალიკო ზარანდია

 

 ეს ჩანაწერი 5 წლის წინ, 2005 წელს გაჩნდა ჩემს რვეულში:

ზვიად გამსახურდიას საფლავის საძებნელად სამეგრელოში სოფელ ჯიხაშკარში ავედი. და საკუთარი თვალით ვნახე იმ ოჯახის ტრაგედია, რომელმაც რამდენიმე წევრი შესწირა საქართველოს პირველი პრეზიდენტის საფლავის დაცვას. 

მასალა ახლახან კიდევ ერთხელ გადავიკითხე, თემა იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, გადავწყვიტე, გაზეთ „P.S.“-ის მკითხველებისთვის გამეცნო.

ჩემი მეუღლის ზუგდიდელი ახლობლებისაგან უამრავი რამ მსმენოდა ჯიხას (ციხის) ღვთაებრივი ძალისა და მის კედლებთან წარმოთქმული წყევლისა თუ ლოცვის სასწაულებრივი ასრულების შესახებ. ვიცოდი ისიც, რომ აქ, ამ ღვთის მიერ კურთხეულ მიწაზე, ინახებოდა საფლავი ზვიად გამსახურდიასი - საქართველოს პირველი პრეზიდენტისა.

ჯიხაშკარის მტვრიან შარაგზაზე ძველისძველი აგურისფერი ავტობუსით კარგა ხანს ვიყანყალეთ. ნახევარსაათიანი სულისხუთვის შემდგომ, როგორც იქნა, სოფელში შევედით. აქ კი, შუკის ბოლოს, შახი ზარანდიას სახლი დგას. ბიძია შახი ჩემი შვილების: ცოტნე, მარიამ და თამთა ზარანდიების დიდი ბაბუის - გუჯუ ზარანდიას თერთმეტი შვილიდან ერთადერთი ცოცხლად დარჩენილია. სოფლის უხუცესი ამჟამად 87 წლისა ბრძანდება. თვალისჩინი წართმევია. ხალისიანი, ენაწყლიანი მოსაუბრე, თავის სისხლისა და მოდგმის ჭირისა თუ ლხინის მოზიარეა. გვარის ფუძე „ზარანდ“ თურმე სკვითური წარმოშობისაა და „მოხუცს“ ნიშნავს. მართლაც, მათ წინაპართაგან უმრავლესობას მოუღწევია ხანდაზმული სიბერისათვის. შახისა დ ჩემი მამამთილის ბიძას - ვასილ ზარანდიას, პატრიარქალური თეთრი წვერით თავმომწონეს, 124 წლის ასაკისათვის გადაუბიჯებია.

ყველანი გულში მიკრავენ, მებოდიშებიან:

- მგლოვიარედ ვართ, შვილო! სამი თვეც არ არის, შვილი დავმარხეთ, ვაჟკაცი და მშრომელი, მეოჯახე კაცი, ობლად დატოვა შვილები, დარდი გაგვიჩინა უსაზომო, ამიტომაც ვერ შეგხვდით ისეთი ხალისით, როგორითაც უნდა შევხვდეთ შენნაირ სტუმარს!

გულდარდიანებს პირზე ღიმილი მაინც არ შორდებათ, თავიანთი ტკივილით არ უნდათ, რომ შემაწუხონ.

ვალიკო ზარანდიას ოჯახის ნახვის სურვილს გამოვთქვამ:

- ეს ჩვენი უბანი მათი სახლით მთავრდება. არც თუ ისე შორს ცხოვრობენ, მაგრამ იქ იმჟამად ისეთი მდგომარეობაა! ამ სამიოდე თვის უკან გაურკვეველმა პირებმა მოკლეს ვალიკოს ვაჟი - თენგიზ ზარანდია. დღედაღამ მოსთქვამს დედამისი - ნათელა ავალიანი და არც მისი ახალგაზრდა ქვრივი - მაყვალა ჩხეტიაა უკეთეს დღეში, - მეგზურად მომყვება და ვალიკოს ოჯახის ამბავს მიყვება ჩვენი და მათი საერთო ნათესავი.

მივადექით სოფლის განაპირას, განმარტოებით აშენებულ ორსართულიან ბლოკის კოხტა სახლს.  დედის გოდებამ შორიდანვე შეგვძრა: შვილწართმეული მშობელი ძუ დათვივით ჰგოდებდა, თავს დამტყდარი უბედურებით სახეშეშლილს, აზრების დალაგებაც უჭირდა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტი და მისი საფლავი ვუხსენე...

- მე რა გამიკეთა ზვიად გამსახურდიას საფლავის ერთგულებამ, ჯერ ქმარი და ახლა შვილიც მომიკლეს! მისი სახელის ერთგულებისათვის, შვილებს შორის საუკეთესო გამომირჩიეს და ამით გამამწარეს! - თავში ხელები წაიშინა მოხუცებულმა.

ნუგეშწართმეული დედა მაინც სტუმარ-მასპინძლობის წესს იცავს და ბატონი ზვიადის საფლავის სანახავად წინ მიგვიძღვის.

სახლის ხელმარჯვნივ, უსახურ შენობაში შევაბიჯეთ. თავდაპირველად ბოსელი მეგონა, შემდეგ - მარანი, მხოლოდ მაშინ, როცა კარი გავაღეთ და შიგ შევაბიჯეთ, მივხვდი, რომ ეს სუფთად მოვლილი გრძელი შენობა სახელოსნო გახლდათ. აი, აქ, შენობის ბოლო კუთხეში ინახება საფლავის მიწა საქართველოს პირველი პრეზიდენტისა. ზემოდან მეტრნახევარი - ორი მეტრი ზომის თეთრი მარმარილო აფენია, ხოლო ზედ შავი მარმარილოს კვარცხლბეკი ადევს, წარწერით. საფლავის ზემოთ, კედელზე, გაცრეცილი შინდისფერი დროშა ჰკიდია. შავი მარმარილოს ქვას, ზვიად გამსახურდიას სურათის ქვემოთ, ასეთი წარწერა აქვს:

„მეგობარ ზვიადს 

შენი სამშობლო არის სულეთი, 

სხვა სრა სასახლე, ძმაო, ნუ გინდა.“ 

„სცან ღაღადისი, გზა განიმზადე, 

დედამიწაზე დადის მესია.

დემოკრატიული აღორძინების კავშირი.“

ქვემოთ კი ისევ წარწერაა:

„აქ განისვენებდა 1994 წლის 12 იანვრიდან 1994 წლის 17 თებერვლამდე საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.“

- ჰო, მაგრამ, რატომ მაინცდამაინც ამ ოჯახში დაასაფლავეს? - ვკითხულობ მე.

ისევ ქალბატონი ნათელა ავალიანი მიამბობს, თანმხლები ახალგაზრდა მანდილოსნებიც ეხმარებიან:

- ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან, სადაც თავი მოიკლა, ჩვენ მოგვისვენეს. იმ ღამითვე დაუმარხავთ იქ, ჯიხას ციხესთან ახლოს, სამი დღე იდო მიწაში, შემდეგ ამოიღეს და ჩვენს სოფელში წამოასვენეს რობიზონ მარგველანმა და დაცვის წევრებმა. ჩვენი სახლი სოფელში ყველაზე განაპირას დგას. ალბათ, ამიტომაც, ტერიტორიები ირგვლივ კარგად იზვერებოდა. კედელზე მიწყობილი ფიცრებით ამოგვიტანეს მეორე სართულზე, რადგან ამოსასვლელი კიბე არ გვქონდა. შინ მარტო მე და ვალიკო ვიყავით. შვილებმაც კი არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.

რობიზონ მარგველანი არ გაგვკარებია, მაგრამ აგერ, ჩვათი ზარანდიას სახლში იდგნენ და გვდარაჯობდნენ. სამი დღე და ღამე თავზე ვადექით მიცვალებულს მე და ჩემი მეუღლე ჩვენი სახლის მეორე სართულზე. მესამე დღის საღამოს მარგველანმა და ჩემმა მეუღლემ საკუთარი ხელით გაუჭრეს საფლავი სახელოსნოს ამ კუთხეში და შიგ ჩაასვენეს. გროზნოში კი ერთი თვის შემდგომ გადაასვენეს. აი, აგერ, ჩვენს წინ, მინდორზე დაეშვა ვერტმფრენი, თან უამრავი ხალხიც მოჰყვა, მაგრამ, მე რა მომიტანა მისი ცხედრისა და საფლავის პატრონობამ! იმავე წელს ვალიკო წაიყვანეს ზუგდიდის მილიციაში და სცემეს ისე, რომ ღვიძლი გაუხეთქეს. აი, ახლა კიდე, ხომ ხედავ, ჩემი ოჯახის უკანასკნელი იმედი, ფუძის გამგრძელებელი მომიკლეს, შვილიც კი არ დარჩენია, ისე ამოგვწყვიტეს. ეს საფლავის ქვები ბათუმიდან ჩამოიტანეს ასლან აბაშიძის კაცებმა, აქ დადგეს, მე შემპირდნენ, როგორც საფლავის მომვლელს, თვეში 70 ლარს გამოგიგზავნითო, მაგრამ, როგორც შენ არ მიგიღია არაფერი, ისე არც მე მომიკიდია ხელი იმათი გამოგზავნილი ფულისათვის. არც ასეთი მოუვლელი იყო ეს საფლავი, მაგრამ შვილი რომ დავკარგე, მას შემდეგ დამრჩა ესეც უყურადღებოდ. თუმცა ამ საფლავის პატივისცემას ჩემთვის უბედურების მეტი არც არაფერი მოუტანია! - ისევ მოთქვამს შაოსანი მოუხცებული. ძნელია, რაიმეთი ანუგეშო და გულდამძიმებული ვუსმენ. სამახსოვრო ფოტოებს ვიღებთ, სახელოსნოს ვტოვებთ და სახლში ვბრუნდებით.

ჩემს მასპინძელს შიგნიდან გაკეთებული ვიწრო ხის კიბით მეორე სართულზე, იმ ოთახში ავყავართ, სადაც ბატონი ზვიადი ესვენა.

- ტახტიც კი არ გვქონდა, რომ მიცვალებულისათვის პატივი გვეცა, - განაგრძობს თხრობას, - ჩემმა მეუღლემ სახელდახელოდ სამი ფიცრისაგან შეჭედა პატარა მაგიდის მაგვარი და მასზე დავასვენეთ. ჩვენ კი მის გვერდით გვეძინა აგერ, იმ კუთხეში;. შიშისაგან ვკანკალებდით ორივენი. მართალია, მარგველანმა გვითხრა, აქვე ვიქნები და დაგიცავთო, მაგრამ მაინც გვეშინოდა თავდამსხმელებისა. სამი დღე და ღამე ესვენა ამ ოთახში, ტყვია მარჯვენა საფეთქლიდან მარცხენა საფეთქელში ჰქონდა გამოტარებული, ტანისამოსი - ერთიანად სისხლით მოსვრილი...

ვემშვიდობებით ქალბატონ ნათელას, ვალიკო ზარანდიას თანამეცხედრეს, და უკან ვბრუნდებით, შახი ზარანდიას ოჯახში. რაკი ამ ღამით ვერსად წამსვლელი ვარ, უხმაურო, მაგრამ უხვი გლეხური სუფრა იშლება. ოჯახის მასპინძელი და წინამძღოლი ტიტო ზარანდია თავანკარა ცოლიკაურით დამშვენებულ ხელადას დგამს და ვსაუბრობთ ისევ ვალიკო ზარანდიას ოჯახზე, რომლისთვისაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ტრაგედია საკუთარ ტრაგედიათა გამომწვევ სერიალად გადაიქცა. ყველაფერი დეტალებში მაინტერესებს.

- რატომ მაინცდამაინც აქ, ვალიკოს ოჯახში, გადაწყვიტა რობიზონ მარგველანმა პრეზიდენტის ნეშტის გადამალვა? შეიძლება, ცოცხალს ავიწროებდნენ და დასდევდნენ, მაგრამ მკვდარი პრეზიდენტისაგან რა ზიანი უნდა მიეღოთ, ვის უმალავდნენ მის ნეშტს? - ვკითხულობ.

- ძალიან რთული ვითარება გახლდათ, - მიხსნის ტიტო, რომელიც იმ პერიოდში ორგანოში მსახურობდა და მაშინდელ საქმის ვითარებაში სრულყოფილად ერკვეოდა, - აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდგომ ზვიად გამსახურდია თავის დაცვის თანხლებით კარგა ხანს იმალებოდა, ჩვენს შორიახლო სოფლებში ტრიალებდნენ. თავდაპირველად, ცოტა ხნით, სოფელ აბუჯში, ჰამანდა მესხიას ოჯახში ჰყავდათ გადამალული, შემდეგ სოფელ ჯაღირაში, ანზორ მებონიას ოჯახში. „კაგებე“, რატომღაც, იოლად პოულობდა მის ადგილსამყოფელს. გაარკვევდნენ, სადაც იყო, ღამით დაეცემოდნენ თავს და ვეღარ პოულობდნენ, უკვე სხვაგან ჰყავდათ გადამალული. სიცოცხლის ბოლო დღეები რობიზონ კვარაცხელიას სახლში გაატარა, სოფელ წაქვინჯთან ახლოსაა.

- როგორ იქცეოდა ზვიად გამსახურდია, ყველაფერ იმას, რაც მის თავზე ბოლო თვეების მანძილზე დატრიალდა, არ განიცდიდა?

- მისი დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი ერთ ნაბიჯზეც კი არ ტოვებდა მარტო, მე მასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ზვიადი საშინელ დღეში იყოო, - მიამბობდა, - ჩვენ სადილად დაგვსხამდა და თავად კი ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა. გალიაში დამწყვდეულ ვეფხვს ჰგავდა. განუწყვეტლივ ბოლთასა სცემდა, არც დაჯდებოდა, არც დადგებოდა, არც ეძინა, ვერ ისვენებდა. აფორიაქებული, შეწუხებული, თითქოს ციხის პატიმარი ყოფილიყო, კედლიდან კედელს აწყდებოდა. „თქვენ ისადილეთ, ბიჭებო, ჩემს გამო ხასიათი არ წაიხდინოთ, მე კი ჩემსას ვიფიქრებო“, გვეტყოდა და ისევ აგრძელებდა სიარულს.

- იმ ღამით ვინ იყო მასთან, როცა თავი მოიკლა?

- ის ცალკე ოთახში  იწვა, როცა გასროლის ხმა გაიგონეს, დაცვის წევრები ფეხზე წამოხტნენ, მაგრამ უკვე გვიანი იყო, ტყვია ერთი საფეთქლიდან მეორე საფეთქელში ჰქონდა გატარებული.

- ვინ მოკლა? ბევრჯერ წამიკითხავს, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტებმა მოკლესო...

- არ ვიცი, უბრალოდ, როცა სროლის ხმა გაიგონეს, ყველანი ოთახში შეცვივდნენ და უკვე მკვდარი იყო, ეს იყო და ეს.

- ვალიკო ზარანდიას სახლში რატომ გადაასვენეს? ხომ შეეძლოთ, იქვე დაეტოვებინათ, სადაც ჰყავდათ დამარხული?

- ეძებდნენ. მარგველანი ცდილობდა, საიმედოდ გადაემალა მათგან. პრეზიდენტი რომ გარდაიცვალა, მეორე დილით დაცვის უფროსი მე შემხვდა და, სანამ ჭირისუფალი ჩამოვიდოდეს, როგორ მოვიქცეო, - მკითხა. მეშინია, მიცვალებულს შეურაცხყოფა არ მიაყენონო. მაშინ ვურჩიე, ვალიკო ზარანდიას სახლი სოფლის განაპირას დგას. აგრე იოლად ვერ მიაგნებენ. მეორე სართულზე ასვლასაც ვერ მოახერხებენ. სახლის პატრონების გარეშე, იქ აჯობებს-მეთქი, - ვუთხარი. სხვა დანარჩენი თავადაც იცი. ერთ სისტემაში ვმუშაობდით, მენდობოდა.

- ვალიკო ზარანდია რატომ სცემეს?

- შენს ეზოში რატომ დამარხეო, ზუგდიდის მილიციის სამმართველოს უფროსმა, ადამიამ სცემა. ვალიკო კიდე გაიძახოდა, შევარდნაძის, დამარხვა რომ ეთხოვათ, იმასაც დავამარხვინებდიო. ზედმეტი მოუვიდათ, ღვიძლი დაუზიანეს და ამის შემდეგ ძალიან მალე გარდაიცვალა კიდეც...

... დღემდე არავინ იცის სიმართლე - ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, თუ მოკლეს. 

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

მაისი, 2005 წ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1289
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია