დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყინულის მეორე მოედანი!
2011/02/14 12:14:33

ქალაქში უახლოეს მომავალში უკვე ყინულის ორი მოედანი გვექნება, ერთი ნამდვილი, რომელიც აწი აშენდება და მეორე, რომელიც უკვე გვაქვს - სილიკონის „ყინულით.“ ახალი მოედანი ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გადაკვეთაზე მოეწყობა, ოღასკურის სასაფლაოს მოპირდაპირე მხარეს. მიმდებარე ტერიტორია უკვე გაათავისუფლეს ხეებისგან, მოიჭრა 50 წლოვანი ნაძვები. აზომვით სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „ტობე“ ატარებს. ფირმის ხელმძღვანელის თენგიზ ჩივაძის თქმით, ეს მოედანი იქნება ათჯერ უკეთესი, იმასთან  შედარებით,  რაც  აქამდე  ჰღირსებია ქუთაისს. „ერთი კვადრატული ყინული 10 ხეს უდრის, ეს იქნება სამკურნალო და თან - უფასო. ჩვენ მხოლოდ აზომვითი სამუშაოების ჩატარება გვევალება. როგორც მე ვიცი, გერმანიიდან ჩამოიტანენ დანადგარს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერ სეზონზე მოედნის ნამდვილი ყინულით უზრუნველყოფა,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თენგიზ ჩივაძემ.

 

მოსახლეობა კი ამ ფაქტს აპროტესტებს და სულაც არ ფიქრობს, რომ ყინული სკვერის ფუნქციას „შეითავსებს.“ ახლომახლო მცხოვრებთა გამოკითხვისას ზოგიერთმა დაასახელა საკუთარი ვინაობა, ზოგმა კი თავი შეიკავა.

თენგიზ მჟავანაძე: „ამ ტერიტორიაზე ნაძვები იყო, 50 წლის ხეები. ნუთუ, სხვა ტერიტორია არ იყო, რომელზეც შეიძლებოდა მოედნის გაკეთება? ხეების მოსაჭრელად ღამის თორმეტ საათზე მოვიდნენ, მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა, მაგრამ ყური არავინ ათხოვა. მეორე ღამესაც მოვიდნენ დაცვის თანხლებით და მაინც თავისი გაიტანეს. ალბათ, დიდი თანხა ირიცხება ამ პროექტისთვის და სათავისოდაც იშოვნიან რამეს.“

ლელა „არ ვეთანხმები აქ მოედნის გაკეთებას. იმ სკვერზე უკეთესი რა უნდა გააკეთონ? აუთვისებელი ტერიტორიების მეტი რა არის? აქვე, საავადმყოფოსთან, ჭაობებია და ის ადგილები გამოეყენებინათ.“

არ ვეთანხმებით ამ სიახლეს და პროტესტიც გამოვხატეთ, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენი აზრი არაფერს ნიშნავს ხელისუფლებისთვის. ხეები მოჭრეს - ალბათ, ამის ნებართვა ჰქონდათ კიდეც. თქვეს, რომ პროექტი უკვე გაკეთებულია და მალე მშენებლობაც დაიწყებაო.“ - გვითხრა ჯავახიშვილის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობა არ გაგვიმხილა.

თუმცა, საქმეც ის არის, რომ ჯერ მშენებლობის დაწყების ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. „ყინულის სახლის“ აშენების გადაწყვეტილება ქალაქის მმართველებმა მიიღეს. მშენებლობის ვადები ჯერ არ არის დადგენილი და პროექტიც დამუშავების პროცესშია,“ - განაცხადა არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილ მებურიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

ნამდვილი ყინულის მოედანი, როგორც ჩანს, ძალიან შორეული ოცნების საგანია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე რიგითი ქუთაისელებისთვისაც. ჯერ არც პროექტია მზად, არც ტენდერი გამოცხადებულა სამშენებლო ფირმის გამოსავლენად და არც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი თანხები ამ „ფუფუნების საგნის“ ჯავახიშვილის ქუჩაზე განსათავსებლად. ამგვარი ყინულის მოედანი ფუნქციონირებს ბათუმსა და ზუგდიდში, იდეაში კი - უკვე ქუთაისშიც.  როგორც გაირკვა, სამოედნე ტერიტორიაზე ხეების მოჭრის განკარგულება ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის მიერ გაიცა.  დიალოგი სამსახურის ხელმძღვანელობასთან:

- თქვენი აზრით, რატომ გამოხატა მოსახლეობამ პროტესტი და რა ბედი ელის მომავალი მოედნის მიმდებარე ტერიტორიას?

- მართალია, თავიდან მოსახლეობამ პროტესტი გამოხატა, თუმცა, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ იცოდნენ, იმ ადგილზე რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ შემდეგ შევხვდით მათ და ავუხსენით საქმის ვითარება. ის ტერიტორია არ იყო მოვლილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა აცხადებდა, აქ ვისვენებდითო. იმ ადგილზე სკვერი დარჩება, მას შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველვყოფთ, მას შემდეგ, რაც მოედანი გაკეთდება.

- რას იტყვით მოსახლეობის მოსაზრების შესახებ, რომ მოედანი შეიძლებოდა სხვა, უფრო აუთვისებელ ადგილას გაგეკეთებინათ?

- რატომ უნდა გაკეთებულიყო დამალულ ადგილზე, არ მესმის. რაც უფრო თვალსაჩინო ტერიტორიაზე გაკეთდება, მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ამ მოედნით სარგებლობას, თანაც უფასო იქნება იქ შესვლა. მინდა გითხრათ, რომ ქალაქში, ცენტრალურ ადგილზე რომ გვქონოდა მოედნისთვის საკმარისი ტერიტორია, აუცილებლად იქ გავაკეთებდით. ეს იყო ქალაქის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის ანდრო მაღლაკელიძის პასუხები ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე.  ესეც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ქალაქების ცხოვრების რიტმთან ფეხის ასაწყობად. მაგრამ, სიფრთხილე გვმართებს, ამ „ფუფუნებას“ შეუჩვევლებს ციგურებზე ფეხი არ გადაგვიბრუნდეს.

მაკა გასაშვილი

ნინო ბაქრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1432
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია