დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბიჭი, რომელსაც პრეზიდენტი შინ ეწვია
2010/09/20 13:02:13

ცოტნე ტაბიძე ქართველებმა პირველად რამდენიმე დღის წინ, ეთერში გასული სიუჟეტით გავიცანით, როცა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავტომშენებლის ქუჩაზე, ტაბიძეების ოჯახს ესტუმრა. მანამდე კი, 14-21 აგვისტოს, 18 წლის ცოტნემ კანადაში თავისი განაცხადი იმით გააკეთა, რომ ინფორმატიკაში გამართულ მსოფლიო ოლიმპიადაზე რამდენიმე ათეული ქვეყნის წარმომადგენელი დაამარცხა და საქართველოს სახელით ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავსი შედეგი საქართველოში ჯერ არც ერთ მოსწავლეს არ ჰქონია.

 

13 სექტემბერს პრეზიდენტმა 41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეს წარმატებები პირადად მიულოცა და სახელმწიფოს მხრიდან სრული თანადგომა აღუთქვა. ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ცოტნეს ჯილდოდ 5000 ლარი გადასცა. პრეზიდენტის ვიზიტი გამარჯვებულისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„დამირეკეს, რომ პრეზიდენტს უნდოდა ჩემთან შეხვედრა ქუთაისში, მაგრამ თავიდან არ უთქვამთ, რომ სახლში მესტუმრებოდა, მაშინ გავიგე, როცა ქუთაისში მოვდიოდი. ეს ძალიან მოულოდნელი და სასიხარულო იყო ჩემთვის, ძალიან დამაფასა პრეზიდენტმა თავისი ვიზიტით,“ - იხსენებს ცოტნე.

ცოტნემ ჯილდო მიიღო, სოციალურმა ქსელმა კი მისი სახელი აიტაცა. შექმნიდან რამდენიმე საათში პირად გვერდზე ასეულობით თაყვანისმცემელი გაჩნდა. ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მისი მიზანი თავიდანვე ოქროს მედლის მოპოვება იყო. ამისთვის დიდხანსაც ემზადებოდა.

„ოქროს მედლის აღებას ვცდილობდი და იმედი მქონდა, მაგრამ მეშვიდე ადგილას გასვლა ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის. ვემზადებოდი ნაკრების მეცადინეობაზე რამდენიმე კვირა, დღეში 2-7 საათი“.

აღსანიშნავია, რომ ცოტნემ გასულ წელს  ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო, ასევე მას ინფორმატიკის, ფიზიკის და მათემატიკის საერთაშორისო შეჯიბრებებში არაერთი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. აქამდე ოქროს მედალი კიდევ ერთ ქართველ მოსწავლეს, გიორგი დათუაშვილს ჰქონდა მოპოვებული 1990 წელს.

მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში 1989 წლიდან ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ქუთაისის 41-ე საჯარო (ყოფილი ფიზიკა-მათემატიკის) სკოლის ნაკრები მასში 1996 წლიდან ჩაერთო და დღემდე 6 ვერცხლის, 19 ბრინჯაოს და ყველაზე პატარა გამარჯვებულისთვის დაწესებული 2 სპეციალური მედალი აქვს მოპოვებული.

წელს ოლიმპიადა კანადის ქალაქ ვატერლოოში, კერძოდ კი ვატერლოოს უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა და მასში 83 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცოტნეს გარდა იყვნენ: მარიამ კობიაშვილი - თბილისის დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მე-12 კლასის მოსწავლე; ნოდარ ამბროლაძე - ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე; ნიკა ბეგიაშვილი - თბილისის 199-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე; გიორგი მანდარია - გუნდის მწვრთნელი (ხელმძღვანელი), ზაზა გამეზარდაშვილი - გუნდის მწვრთნელი (ხელმძღვანელის მოადგილე); გურამ ქოთოლაშვილი - გუნდის მწვრთნელი.

„ტრადიციულად, ამ ოლიმპიადაზე ჩინეთისა და რუსეთის ძლიერი გუნდები ლიდერობენ და ყოველწლიურად პირველობასაც არავის უთმობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ ცოტნე ტაბიძემ შედეგით რუსეთის გუნდის ოთხივე და ჩინეთის გუნდის ოთხივე წევრს აჯობა. გარდა ამისა, ჩვენი შედეგით უკან ჩამოვიტოვეთ მსოფლიოს ბევრი განვითარებული და ჩვენზე გაცილებით მრავალრიცხოვანი ქვეყანა“, - აღნიშნავენ მწვრთნელები.

წინა წლებისაგან განსხვავებით, ოლიმპიადაზე სხვა სიახლეებიც იყო. სიახლე იყო ის, რომ წელს პირველად მსოფლიო ოლიმპიადა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და თუ მანამდე მონაწილეთა მიერ ნაჩვენები შედეგები დაჯილდოებამდე გასაიდუმლოებული იყო, ამჯერად ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ინტერნეტით თვალი ედევნებინა შეჯიბრის მსვლელობისა და მონაწილეთა შედეგებისთვის. ოლიმპიადაზე სამუშაო პროცესი მთლიანად ავტომატიზებული იყო.

ცოტნე ტაბიძე მე-12 კლასშია. ამბობს, რომ მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია, რადგან ძალიან ბევრი რამ აინტერესებს. თუმცა, ერთი რამ ზუსტად იცის - მისი პროფესია აუცილებლად ტექნიკურ საგნებთან იქნება დაკავშირებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1481
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია