დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში შობადობა იზრდება!
2010/07/19 14:14:32

გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში წლის განმავლობაში 100 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 2006 წლისათვის კი ეს მაჩვენებელი თითქმის 2,5-ჯერ დაეცა. დემოგრაფებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შობადობის ამგვარი დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა 2050 წლისათვის განახევრდებოდა.

             

თუმცა, ახლახან იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვით 2006 წლიდან შობადობის მაჩვენებელი იზრდება: 2009 წელს საქართველოში 62 ათასი ბავშვი დაიბადა - თითქმის 20 ათასით მეტი, ვიდრე 2006 წელს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დაბადებულ ახალშობილთა შორის კი ვაჟები სჭარბობენ. პროცენტული მაჩვენებელი ასეთია: 2009-2010 წლებში დაბადებულთა შორის 52% ვაჟია, ხოლო 48% - გოგონა.

სამოქალაქო რეესტრმა 2006-2009 წლებში გაწეული მუშაობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა, რომლის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს ქორწინებისა და დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2006 წელს საქართველოში 46 060 დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს - 48 027, 2008 წელს - 57 263, ხოლო 2009 წელს 61 839 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.

ბოლო რამდენიმე წლის წლის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა ოჯახში მესამე შვილის გაჩენის რიცხვმა. ამის მთავარ მიზეზად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ახალ ინიციატივას ასახელებენ: ოჯახში ყოველი მესამე ბავშვის ნათლია თავად იყოს. მისი ნათლულების რიცხვმა უკვე 6000-ს მიაღწია.

„ეს ისეთი დიდი მადლია, რომ არც ერთმა ოჯახმა, არც ერთმა დედამ არ უნდა დაკარგოს იგი! უდიდესი ბედნიერებაა, როცა ოჯახში პატრიარქის ნათლული გეზრდება. ზუსტად პატრიარქის ამ მოწოდებამ გადამაწყვეტინა მესამე შვილის გაჩენა. ეს არის ჩემთვის დიდი ბედნიერება, როგორც დედისთვის, ასევე ქალისთვის და მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის. მინდა ვთხოვო ყველა ქალს - ნუ დაკარგავენ ამ დიდ მადლს, შემოუშვან საკუთარ ოჯახში ეს უდიდესი მადლი, რომელიც მთელი ცხოვრება გააბედნიერებთ და გააძლიერებთ რწმენაში“, - ამბობს მარინა მიქაძე, რომელიც მალე მესამე შვილის დედა გახდება.

შობადობის მატება შეინიშნება ქუთაისის სამშობიაროებშიც. აქ ამბობენ, რომ თუ 2008 წელს დაახლოებით 900 ახალშობილი ჰყავდათ, 2009 წელს მათი რიცხვი 110-მდე გაიზარდა. მატების ტენდენცია წელსაც საგრძნობლად შეიმჩნევა.
ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად მოიმატა დაქორწინებულ წყვილთა რაოდენობამაც. თუ სამოქალაქო რეესტრში 2006 წელს ქორწინება 21 876-მა წყვილმა გააფორმა, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 25925, 2008 წელს - 31 310, ხოლო შარშან - 31 319 იყო.
დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციის მაჩვენებლის მატება გაგრძელდა 2010 წელსაც. თუ 2009 წლის 5 თვეში რეგისტრირებული იყო 11 833 ქორწინება, 2010 წლის 5 თვეში სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში 12 877 წყვილმა მოაწერა ხელი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლო განქორწინების რეგისტრაციის მაჩვენებელმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია