დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„იმედების სამყარო“ თამილა ბებოსათვის
2010/06/28 12:55:31

„ჩემს წარმატებებს შენ გჩუქნი, ბებო!“ - ეს სიტყვები რვა წლის ნინი ფხაკაძეს ეკუთვნის. იგი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მეორე კლასის მოსწავლეა, წარმატებები კი, რომელსაც ბებოს უძღვნის, - საკმაოდ შთამბეჭდავი: გამოსვლები საქალაქო და რესპუბლიკურ კონცერტებზე, გამარჯვებები კონკურსებში, ლაურეატობა ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის მესამე რესპუბლიკურ ფესტივალზე „იპოვე ვარსკვლავი შენი“... ეს ყველაფერი რვა წლის მევიოლინესათვის არცთუ ცოტაა. მაგრამ მთავარი ისაა, თუ რატომ მაინცდამაინც ბებოსთვის ემეტება თავისი მიღწევები. პასუხი სულ უბრალო და სევდიანია - ბებო, თამილა გიორგაძე, ექვსი წელია, იტალიაში ცხოვრობს და შორიდან, ძალიან შორიდან ადევნებს თვალს შვილიშვილის წარმატებებს.

 

ქართველი ბავშვები საზღვარგარეთ წასულ დედებს ვერ პატიობენ „ღალატს“, მიტოვებას, ბებიებს კი - ათმაგი სიყვარულით აჯილდოებენ. ეს, ალბათ, ქვეშეცნეულად, რადგან ისინი სწორედ ბებომ გადაარჩინა უდედობას - მოურჩენელ ტკივილად რომ ექცა ასობით ბავშვს საქართველოში.

თამილა გიორგაძე: „აქაურ ყოფას შვილიშვილები მიიოლებენ. მე და ნინი თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ, ვწერთ სატელეფონო წერილებს, ვარჩევთ მუსიკას, სკოლის ამბებს. ბავშვი უჩემოდ იზრდება და ერთი დღეც არ არის უჩემოდ. მასზე ფიქრებს სახელიც მოვუძებნე - „იმედების სამყარო“. მე მაოცებს, როგორ ახერხებს ეს პატარა გოგო, სიცოცხლე ხალისით ამივსოს, გამიადვილოს და იმედების სამყაროში მაცხოვროს. მისი დასმული კითხვა: „ბებო, მე მგონია, გიცნობ, მაგრამ მაინც როგორი ქალი ხარ?“ - მოსვენებას მიკარგავს. რატომ? რატომ ასე და რატომ სხვაგვარად არა?“

ნინი ფხაკაძე ქუთაისში საკმაოდ ცნობილი მუსიკოსების შთამომავალია. ბებო - თამილა გიორგაძე მეორე საშუალო სკოლასთან არსებული სამუსიკო სტუდიის ყოფილი პედაგოგია, ფორტეპიანოს მასწავლებელი. ბებოს და - ლორენა გიორგაძე და დედა - ზანდა კიკვაძე ცნობილი პედაგოგები არიან ვიოლინოს კლასით. ვიოლინოს მომაჯადოებელი ხმა ნინის დაბადებიდან ესმის. არჩევანი თვითონ გააკეთა და ინსტრუმენტთან ყოველდღე 3-4 საათს ატარებს. საკმაოდ მიზანდასახულია, იცის, რა უნდა და როგორ შეუძლია მიზნის მიღწევა. არაჩვეულებრივ სმენასთან და ნიჭიერებასთან ერთად, შრომისმოყვარეობა და შეუპოვრობაც ახასიათებს.“

ქალბატონი თამილა: „ექვსი წელია, ინსტრუმენტს არ მივკარებივარ, მენატრება ის, რაც ჩემს სამშობლოში დავტოვე: ბავშვები, გაკვეთილი, მუსიკა... სიცოცხლემ ფერები დაკარგა და ამ დაკარგულს ნინი მივსებს. მიგზავნის დისკებს თავისი საკონცერტო გამოსვლებით. ხშირად კი პირდაპირ ტელეფონით მასმენინებს მუსიკალურ ნაწყვეტებს. საკუთარი შესრულებით. იტალიაში ყოფნის პერიოდში მეორე შვილიშვილიც შემეძინა. მისთვის სრულიად უცხო ვარ. ნინი აქაც მშველის. ანის ამბებს მიყვება და სულ ასე ამთავრებს: „ანი წევს და შენზე ფიქრობს“. არა, ასეთი ბავშვები მხოლოდ საქართველოში იბადებიან. მათ ჩვენ ვჭირდებით...

ძალიან მინდა მოვეფერო ჩემს მშობლიურ ქალაქს, ბაგრატს, მოწამეთას. შევეხმიანო ჩემს მეგობრებს, მადლობა ვუთხრა ნინის პედაგოგებს: ქალბატონ ენი არსენიძეს, ირინა ლომინაძეს, ანჟელა დოლაბერიძეს, მანანა კიკაბიძეს. ყველას, ვისაც ჩემი შვილიშვილის ხვალინდელი დღე აბარია.“

კიდევ ერთი სევდიანი ისტორია, კიდევ ერთი ქართველი ქალბატონის ტკივილიანი ფიქრები და... „იმედების სამყარო!“ 

ცისანა იობიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია