დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შემოქმედებითი დიალოგი აჭარასთან
2010/05/24 12:26:29

18 მაისს დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში აჭარის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების ნამუშევრები გამოიფინა. გამოფენაზე, რომელიც კიდევ ორ კვირას გასტანს, 20 მხატვრის 35-მდე ტილო იყო წარმოდგენილი. 

 

„იმერეთი დედაა ჩემი“, - ასე ერქვა გამოფენას, რომლითაც შარშან, დავით კაკაბაძის საიუბილეო წელთან დაკავშირებით, ბათუმს იმერეთში მცხოვრები მხატვრები საკუთარი ნამუშევრებით სტუმრობდნენ.  სწორედ   ამით   ჩაე-ყარა   საფუძველი   ორ  მუზეუმს შორის მეგობრულ ურთიერთობებს. მიზანი - ერთმანეთისთვის და ფართო საზოგადოებისთვის საკუთარი შემოქმედების გაცნობაა.

„რეგიონებში ძალზე საინტერესო მხატვრობას ჩაეყარა საფუძველი 50-იანი წლების დასაწყისში და, სამწუხაროდ, ფართო საზოგადოებას ნაკლებად აქვს ინფორმაცია ამ მხატვრობაზე. სწორედ ამ ვაკუუმის შესავსებად გადავწყვიტეთ მე და აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ, გაცვლითი გამოფენა გაგვეკეთებინა“, - აღნიშნა დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი გალერეის დირექტორმა ელისო ჩოგოვაძემ „P.S.“-თან საუბრისას.

გარდა იმისა, რომ ქუთაისელებს საშუალება მიეცათ, უფრო ახლოს გასცნობოდნენ აჭარელი მხატვრების შემოქმედებას, თავად მხატვრებმაც განსხვავებულ სივრცეში იხილეს საკუთარი ნამუშევრები.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ურთიერთობები რეგიონულ მუზეუმებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც საერთოდ სახვითი ხელოვნების დარგში, ისე - მხატვრობისთვის და მხატვრებისათვის. პირველად ვარ ამ გალერეაში, ძალიან ნათელია და ჩვენი ექსპონატებიც სინათლეშია... საკუთარი ნამუშევრების განსხვავებულ სივრცეში დანახვა ძალიან მნიშვნელოვანია,“ - გვითხრა აჭარის ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა, მხატვარმა ნინო ნიჟარაძემ.

ვახტანგ (ბესო) ბესელიას, დიანა თალაკვაძის, ბექა მჟალავას, ზაურ წულაძის, ხასან ინაშვილის, გოჩა ყაჭეიშვილის, ჯემალ გიორგაძის, ზურა კოჩალიძისა და სხვათა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, განსაკუთრებული დაინტერესება მაინც რამდენიმე ტილომ გამოიწვია, მათ შორის - ვახტანგ ბესელიას ნამუშევრებმა.

„საოცარი სიფაქიზეა. საერთოდ, ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ, გინდა აჭარა იყოს, გინდა იმერეთი და გინდა კახეთი. ძალიან დაუფასებელია დღესდღეობით, მაგრამ, იმედია, ყველაფერი დაფასდება - მხატვრის შრომაც და ზოგადად ხელოვანის. მსოფლიო დონის ტილოებია აქ, რომლებიც ყველამ უნდა ნახოს, რათა გაიგონ, რა ნიჭიერი ხალხი გვყავს საქართველოში. ძალიან ნასიამოვნები და  კმაყოფილი ვარ“, - გაგვიზიარა შთაბეჭდილება მსახიობმა მარიკა სამანიშვილმა.

ფაქტობრივად, ეს დამსწრე საზოგადოების საერთო აზრიც იყო.

***

ვახტანგ ბესელია - მხატვარი, რომელმაც დამთვალიერებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

 

ბატონი ვახტანგი, როცა მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედით, გალერეის ერთ-ერთ ნაწილში იჯდა, მტკივან ფეხს „ასვენებდა“ და იქვე მიდებული, განუყრელი ჯოხის ფონზე, მისი ნამუშევრების თვალიერებით გართულ ქუთაისელებს უყურებდა.

- თქვენი რამდენი ნახატია დღევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი?

- სულ ოთხი იყო. სამი დავინახე უკვე და მეოთხე არ ვიცი - ჯერ არ მინახავს, ფეხს ვასვენებ.

- რა პერიოდში შესრულებული ნახატები გაქვთ დღეს წარმოდგენილი და რატომ მაინც და მაინც ეს ტილოები?

- იმიტომ, რომ ეს ჩემი ბოლო ნამუშევრებია, - უკანასკნელი. ზეთში უკვე 9 წელია, არ ვმუშაობ. სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობ, სხვადასხვა პროზაული მიზეზების გამო. ზეთის ფერწერა ძალიან რთულია, სხვა მიდგომა უნდა. დანარჩენს ისინი გეტყვიან - სურათები. თუ ამბობენ საერთოდ რამეს...

- განწყობა როგორი გაქვთ?

- არ ჩანს სურათებში?

დიქტოფონი გამოვრთე - აშკარაა, მეტის თქმას არ აპირებს. ცოტა ხანში, ისე, რიგითი დამთვალიერებლის როლში მყოფი ვეკითხები:

- ანუ, თქვენს სათქმელს ნახატები ამბობენ...

- ამით ვიცილებ ჟურნალისტებს. არ მიყვარს საუბარი, რთულია... შეიძლება ჩემი ნახატები არაფერსაც არ ამბობდნენ.

- საკუთარ ნახატებზე საუბარი არ გიყვართ?

- ვსაუბრობ მხოლოდ მეგობრებთან, ვიწრო წრეში.

- არც ხელოვნებაზე?

- შეიძლება სუფრასთან ერთი-ორი სიტყვა ვთქვა. ხატვა მირჩევნია.

- ხელოვნებას რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში?

- სამწუხაროდ, არა ის, რაც უნდა ეჭიროს. ვხატავ მაშინ, როცა დრო მრჩება, - როცა პირიქით უნდა იყოს.

- ანუ, ხატვა არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ნამდვილად არ არის. ჩემი ოჯახის, ადამიანების შემდეგ - კი.

- პორტრეტებს ხშირად ხატავთ?

- კი, საერთოდ, ძალიან მიყვარს პორტრეტების ხატვა.  საყვარელი ჟანრია ჩემთვის.

- საკუთარი პორტრეტი თუ დაგიხატავთ?

- კი, რამდენიმე.

- კარგად ჩანს მასში თქვენი ხასიათი?

- პორტრეტში ჩანს ყოველთვის. რომც არაფერს ამბობდეს პორტრეტი - ესეც უკვე რაღაცას ნიშნავს.

- რომელი ფერები გიყვართ?

- განსაკუთრებული არაფერი. ჩემი გამა, ვთვლი, რომ მავნე ცხოვრების რიტმია. ვთვლი, მაგრამ რამდენად სწორია, მაგას ვერ გეტყვით.

- თქვენს პორტრეტში როგორი ფერები სჭარბობს?

- დაახლოებით ასეთი.

- განსაკუთრებით საყვარელი ნამუშევარი თუ გაქვთ?

- არა, საერთოდაც ძალიან ცოტა ნამუშევრები მაქვს - ბევრი გავყიდე, ზოგი უცხოეთშია, ან დავაჩუქე. მიყვარს, როცა ვჩუქნი.

- არ გენანებათ?

- გააჩნია, ვის ვჩუქნი - შემთხვევით ადამიანს არ მივცემ. არ მენანება მაინც და მაინც მართალი გითხრათ. თუმცა, მაქვს ისეთი ნამუშევრებიც, - მეგობრის პორტრეტები, რომლებიც არ გაყიდულია და ვერც ვერასდროს გავყიდი.

- მუშაობის პროცესი როგორია?

- ვაიმე, დედა! თქვენ ისეთ პერიოდზე მელაპარაკებით... დაღლილი, მუშაობას რომ დავამთავრებ, ცოტა ხანს დავისვენებ და მერე, რაც შემიძლია ვაკეთებ. ამ დროს, უნდა იყოს პირიქით, - ხატვისგან თავისუფალი დრო უნდა მოახმარო მერე სხვა სამუშაოს. ვერ მოვაწყვე ისე, როგორც საჭიროა.

- სახელოსნო სახლში გაქვთ?

- ჩემს სახელოსნოში ჩემი უმცროსი შვილი ცხოვრობს თავისი ოჯახით.

- ისეთი თემა თუ არის, რომელიც დიდი ხანია გინდათ დახატოთ და ჯერ ვერ მოახერხეთ?

- ამაზე არ მიფიქრია, მაგაზე ვფიქრობდი პატარაობისას (ბავშვობიდან ვხატავ), რომ რაღაც დიდი უნდა დამეხატა. ახლა სულ არ მაინტერესებს, უბრალოდ, მინდა ვიჯდე და ვხატო, - არანაირი სხვა ამბიციები არ გამაჩნია.

- ამ წუთას რაზე მუშაობთ?

- ამ წუთას ფეხის „მოფერებაში“ ვარ გართული - ძალიან მტკივა. ვმუშაობ ორ ადგილას - ხელოვნების უნივერსიტეტში ვარ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვასწავლი ფერწერას, კომპოზიციას. ასევე, ვმუშაობ მუზეუმში. რომ არ ვიმუშაო - გასაგებია ყველაფერი... თუ დრო დამრჩა, მაშინ ვხატავ.

- ალბათ, ოჯახში ყველანაირად გიწყობენ ხელს...

- ვცდილობ, მე შევუწყო სხვას ხელი - ასე მიწევს.

- მუშაობის პროცესში, როგორც მხატვრებს სჩვევიათ, თქვენც იკეტებით და არავინ უნდა შეგაწუხოთ?

- კი, კი, ნამდვილად! ზოგს შეუძლია იმუშაოს ყევლასთან ერთად - მე არა. ნებისმიერი ხმაური მიშლის ხელს. ეტყობა დავბერდი და იმიტომ.

ვახტანგ ბესელიას, ისევე, როგორც აჭარის მკვიდრი სხვა მხატვრების ნამუშევრები, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში 2 ივნისამდე იქნება გამოფენილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1410
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია