დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
საზოგადოებრივი ფონენდოსკოპი
„ვერ დაიჯერებთ,ისე მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და იქ მუშაობა”- დავით დუიშვილი
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2021/06/17 23:02:05

 

 

პროლოგი

თუ ცივ ტალინში ომახიან ქართულ გამარჯობას გაიგონებთ, უნდა მიხვდეთ, რომ დათო ექიმმა ჩაიარა. ზომიერების, გულწრფელობის მაღალი ხარისხისა და  კომუნიკაციის უშუალო უნარის გამო, შეუძლებლია, რომ მის მიმართ პატივისცემით არ განეწყო.


 45 წლის ქართველი ექიმი 12 წლია, უკვე ესტონეთში მოღვაწეობს.  წარმატების ამ ამბავს  თავისი სენტიმენტიც აქვს, რომლის ამოცნობაც მკითხველისთვის მიმინდვია.


“საზოგადოებრივი ფონენდოსკოპის” კვირის სტუმარია ესტონეთის ცენტრალური საავადმყოფოს კარდიოლოგი, ბატონი დავით დუიშვილი.


 დავით დუიშვილმა დაამთავრა ქალაქ რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, 2000 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ჯერ  ორდინატურის კურსი გაიარა, ხოლო 2007 წელს საკანდიდატო ნაშრომი დაიცვა. 2008 წელს  დაბრუნდა საქართველოში და დაახლოებით ერთი წელი  მუშაობდა რუსთავის  მეტალურგიული ქარხნის საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად. 2009 წელიდან  დღემდე ესტონეთის სხვადასხვა კლინიკებში მუშაობს.

 

დიალოგი

-      ბატონო დავით, რა გზა გაიარეთ ესტონეთის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმობამდე? მოგვიყევით იმ მიზეზებზე,  რამაც გიბიძგათ, კარიერა სხვა ქვეყანაში გაგეკეთებინათ?

- 2008 წლის მარტში საქართველოში ოჯახით ჩავედი იმ განწყობით, რომ იქ უნდა მეცხოვრა და მემუშავა. იმ ავბედით წელს აგვისტოში ომი დაიწყო. კლინიკაში, სადაც ვმუშაობდი, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო როგორც ფინანსური კუთხით, ასევე პროფესიული განვითარების თვალსაზრისითაც. განყოფილება ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და წელში ვერ ვსწორდებოდით. ყველაფრის კეთება თავად  მიწევდა,10 თვე გავუძელი ამ მძიმე მდგომარეობას. 2009 წლის მარტში  გადავწყვიტე, ჩემს მეუღლესთან ერთად, ერთი დღით ჩამოვსულიყავი ტალინში  და აგერ უკვე მეთორმეტე წელია, აქ ვმუშაობ. ასე გამოვიდა. თავიდან რაიონულ საავადმყოფოში დავსაქმდი, რომელიც ერთგვარი ტრამპლინი იყო ჩემთვის, შემდგომ რეგიონალურ კლინიკაში გადამიყვანეს, ამჟამად კი ტალინის  ცენტრალურ საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში ვმუშაობ.


-ბატონო დავით,როგორც ვიცით, ესტონეთის რაიონულ კლინიკაში მუშაობის პერიოდში თქვენ იყავით ერთადერთი კარდიოლოგი, რომელიც მთელ სამხრეთს ემსახურებოდით. ამ გამოცდილებაზე მოგვიყევით. უცხო ქვეყანაში, 30 000 ოჯახით დასახლებულ რაიონში, ახალჩამოსულ ექიმს  ასეთი პასუხისმგებლობის წინაშე დადგომის შიში არ გქონდათ?

-ჩვენ, კავკასიელებს, არაფრის გვეშინია. ეს გენეტიკური ფაქტორი ცვლილებებთან შეგუებაში ძალიან დამეხმარა. თავიდან ენობრივი ბარიერი მქონდა  და ცხადია, ამ კუთხით გამიჭირდა, თუმცა, ექვს თვეში  ესტონური ენის სამუშაო დონეზე შესწავლა შევძელი. აქ სამედიცინო სისტემა და ინსტიტუტები  საკმაოდ განვითარებულია,რაც დატვირთვასთან გამკლავებაში  ძალიან დამეხმარა.



-ბატონო დავით, რატომ აირჩიეთ ექიმის პროფესია, როგორც ვიცით, მამათქვენი ღვაწლმოისილი ექიმი ბრძანდება, იყო თუ არა  მისი გავლენა?

- მიუხედავად იმისა,რომ მამას არასდროს დაუძალებია ჩემთვის ექიმის პროფესიის არჩევა,მის ფაქტორი, ბუნებრივია, იყო. ბავშვობიდან რასაც ვუყურებდი, ცხოვრების ეს სტილი ჩემთვის სამაგალითო იყო, რამაც გადამაწყვეტინა იგივე პროფესიას გავყოლოდი. მამა სახლშიც იღებდა პაციენტებს. მახსოვს, წერა რომ შევძელი, საათობით ვიჯექი მის გვერდით  და რეცეპტებს ვიწერდი.ეს სიყვარული ბავშვობიდან მოდის.

 მამა იყო და არის ჩემთვის თეთწვერიანი, მუდამ ჩაფიქრებული,  ძალიან გონიერი, ინტელექტით სავსე ნამდვილი ექიმის სახე.


- ევროპულ გამოცდილებასა და იმ სამედიცინო გამოწვევებზე მოგვიყვევით, რაც თქვენმა გამოცდილებამ გაჩვენათ.

-პირველ რიგში, რამაც მომხიბლა, იყო საქმისადმი  პრაქტიკული მიდგომა,რასაც  შესაძლოა ესტონელი ხალხი ტემპერამენტი და მენტალიტეტი განაპირობებს. აქ ექიმს საქმისთვის განწყობილი გარემო  აქვს და დროს რაციონალური მართვა შეუძლი,რაც მედიცინაში უმნიშვნელოვანესია.  დროში გაწელილ გამოკვლევებსა  და ფინანსების მოძიებაში დრო არ იხარჯება. პაციენტს აქვს კარგი დაზღვევა და  ფინანსურად  შეჭივრებული არაა. ექიმი არაფერშია შეზღუდული,რადგან  ყველა საჭირო რესურსი  აქვს.


რაც შეეხება  მინუსებს, უნდა ვთქვა, რომ ოჯახის ექიმის ინსტიტუტი ცოტა არაეფექტურია. ოჯახის ექიმებთან მოხვედრა პრობლემატურია, რადგან მათი რაოდენობა მცირეა და პაციენტების დაკვირვება-მკურნალობის პოროცესს  ვერ აუდიან, რაც  ცოტა ხარვეზებს იწვევს. თითოეულ ოჯახის ექიმს, დაახლოებით 1500-2000 პაციენტი ჰყავს.  მართალია, აქ გვაქვს  სირთულეები,თუმცა, პირველადი დახმარების სისტემა  კარგად მუშაობს  და პაციენტს მაინც აქვს საშუალება, ადეკვატური სამედიცინო დახმარება მიიღოს.


-ბატონო დავით, ბევრ ქვეყანაში გიმუშავიათ,  ალბათ, პაციენტების ქცევა მათი კულტურიდან გამომდინარე, ყველგან სხვადასხვანაირი იყო.  ხომ არ გაგიჭირდათ ამ განსხვავებულობასთან შეგუება და  როგორია ესტონელი პაციენტების დამოკიდებულება ექიმის მიმართ, ეგრეთწოდებული “პატივისცემის”გამოვლენა   თუ ახასიათებთ?

 - ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას რაც შეეხება, ამ ნაწილში   ესტონეთს ფანტასტიურად შევეწყვე. მე წლების განმავლობაში რუსეთში ვმუშაობდი, სადაც  საშინელებები ვნახე. მსგავსი კორუფციის შემდეგ აქაურობა სამოთხედ მომეჩვენა.

 საბჭოური წლების გავლენა, ყველა ყოფილ წევრ-ქვეყანას გადმოგვყვა რაღაც კუთხით, ეს ჰონორარების მანკიერი სისტემაც აქედან შემორჩა. ესტონელი ხალხი იმიტომ იმსახურებს პატივისცემას,რომ ყველა ცუდი ისტორიული გამოცდილება დაივიწყა. ესტონელი პაციენტი დარწმუნებულია, რომ თავის მკურნალ ექიმს მაღალი ანაზღაურება აქვს და დამატებით ფინანსებს არ საჭიროებს. ადამიანური დამოკიდებულება და რაღაც ტკბილეულის მოკითხვა სჩვევიათ, თუმცა ჰონორარების სისტემა მათთვის წარმოუდგენელია.

არც ექიმი  ფიქრობს დამატებით შემოსავალზე, რადგან ის მართლა კარგად ანაზღაურებადია.


 - როგორი მიდგომაა მიღებული ესტონეთში სამედიცინო ეთიკის თვალსაზრისით?

-ეს საკმაოდ დელიკატური თემაა. ორი აზრი არ არსებობს, რომ ექიმი თავისი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანური სითბოსა და მზრუნველობის გამოვლენაც მნიშვნელოვანია, რაც ქართველ ექიმებს, ჩვენი გენეტიკიდან გამომდინარე, არა გვესწავლება. ჩემი გამოცდილებით რომ შევადარო, ესტონელი ექიმები იმიჯს მხოლოდ პროფესიონალიზმით იკეთებენ, ხოლო საქართველოში ზოგიერთ მედიკოსი ფონს ადამიანური თვისებები ხარჯზე გადის და პროფესიულად მოიკჭლებს. აქ არ არის აუცილებელი ექიმი თან  გადაგყვეს, მთავრია, პროფესიულად მაღალ დონეზე მოგემსახუროს. თანამედროვე მიდგომის მიხედვით, პაციენტსა და ექიმს შორის უფრო ღია ურთიერთობაა, ექიმი ვალდებულია, ყველაფერზე დაუფარავად ესაუბროს ავადმყოფს და ბუნებრივია, ამ პროცესში პაციენტთან მეგობრული დამოკიდებულება საჭიროა, მაგრამ ამას თავისი ზღვარი აქვს.


- პროფესიული საქმიანობა საკმაოდ ახალგაზრდამ დაიწყეთ და უკვე დიდი გამოცდილება გაქვთ. თქვენი პროფესია ძალიან გაახალგაზრდავდა, უმცროს კოლეგებზე  რა აზრის ხართ?

-იცით, პროფესიულ გამოცდილებას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ თანამედროვე  შესაძლებლობები და ინფორმაციასთან წვდომა ახალგაზრდებს ეხმრება, უფრო სწრაფად განვითარდნენ.  ჩემი რეზიდენტები ბევრ რამეში მე  მჯობიან.


- როგორ აისახება ექიმზე წარუმატებელი შემთხვევები, რას განიცდით, როდესაც პაციენტის გადარჩენას ვერ ახერხებთ?

-გულწრფელი ვიქნები, ყველა გარდაცვლილი პაციენტი ექიმს შეიძლება არ ახსოვდეს, გარკვეული დროის მერე ადამიანურ დანაკარგსაც ეჩვევი.

ზოგადად, ლეტალობა ჩვენი პროფესიის განუყოფელი ნაწილია და იმ წუთში ექიმის არ აქვს უფლება,  სტრესში ჩავარდეს, თუმცა ეს შემთხვევები გონებაში რჩება, რასაც  გარკვეული დროის მერე თავისი ნეგატიური შედეგი მოაქვს. 

 მე პირადად, სტრესულ სიტუაციაში არასდროს ჩავვარდნილვარ, ძალიან რთულია, მაგრამ როგორღაც ვახერხებ, პროფესიამ გამომაწრთო.


-  გაიხსენეთ სამედიცინო შემთხვევა,რომელიც მძაფრად გახსოვთ.

- მოსკოვში მუშაობის დროს,  ჩემი კარიერის დასაწყისში, გარდამეცვალა პაციენტი, რომელთანაც  ვმეგობრობდი. რეანიმირება ვერ მოვახერხეთ და ჩემი გულის მასაჟით გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე მისი დაკარგვა,მაგრამ ამ შემთხვევამ გამაძლიერა და უფრო დაკვირვებული გამხადა.


-თქვენი ცხოვრების ათეული წელი მედიცინას მიუძღვენით, რა გავლენა მოახდინა პროფესიამ თქვენზე, და თუ გინანიათ ოდესმე ექიმობა?

- იცით, მე ჩემმა პროფესიამ როგორც ადამიანი, შემცვალა. ადრე უფრო მელანქოიუი, მგრძნობიარე და აფექტური ვიყავი, დროსთან ერთად ცივსისხლიანი გავხდი.

როგორც ყველა ადამიანს, მეც მქონია  კარიერაში რთული მომენტები,  მაგრამ ექიმობა ასი პროცენტით არასდროს მინანია, ალბათ პროფესიის სიყვარულის გამო.  ამ საქმით ბევრ ადამინს ვშველი და ვამაყობ ჩემი პროფესიით.


-რა ასაკში უნდა დაასარულოს კარდიოლოგმა  პრაქტიკული  საქმიანობა?         

- ეს დამოკიდებული მისი ცხოვრების ხარისხზე და შრომისუნარიანობაზე. ექიმმა უნდა იმუშაოს, სანამ შუძლია.


 - ბატონო დავით,  კარიერაში  ყველაზე რთული ეტაპი როდის გქონდათ?

- ბოლო პერიოდში  მომიწია კოვიდ განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობა,რაც პანდემიის სპეციფიკის და მაღალი ლეტალობის გამო, ფსიქოლოგიურად მარტივი არ იყო.


-რომ არ მოგცემოდათ ევროპის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის შანსი,  შეძლებდით იგივე  დროში კარიერულად ასეთ განვითარებას?

-დარწმუნებით ვიტყვი,რომ მე ასეთ გამოცდილებას საქართველოში ვერ მივიღებდი, რადგან აქ სულ სხვა შესაძლებლობებია. ყველა ქართველ ახალგაზრდას მოვუწოდებ, გარკვეული დროით მაინც გაემგზავრონ უცხოეთში გამოცდილების მისაღებად, გაიგონ როგორი სიტუაცია  და მიდგომებია სხვაგან, რაც განვითარებაში დაეხმარებათ.


-  პროფესიული დაფასების მომენტი სად უფრო იგრძენით?

- სამწუხაროდ, ესტონეთში შესაძლოა, ეს იმითაც იყოს განპირობებული, რომ საქართველოში დიდხანს არ მიმუშავია. ქართველები კარდინალურად განსხვავებული მენტალიტეტის მქონე ხალხი ვართ. ჩვენთან ჰიპერკომუნიკაციით იღლები და  ემოცურადაც გადატვირთული ხარ. აქ პირიქითაა, ურთიერთობის დაბალი ხარისხია და   კომუნიკაცია გჭირდება.  ჩამოსული ექიმები ბალანსის დაჭერას  ვახერხებთ. საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის პროცესში ბევრ გვერდით ფაქტორზე გიწევს ფიქრი,აქ კი ექიმს მხოლოდ თავისი საქმის შესრულება ევალება.


- საქართველოში ყველაზე მეტად რა გენატრებათ ?

-ვერ დაიჯერებთ,ისე მინდა ჩემს ქვეყანაში დაბრუნება და იქ მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ რთულია, მოვწყდე მ კომფორტის ზონას, სადაც ახალა ვარ, მაინც მინდა დაბრუნება.  არ ვიცი, რა სიტუაცია დამხვდება იქ, თუმცა, ბოლო ხანია დავიწყე ამაზე  ფიქრი და ამ საკითხზე მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ. მინდა, ჩემი გამოცდილება და სამეცნიერო მიღწევები საქართველოში  გამოვიყენო. მართალა მინდა. იქნებ, იქაც დავჭირდე ვინმეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია