დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„სათაფლიის ზღაპარი“ წლის ბოლოს ახდება?
2010/03/01 13:57:42

რამდენიმეწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ გადაწყდა: სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი თანამედროვე სტანდარტებით აღიჭურვება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და კომპანია BP-ის გენერალურმა მენეჯერმა ნილ დანიმ საგრანტო ხელშეკრულებას 25 თებერვალს, სათაფლიის ეროვნულ ნაკრძალში მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სათაფლიის ნაკრძალის ინფრასტრუქტურის პროექტის განხორციელებისათვის კომპანია BP   3,5 მილიონი დოლარის ღირებულების გრანტს გამოყოფს.

BP-ს გენერალური დორექტორის ნილ დანის განცხადებით: „BP და მისი პარტნიორები ძალიან მოხარულები არიან სათაფლიის ეროვნული ნაკრძალის რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებისა. ეს იყო შემოთავაზება გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან. ზოგადად ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი საქმიანობით ხელს ვუწყობთ გარემოს განვითარებას ასეთ დაცულ ტერიტორიებზე. ეს მოიტანს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში, რაც, თავისთავად, წაადგება მთლიანად საქართველოს მოსახლეობას და ქვეყანას.“

პროექტის ფარგლებში გაკეთდება სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ცენტრალური შესასვლელი, ვიზიტორთა ცენტრი, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობა. ასევე დაგეგმილია სათაფლიის კარსტული მღვიმის სავალი ბილიკის და საგამოფენო დარბაზის მშენებლობა. კოლხურ ტყეში სასეირნო ბილიკებისა და საპიკნიკე ადგილების მოწყობაცაა დაგეგმილი. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გოგა ხაჩიძის განცხადებით: „ამ პროექტის განხორციელებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შეემატება კიდევ ერთი, აბსოლუტურად ახალი ტიპის დაცული ტერიტორია. ინფრასტრუქტურის განვითარება ამ წლის ბოლოს უკვე დასრულდება. ეს არ არის ზღაპარი, როგორც დღეს ბევრს ჰგონია. ეს არის ზღაპარი, რომელიც წლის ბოლოს რეალობა იქნება. ის სტატისტიკური მონაცემები, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, გვაძლევს იმის საშუალებას დავასკვნათ, რომ სათაფლია იქნება ქართული ტურისტული ინფრასტრუქტურის მარგალიტი. მილიონწლიანი ისტორია, რომელიც აქამდე მოვიდა, ვგულისხმობ დინოზავრის ნაკვალევს და სათაფლიის მღვიმეს, - უნიკალურია და, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მრავალი წელი ძალიან ბევრი ტურისტი ეწვევა სათაფლიას. ბევრი ტურისტი კი მრავალი სხვა დამატებითი შემოსავლის წყაროა.“

სათაფლიის დაცული ტერიტორიის პროექტის პრეზენტაცია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შოვნაძემ გააკეთა. მისივე განცხადებით: „აქ მოხდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც მოიცავს განათებას, სპეციალური გახმოვანების მონტაჟს. დინოზავრის ნაკვალევი კი სპეციალურ შენობაში მოექცევა, რომელიც უზრუნველყოფს მის კონსერვაციას. აღნიშნულ შენობაში სპეციალური განათება და გახმოვანება დამონტაჟდება. აგრეთვე გაკეთდება საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილი იქნება, რა ხდებოდა ეტაპობრივად აქ მილიონი წლის მანძილზე. სათაფლიის ტერიტორიაზე ღია გაკვეთილებისთვის მოეწყობა ინფრასტრუქტურა. აქვე იქნება ადმინისტრაციული შენობა სასტუმროს ნომრებით. ქუთაისზე გადასახედი კი დაკიდული იქნება 500 მეტრის სიმაღლეზე, რომელიც მინის გამჭვირვალე ნაგებობა იქნება.“

ამდენად, დინოზავრის ნაკვალევი კიდევ ერთხელ გახდება ახალი ექსპერიმენტის საგანი, თუმცა პროექტის დაგეგმარების პროცესში  მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ ჩართული. „სპეციალისტები დინოზავრის ნაკვალევის აღდგენის და გადახურვის პროცესში ყველა დეტალს გაითვალისწინებენ, რათა ამ უნიკალური ნაკვალევის არსებული სახით შენარჩუნება მოხდეს,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორმა ზაალ კვანტალიანმა.   

დინოზავრის ნაკვალევის კონსერვაციაში მოქცევა ის პრობლემაა, რომელიც აქამდე მწვავედ იდგა. მინის გადახურული შენობა კი  ნაკვალევს ყინვისა და წვიმისგან დაიცავს. თუმცა რამდენად დაექვემდებარება უკვე დაზიანებული ნაკვალევი აღდგენას, სპეციალისტებს ამის პროგნოზირება უჭირთ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1471
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია