დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
როგორ აფასებენ ქუთაისში პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას?
2012/03/05 13:30:17

მიხეილ სააკაშვილი 28 თებერვალს საკაონმდებლო ორგანოში პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა, იგი დანიშნულ დროს, ზუსტად 20 სათზე გამოცხადდა და 50 წუთიანი სიტყვა წარმოსთქვა. შემდეგ დებატები გაიმართა. საპარლამენტ უმცირესობის წევრები პრეზიდენს რეგლამენტით გათვალისწინებული დროით ესაუბრებოდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, ყველა ის შეკითხვა დაესვათ, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს.

დიალოგი საკმაოდ მშვიდად მიმდინარეობდა, რომ არა „მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის“ ლიდერის, გია ცაგარეიშვილისა და „ქართული დასის“ თავმჯდომარის, ჯონდი ბაღათურიას გამოსვლები. ცაგარეიშვილს პრეზიდენტმა „უგუნური“ უწოდა, ხოლო ბაღათურიას კი სიტყვა შეაწყვეტინა და ტალახის აბაზანებში, მანდატურების დახმარებით, დაზილვის პერსპექტივა დაანახა. ბაღათურიამ სიტყვა რომ არ შეწყვიტა, პრეზიდენტმა რამდენიმე წუთით თავად დატოვა საკანონმდებლო ორგანო... გაზეთი „P.S.“ დაინტერესდა, როგორ შეაფასებენ პრეზიდენტის გამოსვლას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და თავად ნაციონალური მოძრაობის წევრები.
მამუკა მღვდელაძე, ახალი მემარჯვენეების თავმჯდომარე ქუთაისში: „ჩვენ, ახალ მემარჯვენეებს და მთელ საზოგადოებას, გვქონდა ერთადერთი კითხვა: რას აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ვადის ამოწურვის შემდეგ? ამას მან პასუხი არ გასცა. იგი მიჰყვება რუსულ მოდელს და 2013 წელს პრემიერ-მინისტრის სახით წარმოგვიდგება, ან პარლამენტის თავმჯდომარის სახით, თუ, საერთოდ, სხვა გეგმა აქვს? ის ძალიან ღიზიანდებოდა მისთვის არასასურველი კითხვების დასმისას. საერთო ჯამში, ვიტყვი იმას, რომ რაც აინტერესებდა ქართველ საზოგადოებას, მასზე პასუხი ვერ მიიღო.“

სამსონ გუგავა, ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის კოორდინატორი: „კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას უგროვდება, პრეზიდენტი პასუხს არ სცემს. ეს სააკაშვილის მარადიული პრობლემაა და მასზე ეს ანდაზა მახსენდება: „არ გათეთრდების ყორანი“. საზოგადოებას არ ეგონოს, რომ ის როდესმე ხალხზე იფიქრებს. თუ ხალხს უნდა, ამოისუნთქოს, ეს ხელისუფლება სამართლებრივი გზით უნდა გადავაგდოთ. ჩვენს წინაშეა მისი ლამის 15-წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობა, დაწყებული შევარდნაძის მთავრობიდან, დასრულებული - მისი პრეზიდენტობით. გააკეთა რაიმე ქართველი ხალხისათვის? - არც არაფერი. ჩვენ, ლეიბორისტული პარტია, პრეზიდენსტის გამოსვლისგან დიდს არაფერს ველოდით, იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აინტერესებს, პასუხს არ სცემს.“

დავით დვალი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ქუთაისში: „ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა პასუხი არ გასცა იმ კითხვებს, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატები მას მთელი სხდომის შედეგად უსვამდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დებატები შედგა. მნიშვნელოვანია თუნდაც ის ფაქტი, რომ 20 000 ოჯახს, რომელთაც გაუაზრებელი ჰიბრიდული სიმინდის კამპანიით, შეაძენინეს სიმინდი ბანკიდან გამოტანილი სესხებით, პრეზიდენტმა ჩამოაჭრა დავალიანება.“

ზურაბ წაქაძე, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე: „პრეზიდენტის გამოსვლა, ძირითადად, დამყარებული იყო ძალმომრეობაზე. ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის ტალახში გორაობის შეთავაზება, სხვა არაფერი არის, თუ არა - ძალმომრეობა. საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტმა თამამად განაცხადა, რომ ის 2013 წლის მერეც არსად წასვლას არ აპირებს“.

ჩვენი რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, რომ ჩაგვეწერა მმართველი პარტიის რომელიმე წევრი, მათაც შეეფასებინათ პრეზიდენტის გამოსვლა, უშედეგო აღმოჩნდა: ისინი კაბინეტიდან კაბინეტში, ერთმანეთისკენ გვამისამართებდნენ და გაზეთ „P.S.“-თან საუბარს თავს არიდებდნენ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1475
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია