დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქალაქი ხელისგულზე
2012/01/30 12:26:55

ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა - ქალაქებისა თუ სოფლების იერსახე, ადმინისტრაციული დაყოფა, ტოპონიმიკა... ადამიანმა შეიძლება ერთ დღეს საკუთარი სახლის მისამართი ვერ გაიხსენოს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ... მის ქუჩას სახელი შეუცვალეს, ან მითითებული მისამართი საერთოდ არ არსებობს და შეიძლება, ვერც ვერავინ მიგასწავლოს მისი მდებარეობა. სწორედ ამ და კიდევ ბევრი სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ბატონმა ვანო (ივანე) კაპანაძემ ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო მუშაობა ქუთაისის მობილურ რუკაზე. მას საკმაო გამოცდილება ჰქონდა საარჩევნო უბნებში მუშაობისა და კარგად მოეხსენებოდა, თუ რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული საარჩევნო სიებში ადამიანების გადამოწმება, კარდაკარ სიარული. ამას ისიც დაემატა, რომ  მოუწია კომერციულ სტრუქტურაში, კერძოდ, ტაქსების კომპანიაში მუშაობა.

„ეს იყო 2004-2005 წელი, ტაქსების კომპანიაში. მუშაობდნენ ახალბედა მძღოლები, რომელთაც ქუთაისის ქუჩები კარგად არ იცოდნენ, ამიტომ გვჭირდებოდა მობილური რუკები, რათა სწრაფად მიეყვანათ მგზავრი დანიშნულების ადგილზე, შესაბამისად - უფრო ადვილად მიაგნებდნენ ნებისმიერ ქუჩას.

დავიწყე მოძიება და აღმოჩნდა, რომ ქუთაისში ასეთი რუკის ზომებია სამი მეტრი სამ მეტრზე და, ამასთან ერთად, მასზე ყველაფერი აღნიშნული არ არის, ეს რუკა კი აქვს არქიტექტურის სამსახურს. ასეთი ზომებით რუკას ნამდვილად ვერავინ ატარებდა თან და ამიტომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა მობილური, უფრო მოსახერხებელი რუკა. ამის საჭიროებას კი რეალურად ვხედავდით. ამასთან ერთად,  უკვე  დაიწყო ტურისტული ბუმიც და ვიფიქრე, რომ ეს არა მარტო ქუთაისს გამოადგებოდა, არამედ - უცხო ადამიანსაც, რომელიც ქუთაისში ჩამოვიდოდა,“ - გვიამბობს ვანო კაპანაძე.

ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მას ჰქონდა იმ პერიოდისათვის, ერთად შეაჯერა და კომპიუტერულ პროგრამაში მოუყარა თავი.

იმისათვის, რომ დარწმუნებულიყო ყველა ქუჩის ადგილმდებარეობის და სახელწოდების სისწორეში, კარდაკარ სიარულსაც არ მოერიდა, საკუთარი თვალით გადაამოწმა თითოეული ქუჩა.

„რა თქმა უნდა, მომიწია კარდაკარ და კორპუს-კორპუს ფეხით სიარული, იგივე - თაბუკაშვილზე, იგივე - ავანგარდში და იყო ისეთი სიტუაციაც, რომ ბევრ სახლს არ აწერია მისამართი, ვინც ცხოვრობს, იმან კი იცის, სად ცხოვრობს, მაგრამ მის მეზობელს რომ ჰკითხოთ, ვერ გეტყვით მეზობლის ბინის ნომერს და მისამართს, მას რომ არაფერში სჭირდება. თან ეს ნომრები არეულია.“

ამ ყველაფრის გადამოწმების შემდეგ საქმე დიზაინის შერჩევაზე მიდგა.  გასაფორმებლად მაშინდელი ქუთაისის ფოტოები გამოიყენა. რუკაზე ნახავთ, როგორც ქუთაისის, ასევე მის ახლომდებარე, ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების ფოტოებს, მათ შორისაა - სათაფლიის, გელათის, გეგუთის, მოწამეთის შთამბეჭდავი სურათები.

„შეიძლება  შემდეგ ეს ისტორიასაც გამოადგეს. იმიტომ, რომ ახლა  ბევრი რამე შეიცვალა. რუკის ეს გვერდი არის სუფთა ტურისტული გვერდი. შემდეგ, როცა იშლება რუკა, აქ წარმოდგენილია ტაძრები, რომელიც ქუთაისში საკმაოდ არის და, ღმერთის წყალობით, კიდევ დაემატა. ყველა ტაძარი არის მინიშნებული, რომელი საუკუნისაა, სად მდებარეობს ამ რუკის მიხედვით, რომ მიაგნოს ადვილად ადამიანმა. შემდეგ მოდის უკვე ქუჩები,“ - გვიამბობს ბატონი ვანო.

ერთი შეხედვით რუკას საკმაოდ პრაქტიკული და საინტერესო დიზაინი აქვს. როგორც ავტორმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, იმდროინდელი ყველა ქუჩა არის შეტანილი რუკაზე. 2007 წლის მერე ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბევრ ქუჩას და შესახვევს შეუცვალა სახელი, მაგრამ ძირითადი, რაც იმ დროისთვის იყო, ყველა დატანილია რუკაზე. ასევე, იმ ქუჩების შემთხვევაში, რომლის დასახელებაც შეცვლილი იყო იმ დროისათვის, რუკაზე ორივე სახელწოდებაა დატანილი.

„რეალურად, ზოგ ადამიანს პირადობაში უწერია ადრინდელი სახელები, მინდოდა  გამოსაყენებელი  ყოფილიყო  ქუთაისელთათვის   და  აქ   მოღვაწე ნებისმიერი სექტორისათვის, რომლებიც მოძრაობენ ქუთაისში. ანბანის მიხედვით არის ეს ყოველივე შეტანილი. ახლა გარკვეული ცვლილებები განიცადა ქუჩებმა. ახლა ვამუშავებ უკვე, რაც შენიშვნები მაქვს კიდევ და, ღმერთის წყალობით, თუკი ყველაფერი კარგად იქნა, გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ იგივე პარლამენტის გადმოტანით, ბევრი რაღაც შეიცვლება, რაც მქონდა გამორჩენილი, იმასაც ჩავამატებ და  სურათებსაც თანამედროვე ხედებით გავაკეთებ.

ძალიან მიხარია, როცა სხვადასხვა დაწესებულებებში მიწევს შესვლა და ვხედავ, რომ ჩემი რუკით სარგებლობენ.“

ბევრმა არც კი იცის, რომ ეს პატარა, მაგრამ ბევრის მომცველი რუკა ვანო კაპანაძისაა. თუმცა, მისთვის ისიც კი სასიამოვნო ფაქტია, რომ მის რუკას თანაქალაქელები იყენებენ.

ავტორს სურვილი აქვს, რომ ახალი რუკა ისეთი გამოვიდეს, ქუთათურებისათვის სასაჩუქრე ნივთსაც წარმოადგენდეს. თუნდაც ყოველ ოჯახში იყოს ეს რუკა და ჩამოსულ ტურისტს სიამაყით გადასცენ, რათა სტუმარს სამახსოვრო საჩუქრად დარჩეს ქუთაისი - ისტორიული ხედებითა და მრავალრიცხოვანი ქუჩებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია