დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პალიკო კუბლაშვილის მიმართვა პოლიციელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/09/03 16:14:55

პარლამენტარმა პალიკო კუბლაშვილმა დღეს ღია წერილით მიმართა პოლიციელებს. გთავაზობთ მის მიმართვას სრულად.


ამ წერილის ადრესატი არის ყველა ის პოლიციელი, რომლისთვისაც „ვემსახურები საქართველოს“ არის გაცნობიერებული არჩევანი იდგეს ჩვენ ქვეყანაში წესრიგის სადარაჯოზე, დაიცვას საზოგადოება, დაიცვას საზოგადოების თითოეული წევრი, იბრძოლოს კრიმინალის წინააღმდეგ.


ყველას კარგად გვახსვს 90-ანი წლები, მილიციის შენობებზე ჩამოკიდებული რკინის კარები და გისოსები, რომლებიც ხშირად ვერც კი იცავდა თვითონ მილიციელებს ძალადობისგან. გვახსოვს მილიციელების ესკორტით როგორ მიაცილებდნენ კანონიერ ქურდებს. გვახსოვს კრიმინალის და ნარკომანიის ბატონობა ქუჩაში და მის წინაშე უძლური საბჭოთა მილიციის გადმონაშთი. წვრილმანი კრიმინალით აწიოკებული ქალაქები და სოფლები. თაობები რომლებიც ქურდული მენტალიტეტისადმი ერთგვარი რომანტიზმით იზრდებოდნენ და რომელთათვისაც კრიმინალური ავტორიტეტები ყველაზე მისაბაძი პერსონები იყვნენ, ხოლო პოლიციელობა ყველას ეთაკილებოდა.


მაგრამ გვახსოვს ისიც რომ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ნება გაჩნდა, საბჭოთა მილიცია ჩაანაცვლა თანამედროვე ევროპული სტანდარტების პოლიციამ; „გაი“ - პატრულმა; რკინის კარებები გამჭვირვალე შუშის შენობებმა შეცვალა. გვახსოვს როგორ შემცირდა კრიმინალი, როგორ დასრულდა ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების ბატონობა და როგორ აღმოჩდნენ ისინი გისოსებს მიღმა. გვახსოვს განცდა რომ აღარავის ეშინოდა ქუჩაში მანქანის ან თუნდაც სახლის კარის ღია დატოვება. ყველგან გვესმოდა ფრაზა „ბავშვის გარეთ გაშვება აღარ გვეშინია“, ეს რიგითი მოქალაქეების, მშობლების ფრაზა იყო; იმათი ვისაც არავინ იცავს ქართული პოლიციის გარდა. პოლიციელი აღარ იყო მტერი საზოგადოებისთვის, პოლიციელის სტატუსი საამაყო გახდა და ნდობაც პოლიციის ინსტიტუტის მიმართ უპრეცედენტოდ გაიზარდა.


ხაზგასმით, მოკრძალებით და დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ, პოლიტიკური ნება ვერ მოიტანდა შედეგებს კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ არა თითოეული თქვენგანის, რიგითი პოლიციელების, ოფიცრების ყოველდღიური დაუღალავი შრომა, რომ არა თავგანწირვა რომლის მაგალითიც არაერთი იყო, რომ არა ის მსხვერპლი, რაც ქართველმა პოლიციელებმა გაიღეს კრიმინალის და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში.


სამწუხაროა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პოლიციის მნიშვნელობას და თავისი რიტორიკითა თუ ქმედებით ხშირად ცდილობს გააუფასუროს ყველაფერი ის რაც გაკეთდა წინა წლებში კრიმინალის შესამცირებლად. მესმის რას ნიშნავს პოლიციელისთვის რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ყველაზე ხშირად ხდება საზოგადოებაში დაცინვის ობიექტი, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ირონია, დაცინვა არ ეკუთვნის არცერთ თქვენგანს. საზოგადოება ისევ თქვენში ხედავს წესრიგის იმედს. დღეს, როდესაც ვხედავთ რომ უკვე გამოჩნდა ვიდეოები როგორ ცდილობენ მოზარდებისთვის ქურდული გარჩევების უნარ ჩვევების ჩამოყალიბებას, როდესაც დედაქალაქის ცენტრში შეიარაღებული გარჩევებია, როდესაც გახშირდა სისხლიანი ინციდენტები და ანგარიშსწორებები ბარებსა და რესტორნებში, გახშირდა ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები, როდესაც ახალგაზრდებისთვის ციხეში ჩაჯდომა თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად კვლავ იქცა ,,ქურდული კარიერის’’ დასაფასებელ და აუცილებლად გასავლელ ეტაპად, დღეს, ისე როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება თქვენი თავდაუზოგავი სამსახური; ისე როგორც არასოდეს, საზოგადოება მოელის რომ თქვენ, საქართველოს პოლიციელები ყველაფერს გააკეთებთ მოქალაქეების დასაცავად.


თქვენი ბრძოლა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენი დამარცხება კრიმინალთან ბრძოლაში, ნიშნავს რომ მშობლებს კვლავ გაუჩნდებათ შიში თავიანთი შვილების მომავლის, საქართველო ვეღარ იქნება გამორჩეული უსაფრთხოების კუთხით ვერც ტურისტებისთვის და ვერც ინვესტორებისთვის. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დასასრულის დასაწყისს.


ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ქართულ საზოგადოებას თქვენ ეამაყებით, თქვენი სჯერა და თქვენი იმედი აქვს!

პავლე კუბლაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია