დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სახიფათო თამაშები
2012/01/16 12:57:08

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ გაცილებით მწვავედ და-აყენა ხელისუფლების შენარჩუნების საკითხი „ნაციონალთათვის“, ვინემ ამას ჰქონდა მანამდე ადგილი. ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები ასახელებენ მილიონებს, რითაც თურმე მილიარდერი ივანიშვილი ოპოზიციას აფინანსებს და ა.შ. საზოგადოების თვალში დისკრედიტაციისათვის ხელისუფლება ივანიშვილს რუსეთის, - პუტინის ინტერესების გამტარებლად აცხადებს. ნატოელ პოლიტიკოსთან ბოლოდროინდელი თანმიმდევრული ვიზიტებიც (საფრანგეთის პრეზიდენტის, ნატოს გენერალური მდივნის, აშშ კონგრესმენთა და სხვათა) გამოხმაურება იყო ივანიშვილის სახით რუსეთისაგან (თუნდაც მანიპულირებისა (ამაზე ქვემოთ).

 

 

რა თქმა უნდა, კონკრეტული პირებით არ იფარგლება რუსეთის ფაქტორი, არამედ იმ პოტენციალით, რაც მას მოეპოვება. კონკრეტული პირები საერთო მონახაზის (გეგმის) მხოლოდ შემადგენელი ნაწილია. კრემლის პოლიტიკურ სამზარეულოში ჩახედვა მხოლოდ მის მესვეურთ ხელეწიფებათ, მაგრამ სავსებით შეიძლება, ყურადღება გავამახვილოთ გარკვეულ მხარეებსა და ნიშნებზე. როგორც ასევე ცნობილია, მათ (რუსებს) ამოძრავებთ იმპერიის ყოფილი ტერიტორიების დაბრუნება (სახელებს  არ  აქვს  მნიშვნელობა: „საბჭოეთი“,  „თანამეგობრობა“ თუ ა.შ.). სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს იმის განსაზღვრა, რომ ამ გზაზე რუსეთი ერთდროულად რამდენიმე ფრონტს ჰქმნის: მედვედევის ამასწინანდელი განცხადებები 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, ასევე - ქ. კალინინგრადში სარაკეტო სისტემის გაძლიერებაზე, თავისთავად მოასწავებს სიგნალს, მუქარას, რომ მათთან ურთიერთობას სიფრთხილით მოეკიდონ და დაიძრა კიდეც  სიტყვა „ცივი ომის“ შესაძლო დაბრუნებაზე. თავის მხრივ, რა ხანია გაჩაღებულია მსოფლიო ინფორმაციული ომი I ანტირუსული კამპანია. ერთი რამ უდავოა: რაც უფრო ეთმობა ადგილი ამ უკანასკნელ გარემოებას, მით უფრო ესმება ხაზი მოსალოდნელ საფრთხეს.

რაც შეეხება მანიპულირებას, პარალელურად (ფრონტის სახით) რუსეთი ასევე გამოდის მშვიდობის ინიციატივით, რაზეც სწორედ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა მეტყველებს: როგორც ვიცი, ის იბრძვის ხელისუფლებისათვის არჩევნების გზით. ნიშანდობლივია ისიც, რომ მისი პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, უწმინდესი და უნეტარესი მოსკოვში იმყოფებოდა.

ფაქტია, რომ დღევანდელი რუსეთის ფესვები პუტინის პრეზიდენტობიდან (2000 წლიდან), ანუ როგორც ხელისუფლება უსვამს ხაზს, პუტინის რუსეთიდან მომდინარეობს: ამ გადასახედიდან თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ის იმთავითვე, ზემოაღნიშნული მიზნისათვის მივიდა ხელისუფლებაში, დანარჩენი კი დროის ფაქტორზე იყო დამოკიდებული. ცხადია, ამერიკელებმა დროულად იგრძნეს, რომ მისი სახით რუსეთს ძლიერი პიროვნება მოევლინა, რომელიც პრინციპულად არ გავდა გორბაჩოვსა და ელცინს თავიანთი შეცდომებით. ამ მხრივ (წერილის არსიდან გამომდინარე) საჭიროა წარსულის უკეთ  გადახედვა:  საერთოდ, „საბჭოთა კავშირის“ დაშლა იყო ცივი ომიდან დიპლომატიურზე გადასვლა, და სწორედ იმავე დიპლომატიაში მოიკოჭლეს ელცინმა და გორბაჩოვმა. აქ არის ერთი ასპექტი: ფაქტობრივად, დაიშალა არა სივრცე, არამედ - სისტემა, მმართველობის ფორმა (ამაზე ქვემოთ). თბილისში რეიგანის ძეგლის გახსნისას სააკაშვილმა „საბჭოეთის“ დაშლა მას დაუკავშირა. ჯერ ერთი, ცივი ომი დასრულდა, „საბჭოთა“ სისტემა დაიშალა არა რეიგანის პრეზიდენტობის დროს, არამედ - უფროსი ბუშისა, როცა გორბაჩოვმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, მანამდე კი ზღვისპირა საკურორტო ქალაქ რეიკიავიკში მხარეებმა (გორბაჩოვმა და ბუშმა) მიაღწიეს შეთანხმებას.  პროცესი  დაიწყო  რეიგანის  დროს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკა და დასავლეთი წლების მანძილზე (უძრაობის პერიოდში) მრავალ ფრონტზე ებრძოდნენ „საბჭოთა კავშირად“ წოდებულ რუსეთს, ამდენად, მათ გარკვეული როლი ითამაშეს ამ მხრივ, მაგრამ არა - გადამწყვეტი. სისტემის დაშლა კი არის უშუალოდ რუსების „დამსახურება“. მართალია, ეს ჩვენი სუბიექტური აზრია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მისვლით შეიცვალა მთავრობა, რასაც ყინულის ლღობა მოჰყვა.

თავის ერთ-ერთ განცხადებაში პუტინმა „საბჭოეთის“ დაშლა გორბაჩოვის შეცდომად დაასახელა. ალტერნატივა არც შეიძლება არსებობდეს, რომ გორბაჩოვის და შემდგომ ელცინის ხელისუფლებამ ვერ გაართვეს თავი საერთო ვითარებას, თუმცა, გარკვეულწილად, შეინარჩუნეს გავლენის სფეროები (რეიკიავიკის  შეთანხმება). კერძოდ, თუკი სისტემის დაშლაში გადამწყვეტი როლი ამერიკელებმა ითამაშეს, რატომ დაუშვეს მათ „საბჭოთა“ სივრცის სახეცვლილება (რასაც ზემოთ გავუსვით ხაზი)? - საუბარია რუსეთის პროექტზე: - „ახალ სამოკავშირეო   ხელშეკრულებაზე“, ანუ „დამოუკიდებელ  სახელმწიფოთა  თანამეგობრობაზე!“ აქედან გამომდინარე, რუსეთმა გაათავისუფლა მხოლოდ ე.წ. „სოციალისტური ბანაკი“ - ვარშავის ხელშეკრულებაში შემავალი აღმოსავლეთ ევროპა, განახევრებული გერმანია და „საბჭოთა კავშირიდან“ ბალტიისპირეთის ქვეყნები (როგორც აღმოსავლეთ ევროპის ორგანული ნაწილი).

ამდენად, აშკარაა, რომ ბოლო თერთმეტი წელი რიგი ფაქტორების ფონზე: „ვარდებისა და ნარინჯის რევოლუციები“ (მით უფრო - იუშენკოს პროდასავლური ხელისუფლება შეიცვალა იანუკოვიჩის პრორუსულით), 2008 წლის აგვისტოს, ასევე შუა აზიაში განვითარებული მოვლენები იყო მხარეთა შორის ურთიერთობის გამწვავების პერიოდი, რაც კულმინაციას აღწევს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ევრო კრიზისს განიცდის, ვითარება კი ცივი ომის ზღვარზე დგას!

გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთს ხავერდოვან რევოლუციას თუ არაბულ გაზაფხულს „უწინასწარმეტყველებენ“. პარალელურად, რუსეთში ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს და განმეორებით ჩატარებას ითხოვს, არჩევნებით ასევე უკმაყოფილოა ამერიკის ადმინისტრაციაც. არც ისაა გამორიცხული, რომ გარკვეულწილად ოპოზიცია მართვადი იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

რაც შეეხება „წინასწარმეტყველებას“, ეს არის „ტაქტიკა“, რაც თავის მხრივ დასმულ კითხვაზე სცემს პასუხს - ისინი ღიად არ ამბობენ, რასაც ვიწრო წრეში აღიარებენ, რომ პუტინის რუსეთმა შეიძლება დაუშვას ცხელი წერტილები (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ), მაგარმ არ დაუშვებს ხელისუფლების დაკარგვას, ეს კატეგორიულად გამორიცხულია. მთელი ეს პროცესები ერთი პიროვნების მხრიდან არ არის ავანტიურა. ასე რომ იყოს, ვითარება აქამდე არ მოვიდოდა - სახელმწიფოს ერთპიროვნული ლიდერი, რომელსაც „ველიკო რუსული დერჟავის“ დაბრუნება განუზრახავს, ვერ შეუჩერებიათ. წავა კი ამერიკა ამა თუ იმ რეგიონის (საქართველო თუ ა.შ.) გამო მათთან ღია დაპირისპირებაზე (და არა მხოლოდ კრიტიკულ გამოსვლებზე, თუნდაც სახელმწიფოს მოხელეთა მხრიდან)? 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა ყველაფერს დაარქვა სახელი. ტერმინი „ოკუპანტი“  უკვე წერტილს სვამს იქ. სადაც ისმევა, რითაც ჩრდილში დგება დანარჩენი ფასეულობები, საერთოდ, დემოკრატია (თუ კი არსებობს ასეთი). რუსეთს გააჩნია ბერკეტები, პოტენციალი - დაიბრუნოს აღნიშნული ტერიტორიები, წინააღმდეგ დაუშვას ცივი ომი!

რაც შეეხება ამერიკას და დასავლეთს, მართალია, თავის დროზე დემოკრატიის იმიჯით სარგებლობდნენ, მაგრამ რიგმა პროცესებმა უკეთ გამოკვეთა ფერები, სახეები: ჯერ ერთი, ბავშვებივით დაპირებებს გვაჯერებენ, მეორეც, როცა ჩვენ „ნაიცონალები“ ოკუპანტებზე გვიკიჟინებდნენ, პარალელურად, იმავე ოკუპანტებთან იგივე ამერიკა და დასავლეთი თანამშრომლობდნენ, ახლა კი თავადაც გულმწყრალნი არიან მათზე, მაგრამ არა საქართველოსთვის, არამედ - სწორედ საქართველოს დაკარგვის საშიშროების გამო!

თავის მხრივ, მართალია, „ვარდების რევოლუციის“ პირობებში მიმდინარეობს პროცესი, რასაც, პირობითად, „აღმშენებლობა“ შეიძლება დავარქვათ, პირობითად, რადგან ერთია კოსმეტიკა, მეორე - იმავე კოსმეტიკის შინაგანი მხარეები. დაპირებების მხრივ კი წინამორბედნი უფრო დახელოვნებულნი იყვნენ „კომუნიზმით“. ერთიცაა, რის საფუძველზე მიმდინარეობს „აღმშენებლობა“ - მომავლის რწმენის, თუ ვარაუდის? თუ რწმენასთან გვაქვს საქმე, საკითხავია - როგორთან, რადგან 2006 წელს სააკაშვილმა განაცხადა, 2008 წელს საქართველო ნატოში შევაო. ამასაც გვინდა გავუსვათ ხაზი: როგორც ვიცით, პრეზიდენტი ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარს ეუბნება, მაშინ, როცა გადამთიელთ ფეხის ერთი დადგმით აძლევს მოქალაქეობას. ეს არის  პრეზიდენტისგან დაწვრილმანება, რადგან, თუ კი ივანიშვილისათვის მოქალაქეობის საკითხი გადაულახავ ბარიერად იქცა, მაშ, სადღაა სააკაშვილის ნაქები დემოკრატია?

მომავალი ღმერთმა იცის. მართალია, ივანიშვილი პოლიტიკურად უცნობი იყო, მაგრამ რა ხანია ცნობილი გახდა („ვარდების რევოლუციამდე“), როგორც წარმატებული ბიზნესმენი და, რაც მთავარია, ქველმოქმედი, ამდენად, მისი მოღვაწეობა, ვფიქრობთ, სასიკეთო ნაყოფს გამოიღებს!

 

აკაკი გვარაკიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1289
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია