დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ხელისუფლება სამი ვიცე-მერით გაძლიერდა...
2011/07/04 12:30:19

ახალი თვე ცვლილებებით დაიწყო. ამიერიდან ქუთაისის მერს სამი მოადგილე ეყოლება. 1 ივლისს გიორგი თევდორაძემ ვიცე-მერები ჟურნალისტებს წარუდგინა.

როგორც ჩანს, მიხვდა ქალაქის თვითმმართველობა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობების ხარისხი ვერცთუ მთლად მაღალი დონით დაიკვეხნის - ამ მიმართულებით კონტროლის დაწესება ახალ ვიცე-მერს დაეკისრება. ეს თანამდებობა საგანგებოდ შეიქმნა და იგი ირაკლი ჯიქიას საკუთრება გახდა. მერის ახალი მოადგილე ახალ კაბინეტში სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელობიდან მოხვდა. „მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალაქში დაწყებული ყველა პროექტი წარმატებით დასრულდეს და ჩაბარდეს საზოგადოებას. მე პირადად გავაკონტროლებ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას,“ - განაცხადა ირაკლი ჯიქიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცვლილება არ შეხებია ქალაქის ახალგაზრდა, თბილისელ ვიცე-მერს დავით ანდღულაძეს, დავით გორდელაძის ფუნქცია-მოვალეობას კი ამიერიდან ქალაქის ყოფილი მერი ნიკო კაჭკაჭიშვილი შეასრულებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ვიცე-გუბერნატორობიდან მოხვდა. „არამგონია, ეს ცვლილება ჩემი დაქვეითება იყოს, აქ არ არსებობს მეორეხარისხოვანი პოსტი და ყველა თანამდებობა ერთნაირად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა ქალაქისთვის. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება,“ - განაცხადა ნიკო კაჭკაჭიშვილმა, რომელიც ამიერიდან ქალაქის კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროს გააკონტროლებს (როგორც ჩანს, ამავე მიმართულების სამსახურის ახალგაზრდა ხელმძღვანელს ასევე, ახალგაზრდა ყოფილმა ვიცე-მერმა სათანადო კონტროლი ვერ გაუწია). დავით გორდელაძე კი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობას დაიკავებს (კონკრეტულად სად, ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი თევდორაძეს არ დაუსახელებია).

„2012 წლისთვის ქალაქის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას. როგორც იცით, ქუთაისმა მიიღო მეორე დედაქალაქის სტატუსი და ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი. ვიცე-მერის თანამდებობის დამატებისა და განახლების მიზეზი ის არის, რომ გვინდა, ამ ცვლილებებით ჩვენი შემადგენლობა უფრო გავაძლიეროთ, “ - აღნიშნა ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ.

თანამდებობებზე ახალდანიშნულმა ვიცე-მერებმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას ცალ-ცალკე, მაგრამ მაინც ერთხმად გამოხატეს მადლიერება გუბერნატორისა და თავიანთი უშუალო ხელმძღვანელის მისამართით, მათ მიმართ გამოხატული მაღალი ნდობის გამო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1378
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია